ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გენპროკურორი მისი მოადგილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება


ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა განაცხადა, რომ მას მტკიცედ სჯერა საკუთარი მოადგილის - როდ როზენსტაინის. ეს განცხადება მან იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რესპუბლიკელი კანონმდებლების კონსერვატული ბლოკი მისი მოადგილის იმპიჩმენტს მოითხოვს.

ამის შესახებ სეშენსმა ბოსტონში ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ სჯობს, კონგრესმა უშუალოდ საკანონმდებლო საკითხებზე მიმართოს ყურადღება, მაგალითად, იმიგრაციის თემაზე, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს.

წინა დღეს, წარმომადგენელთა პალატის 11-მა რესპუბლიკელმა წევრმა როზენსტაინის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ გენპროკურორის მოადგილე მათ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს არ უზიარებს და საკმარის ინფორმაციას არ აწვდის.

როზენსტაინი რობერტ მალერის გამოძიებას ზედამხედველობს და ის პრეზიდენტ ტრამპის და მისი გულმხურვალე მხარდამჭერი კანონმდებლების თავდასხმის სამიზნე გახდა. იმპიჩმენტის საკითხს ეწინააღმდეგება წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი პოლ რაიანიც. გენპროკურორის მოადგილის იმპიჩმენტისთვის საჭირო კენჭისყრა კონგრესში ჯერ არ ჩანიშნულა და გინდაც პროცედურა დაიწყოს, ეს მალე მაინც არ მოხდება, რადგან სენატორები და კონგრესმენები ახლა ზაფხულის შვებულებაში გადიან. კანონმდებლები ორივე პალატიდან საქმიანობას 5 კვირით წყვეტენ და სამუშაოს სექტემბერში დაუბრუნდებიან.

როზენსტაინი მალერის გამოძიებას მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც სეშენსმა ეს საქმე აირიდა - რადგან მას თავად ჰქონდა საარჩევნო კამპანიისას კონტაქტი რუსეთის ელჩთან ვაშინგტონში. როზენსტაინმა სწორედ მაშინ დანიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რობერტ მალერი საგანგებო გამოძიების ხელმძღვანელად იმის დასადგენად, ჰქონდათ თუ არა კავშირი ტრამპის კამპანიის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთთან კავშირი.

სპეციალურმა გამომძიებელმა ასევე უნდა დაადგინოს, დასაბუთებულად და სამართლიანად გაათავისუფლა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი, გამოძიების ფედერალური ბიუროს მაშინდელი ხელმძღვანელი თანამდებობიდან. ჯეიმს კომი გათავისუფლების მომენტში სააგენტოში მიმდინარე რუსეთთან დაკავშრებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

ამ დროისთვის მალერის გამომძიებელთა გუნდმა 32 ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის რამდენიმე ადამიანი ტრამპის კამპანიის წევრი იყო. პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდის წევრები გამოძიებას ხშირად აკრიტიკებენ და მას "კუდიანებზე ნადირობად" აფასებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს იმას, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს რუსებთან რაიმე კავშირი ჰქონდათ იმისთვის, რომ ეს უკანასკნელნი ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.

კონგრესმენი მარკ მედოუსი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გენპროკურორის მოადგილის იმპიჩმენტს მოითხოვს. მისი თქმით, როზენსტაინი "გამუდმებით უმალავს კონგრესს ინფორმაციას" და ამის მოთმენა აღარ შეიძლება. იმპიჩმენტის კიდევ ერთი მომხრე, კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი კი ამბობს, რომ შეუძლებელია ამერიკელი ხალხისთვის პასუხების მიწოდება, თუკი თავად კანონმდებლები ვერ მიიღებენ როზენსტაინისგან ინფორმაციას. "მისი იმპიჩმენტის დროა!" - ამბობს ჯორდანი.

იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მან კანონმდებლებს მათ მიერ მოთხოვნილი ძალიან დიდი ინფორმაცია გადასცა.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წამყვანი დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენის დაცვის მცდელობაა. "როზენსტაინის იმპიჩმენტის მცდელობა არის მხოლოდ იმის დასტური, თუ რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა რესპუბლიკელ კონგრესმენებს ტრამპის დასაცავად. ისტორიას დაამახსოვრდება ამ კონგრესმენების სახელები, რადგან ისინი ამ თაობაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული, ყველაზე სერიოზული დარტყმის თანამონაწილენი არიან", - ამბობს შიფი.

კონგრესის დემოკრატი წარმომადგენლების ლიდერი ნენსი პელოსი კი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რესპუბლიკელები უგულებელყოფენ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს, თავს ესხმიან მალერის გამოძიებას და კანონის უზენაესობისგან იცავენ პრეზიდენტ ტრამპს, დემოკრატები ამ დროს ახალი სანქციების შესახებ მოითხოვენ კენჭისყრას, რომელიც მიმართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც ამერიკის არჩევნებზე თავდასხმას გაბედავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG