ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილიანობის პიკს ამერიკაში მომდევნო კვირების მანძილზე ელიან


შეერთებული შტატები ემზადება იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე, ქვეყანაში პანდემიის მსხვერპლის რაოდენობა პიკს მიაღწევს. ჯანდაცვის სპეციალისტების პროგნოზებით, კოვიდ-19-ის გამო, ამერიკაში შემდეგ ორ თვეში 100 ათასიდან 240 ათასამდე ადამიანი მოკვდება.

თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი სამუშაო ჯგუფი ვარაუდობს, სიკვდილიანობა პიკს აპრილის მეორე და მესამე კვირაში მიაღწევს. ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, ეს გარდაუვალია, თუნდაც ამერიკელებმა გააგრძელონ ერთმანეთისგან უსაფრთხო დისტანციის ქონის რეკომენდაციის დაცვა.

"ჩვენი ქვეყანა ისეთი დიდი ეროვნული გამოცდის შუაგულში აღმოჩნდა, რომლის მსგავსი აქამდე არაფერი გვინახავს" - თქვა სამშაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, "ეს ერთ-ერთი ურთულესი 2-3 კვირა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში".

როგორც ყოველთვის, სამშაბათის პრესკონფერენციაზეც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გარდა, დიდი დრო დაეთმო ორი ექიმის გამოსვლას. ესენი არიან ენტონი ფაუჩი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და დებორა ბირქსი, თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.

"ეს [სიკვდილიანობის] მოსალოდნელი რაოდენობაა, რასაც უნდა ველოდოთ, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს გარდაუვალ რეალობად მივიღოთ" - თქვა ენტონი ფაუჩიმ. "ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს... არც ჯადოსნური ვაქცინა, ან თერაპია არსებობს" - მხოლოდ ჩვენს ქცევას შეუძლია ამ ვირუსული პანდემიის კურსი შეცვალოს - აღნიშნავს დებორა ბირქსი.

კორონავირუსის გავრცელება, ფიქსირებული ფაქტების მიხედვით, შეერთებულ შტატებში ერთი თვის წინ დაიწყო. პირველი ფაქტი ვაშინგტონის შტატში 29 თებერვალს აღირიცხა. დღეს შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 186 000-ს აღწევს.

ვირუსული დაავადების გამო გარდაიცვალა 3 852 ადამიანი. სიკვდილიანობის ყველაზე მეტი ფაქტი ნიუ-იორკის შტატში ფიქსირდება. ამერიკაში ვირუსის გამო ბოლო კვირების მანძილზე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა უკვე აჭარბებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვს.

ნიუ-იორკის გუბერნატორიც ვარაუდობს, რომ აპრილის თვე შტატისთვის ყველაზე რთული დრო იქნება. ენდრიუ კუომოს ყოველდღიურ ბრიფინგებს ცენტრალური არხები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

შტატის გუბერნატორი აღშფოთებულია იმით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის და აპარატების გამო, მათ აუქციონზე დანარჩენ შტატებთან კონკურენცია უწევთ და ფიქრობს, რომ ეს გაუგონარი სიტუაციაა და საავადმყოფოების მომარაგების პრობლემა ქვეყანაში უკეთ არის მოსაგვარებელი. გუბერნატორი კუომო ამბობს, რომ ჩინეთში 17 000 ვენტილატორი შეუკვეთა და თითოეულში $25,000 გადაიხადა.

ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ რეზერვში ახლა 10,000 ვენტილატორი აქვს და მათ საჭიროების შემთხვევაში შტატებს გადაუნაწილებს. "ჩვენ ახლა რეზერვი გვაქვს, რომელიც საწვავის რეზერვივითაა, ოღონდ კიდევ უფრო ძვირფასია" - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მერილენდის გუბერნატორი ლარი ჰოგანიც ამბობს, რომ შტატებს შორის კონკურენცია ახლა მიუღებელია. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვან დეფიციტურ სამედიცინო აღჭურვილობაზე და აპარატებზე შესყიდვების კოორდინაცია ფედერალურმა მთავრობამ უნდა მოაგვაროს. ჰოგანი შეერთებულ შტატებში გუბერნატორთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარეა.

მოგვიანებით, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ თქვა, რომ ფედერალური მთავრობისგან "სასწრაფოდ" ელის პასუხს დახმარების მოთხოვნაზე. ის თეთრ სახლს დამატებითი სამედიცინო პერსონალის მობილიზებას სთხოვს, მათ შორის: 1 000 ექთნის, 300 რესპირატორული თერაპევტის და 150 ექიმის.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუბერნატორებთან ბრიფინგს რეგულარულად ატარებს. ასე მოხდა სამშაბათსაც, პრესკონფერენციამდე ის მათთან ხაზზე იყოდა დიდი მადლობა გადაუხადა "დაუღალავი შრომისთვის".

ბოლო დღეებში პრეზიდენტის ტონი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩინეთში ეპიდაფეთქების დროს, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ამბობდა, რომ ეს არაფერია სეზონურ გრიპთან შედარებით, დემოკრატების მოგონილ სიყალბესაც კი უწოდებდა მას.

ახლა პრეზიდენტი ტრამპი ჯანდაცვის სპეციალისტებზე უფრო შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, კოვიდ-19-ის გამო, მსხვერპლი შეიძლება 2 მილიონამდე გაიზარდოს, თუ ხალხმა დისტანცირების რეგულაციები არ დაიცვა და სამუშაო ადგილებზე დროზე ადრე დაბრუნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG