ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს


ჩინეთმა უარყო ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ პეკინი შეერთებული შტატების მომავალ შუალედურ არჩევნებში ერევა. ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩინეთის მედიის ზოგიერთი სააგენტო „სიგიჟეს“ ზოგი კი „საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას“ უწოდებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის მიმართ ეს ბრალდება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააჟღერა. ამის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ძალიან მალევე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პეკინი „არც ერთი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევა.“

ტრამპის ნათქვამს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერიც, რომელმაც თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის რომელი ქვეყანა ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.

„ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის უწყვეტი კრიტიკა და მისი რეპუტაციის შელახვა,“ ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი საპასუხოდ თქვა, რომ ის ჩინეთის და მისი მოკავშირეების სამიზნეა იმის გამო, რომ „მათ არ სურთ, რომ მე ან ჩვენ გავიმარჯვოთ, რადგან მე პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ჩინეთს ვაჭრობის თემებში გამოწვევა გამოუცხადა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG