ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტი: დემოკრატები ტრამპს ბრალს ორი მუხლით უყენებენ


წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერები იმპიჩმენტის 2 მუხლზე განცხადებას აკეთებენ. 10 დეკემბერი, 2019 წ.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერები იმპიჩმენტის 2 მუხლზე განცხადებას აკეთებენ. 10 დეკემბერი, 2019 წ.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერებმა დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომელშიც იმ ორ მუხლზე ისაუბრეს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს დაედება საფუძვლად. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი პოლიტიკური მოგების მიზნით და კონგრესის იმპიჩმენტის გამოძიებისთვის ხელის შეშლა (ობსტრუქცია).

ამერიკის შეერთებული შტატების 243-წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს მე-4 შემთხვევაა, როცა პრეზიდენტს იმპიჩმენტის მიზნით, ბრალს უყენებენ. თუმცა, ანალიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ ოფისის იძულებით დატოვება, არ მოხდება.

ბრალდების ორ მუხლზე განცხადების გაკეთებისას, სცენაზე იყვნენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წამყვანი დემოკრატი ლიდერები. მათ შორის: ნენსი პელოსი - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი; ელიოტ ენგელი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ჯეროლდ ნადლერი - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; კეროლინ მელოუნი - საზედამხედველო და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე, ადამ შიფი - დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ჯეროლდ ნადლერის თქმით, რომელიც პანელს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტი ტრამპი "თავს კანონზე მაღლა აყენებს" და ასევე, "განმეორებით აყენებს საკუთარ თავს ქვეყანაზე მაღლა". ნადლერის ბრალდების მიხედვით, პრეზიდენტმა შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ორი მიმართულებით შეუქმნა საფრთხე: ის შეეცადა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოების დახმარება შეეჩერებინა და მეორე: ტრამპმა საფრთხე შეუქმნა ამერიკის 2020 წლის არჩევნების ხელშეუხებლობას.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს. ის საიმპიჩმენტო გამოძიებას გამუდმებით უწოდებდა "კუდიანებზე ნადირობას". დღეს კი, დემოკრატების განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა: "ისეთი პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელმაც შედეგებით დაამტკიცა, მათ შორის - სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკის შექმნით, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რომელსაც არაფერი ცუდი არ ჩაუდენია, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური სიგიჟეა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG