დემოკრატების მიერ კონტროლირებული, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ხუთშაბათს საიმპიჩმენტო მუხლების განხილვას აგრძელებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შეეწინააღმდეგება რესპუბლიკელთა მცდელობას - შეასუსტონ ბრალდებები და პალატის სრულ შემადგენლობას კენჭისყრისთვის მომავალ კვირაში გადაუგზავნიან.
პანელის დებატები ოთხშაბათს დაიწყო. დემოკრატმა კანონმდებლებმა საქმე წარმოადგინეს: მათი თქმით, რესპუბლიკელმა ტრამპმა პრეზიდენტის ხელისუფლება ბოროტად გამოიყენა იმით, რომ უკრაინაზე წნეხი განახორციელა, რათა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეძიებინათ. ამით მან, დემოკრატების მტკიცებით, ხელი შეუშალა კონგრესს იმით, რომ უარი თქვა საიმპიჩმენტო გამომძიებლებისთვის ასობით დოკუმენტის გადაცემაზე და ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მიერ ჩვენების მიცემა დაბლოკა.
იმავდროულად, რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე ნაკლოვანებით ხასიათდებოდა და კომიტეტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მეტი მოწმეების გამოკითხვის გარეშე მიიღო.
ტრამპი არასწორი ქმედების არსებობას უარყოფს და საიმპიჩმენტო ძალისხმევას სერიოზულად არ იღებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან თავისი საუბრები, არაერთხელ დაახასიათა, როგორც: “უნაკლო”.
როდესაც კომიტეტი იმპიჩმენტის მუხლებს დაამტკიცებს, შემდეგ კვირაში დემოკრატთა უმრავლესობის მქონე წარმომადგენელთა პალატა მას კენჭს სრული შემადგენლობით უყრის.
Facebook Forum