ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: "მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში ბევრ სიკვდილს ვნახავთ"


მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა კვირის მონაცემებით 1 225 000-ს გადააჭარბა. მათგან ყველაზე მეტი შეერთებულ შტატებშია დაავადებული - 312 249 დადასტურებული შემთხვევა. ამერიკაში გარდაცვლილთა რიცხვი 8 500-ს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულია 15 000-მდე პაციენტი.

შაბათს კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური სამოქმედო ჯგუფის ბრიფინგზე მან ამერიკელებს უთხრა, რომ მომდევნო კვირა განსაკუთრებით მძიმე იქნება შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა ახლა უმძიმესი, პიკური ორი კვირის პერიოდში იმყოფება.

"ბევრი სიკვდილი იქნება", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ამავე დროს პრეზიდენტმა უპასუხა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ფედერალური ხელისუფლება შესაძლოა საკმარის ზომებს არ იღებდეს იმ სასუნთქი აპარატების მოსაძიებლად და მობილიზებისთვის, რომლებიც ასეთი აუცილებელია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზოგიერთი შტატის გუბერნატორი იმაზე მეტ აპარატს ითხოვს, ვიდრე ეს ამ შტატს იმ კონკრეტულ ეტაპზე სჭირდება. "იმის შიშმა, რომ აპარატების ნაკლებობა შეიქმნება, გაზრდილი ციფრების შემცველ მოთხოვნებამდე მიგვიყვანა", - თქვა პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის პროგნოზით, ქვეყანაში ეპიდემიამ შესაძლოა 100 000-დან 240 000 ამერიკელის გარდაცვალება გამოიწვიოს. ეს კი იმ შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს, თუკი სახლში დარჩენის მოთხოვნები შესრულებული იქნება. "ჩვენ მოვუახლოვდით დროს, როდესაც ეს ყველაფერი უფრო საშინელ სახეს მიიღებს", - თქვა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. "ამგვარი რამ, ასეთი ციფრები, ალბათ, აქამდე არასდროს გვინახავს. შესაძლოა მხოლოდ პირველი ან მეორე მსოფლიო ომის დროს", - დასძინა მან.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ ნიუ-იორკის შტატშია. ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა აქ 115 ათასს აღწევს - მთელ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების თითქმის მესამედს. მხოლოდ იქ გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 500-ს აჭარბებს. რიცხვები განსაკუთრებით შემაშფოთებლად იზრდება ლონგ-აილენდზე. გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, აქ დაავადების გავრცელება "ხანძრის სისქრაფით" ხდება.

"[შტატში] ჩვენი პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მხოლოდ 30 დღე გავიდა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა. თუმცა ეს ჯერ არ არის პიკი, პიკს ახლა ვუახლოვდებით და პროგნოზების თანახმად, [პიკის] დაახლოებით 7 დღიან ინტერვალში ვართ", - განაცხადა გუბერნატორმა კუომომ ყოველდღიურ კონფერენციაზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკაში გარდაცვალებათა მეოთხედზე მეტი ნიუ-იორკ სიტიში, შტატის საქმიან-ბიზნეს ნაწილში მოხდა. ჰოსპიტლებს პაციენტების რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.

XS
SM
MD
LG