ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ბრიტანეთი მტკიცე პარტნიორობაზე საუბრობენ


შეერთებული შტატები ბრიტანეთთან "ფენომენალური სავაჭრო შეთანხმების" დადების ერთგული რჩება - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. დღეს ის ლონდონში ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა.

უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის "ულიმიტო" შესაძლებლობებს ხედავს. და ეს იმის მიუხედავად, რომ მხარეებს განსხვავებული აზრი აქვთ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის "ჰუავეის" მიერ შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხოტბა შეასხა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს და თქვა, რომ მან "ძალიან კარგად" იმუშავა. ტერეზა მეი გაერთიანებული სამეფოს ლიდერის პოსტს მცირე ხანში დატოვებს. მიზეზად სახელდება ის, რომ ქვეყნის ლიდერმა ბრექსიტის -ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების პროცესის- წარმატებით დასრულება ვერ უზრუნველყო. ევროკავშირიდან გასვლისთანავე, ლონდონისთვის შეერთებულ შტატებთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულების დადებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტს თან საპროტესტო აქციები ახლდა. როცა პრეზიდენტს მის წინააღმდეგ ლონდონში გამართულ აქციებზე აზრი ჰკითხეს, ტრამპმა თქვა, რომ მან ერთი მცირე ზომის მიტინგი დაინახა. პრეზიდენტის თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ცნობები გაცილებით უფრო დიდ საპროტესტო აქციაზე ისევ და ისევ "ყალბი ახალი ამბებია".

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების სიმტკიცეს. ტერეზა მეიმ იქვე ახსენა განსხვავებული მოსაზრებებიც ორ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე, რომელიც ეხება კლიმატურ ცვლილებებს და ირანთან პოლიტიკას.

ლონდონი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს პარიზში, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებას და ირანთან დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ორივე შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG