ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი აშკარად ცდება - ჯორჯიის არჩევნების ხელმძღვანელი


ბრედ რეფენსპერგერი, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "უბრალოდ, აშკარად ცდება", როცა ის ჯორჯიის არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობს - განაცხადა დღეს პრეზიდენტის თანაპარტიელმა, ბრედ რეფენსპერგერმა - ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა. განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას, "ვაშინგტონ პოსტმა" მისი და პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ შაბათს, ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - უთხრა პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს, თან უმეორებდა, რომ ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა.

ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატის სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ეი-ბი-სის", სადაც თქვა, რომ პრეზიდენტთან გამართულ თითქმის ერთსაათიან საუბარში აშკარად ჩანდა, რომ ტრამპს კვლავ სჯერა უსაფუძვლო თეორიების, თითქოს ამერიკაში არჩევნები გაყალბდა და ჯორჯიაში ბაიდენისთვის საარჩევნო კოლეგიის 16 წევრის ხმის გადაცემა შეცდომა იყო.

"უმეტესად ის საუბრობდა. ჩვენ კი ვუსმენდით" - აღნიშნავს რაფენსპერგერი. "ის მონაცემები რაც მას აქვს, უბრალოდ, აშკარად მცდარია... მას არასწორი მონაცემები აქვს" - თქვა ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა. ის ყვება, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ამ ჭორებთან ბრძოლა უწევდათ და შტატში ხმების გადათვლა სამჯერ მოუწიათ.

"აშკარა გახდა, რომ თითოეული ეს თეორია გავანადგურეთ, რაც კი გავრცელდა. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპს კვლავ სჯერა მათი... ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია" - აღნიშნავს ბრედ რეფენსპერგერი.

ჯორჯიაში ახლა არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. 5 იანვარს სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება სენატზე კონტროლის ბედი. წარმომადგენელთა პალატაში დომინირება დემოკრატებმა შეინარჩუნეს და სპიკერად კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსი აირჩიეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხების აღიარებაზე, კვლავ უარს ამბობს. ის დღეს "ტვიტერზე" ძველებურად უსაფუძვლოდ აცხადებდა არჩევნების გაყალბებაზე და ამბობდა, რომ კენჭისყრის "ნამდვილ მონაცემებს" გამოაქვეყნებს.

3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტრამპის კამპანიამ ფედერალურ და უზენაეს სასამართლოებში ათეულობით საჩივარი შეიტანა. უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოებმა საქმეებს მსვლელობა, მტკიცებულებათა არქონის გამო არ მისცა.

ორ დღეში, 6 იანვარს, კონგრესში არჩევნების შედეგების ფორმალური დამტკიცება იგეგმება. კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაუძღვება.

კონგრესში საარჩევნო ხმების სერტიფიცირება, ზოგადად რუტინული და ფორმალური პროცესია. მაგრამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებამ, სხდომის მიმართ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება გამოიწვია.

რესპუბლიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაშინგტონში მოელიან, რომ ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ცერემონიული ნაწილი 20 იანვარს ინაუგურაციით და ფიცის საზეიმოდ დადებით დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG