ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალტიისპირელი ლიდერები ტრამპისგან "მეტის გაკეთებას" ითხოვენ


ამერიკის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები
ამერიკის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები

ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდნენ და მონაწილეობა მიიღეს ამერიკა-ბალტიისპირეთის ბიზნეს ფორუმში, შეხვედრები გამართეს კვლევით ინსტიტუტ „ატლანტიკურ საბჭოშიც“. ოთხშაბათს კი ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთმა ნატოს ტერიტორიულ წყლებთან სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელსაც ის „რუტინულ საზღვაო წვრთნებს“ უწოდებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები კი „პირდაპირ საფრთხედ“ აფასებენ.

ვაშინგტონში ოთხი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონის უსაფრთხოება იყო. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებმა მიმართეს პრეზიდენტ ტრამპს, მეტი გააკეთოს რუსეთის საფრთხეების შესაჩერებლად. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ლატვის, ლიტვისა და ესტონეთის მხარდაჭერას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სხვა არაერთი მიმართულებით.

შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრუბაუსკაიტესთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან და ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მან რუსეთისგან არსებულ საფრთხეებზე და პრეზიდენტ პუტინთან შესაძლო ურთიერთობის პერსპექტივაზეც ისაუბრა:

"არავინ ყოფილა ჩემზე უფრო მკაცრი რუსეთთან... ვფიქრობ, შემიძლია რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს და ეს კარგი იქნებოდა. მაგრამ ასევე არის დიდი შანსი იმის, რომ ეს არ მოხდება. ვინ იცის", - თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრისას რეგიონის სტაბილურობაზე, ნატოს თავდაცვის გაძლიერებაზე, კიბერუსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხებზე ისაუბრეს.

ამერიკელებს ახლა თავიანთი გამოცდილება აქვთ. მეტი რეალიზმი, ნაკლები გულუბრყვილობა. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ.
ლინას ლინკევიჩიუსი

რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიის შემდეგ ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას რუსეთის რეგიონული სამხედრო ექსპანსია კიდევ უფრო აშფოთებთ. სამი ქვეყანა მზადაა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რისკენაც დონალდ ტრამპი ნატოს წევრ ქვეყნებს დიდი ხანია მოუწოდებს. თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ ნატოელი პარტნიორების იმედი აქვთ. ბალტიის ქვეყნები ამერიკისგან ნატო-რუსეთის საზღვარზემუდმივ როტაციულ წარმომადგენლობას ითხოვენ.

„ჩვენ ერთიანი მოლოდინი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები ნატოს საფუძვლიანი რეფორმის მიმართულებით იმუშავებს, განსაკუთრებით გადაწვეტილების მიღების საკითხებზე, სიმტკიცეზე... ამერიკის გარეშე ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ამერიკელებს რუსეთთან საინფორმაციო ომის გამოცდილება ახლა ისე აინტერესებთ, როგორც არასდროს:

“ამერიკელებს ახლა თავიანთი გამოცდილება აქვთ. მეტი რეალიზმი, ნაკლები გულუბრყვილობა. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა საკმარისად არ მოგვისმინეს მაგალითად 2008 წლის ომისას სამხრეთ კავკასიაში. იყო მწვავე რეაქციები, მაგრამ ძალიან მალე ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა ყველაფერი. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებებისა. ახლა ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს. საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების მაგალითები, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფა, ასევე არჩევნებში ჩარევა. ჩვენი გამოცდილება ახლა ჩვენს კოლგებს უფრო მეტად აინტერესებთ. ცხადია ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. ამერიკის ადმინისტრაციას უფრო და უფრო რეალურად ესმის რუსეთის საფრთხე. ახლა მეტი ქმედებაა, ვიდრე განცხადებები“, - ამბობს ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლინკევიჩიუსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან სამხედრო თავდასხმის რისკები ნატოსა და ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გაცილებით ნაკლებია ვიდრე, საქართველოს, უკრაინისა თუ მოლდოვისთვის, მაგრამ ეს მათ ხალხს სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს.

„ჩვენ ნატოს და ევროკავშირის წევრები ვართ, კოლექტიური მხარდაჭერა ზურგს გვიმაგრებს. შესაბამისად საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისგან განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენი ხალხი მაინც არაა მშვიდად და სიფრთხილით ელოდება რა მოხდება. ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ეს საფრთხეა რეგიონის სტაბილურობისთვის.“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სამხედრო წვრთნები ნატოს ტერიტორიულ წყლებთან, ბალტიის ზღვაში, პირდაპირი საფრთხეა. ლინკევიჩიუსის თქმით, „ეს არა მხოლოდ სამხედრო ძალის დემონსტრაცია, არამედ სამხედრო ხულიგნობაა“.

ოფიციალური რიგის განცხადებით კი, მათ მოუხდათ სამოქალაქო ავიაციის შეწყვეტა, მეზობელ შვედეთს კი საზღვაო მოძრაობის და საჰაერო გზების შეცვლა. ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნებისმიერ ინციდენტს შესაძლოა სიტუაციის სწრაფი ესკალაცია მოჰყვეს. ბალტიისპირეთის ქვეყნები კი ამბობენ, რომ რუსეთის საზღვაო წვრთნები არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

ჩვენ გვაკისრია ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაზე და ეს პასუხისმგებლობა იწყება 2008 წლიდან, საქართველოდან
კერსტი კალიულაიდი, ესტონეთის პრეზიდენტი

გასული წლის სექტემბერში რუსეთმა "ცივის ომის" შემდეგ ნატოს საზღვართან ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ზაპად 2017“ გამართა კალინინგრადსა და სანკტ-პეტერბურგში. რუსეთი და ბელორუსი ამას თავდაცვით ქმედებებს უწოდებდნენ, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეს სხვა არაფერი იყო თუ არა ნატო-სთვის ძალის დემონსტრირება.

სამხედრო პროცესებზე დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ეს წვრთნები მოიცავდა მოდელირებულ შეჭრას ასევე მოდელირებულ ქვეყნებში, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლონეთი და ლიტვა იგულისხმებოდა.

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა ოთხი და რვა წლის წინაც, რის შემდეგაც მალევე ის უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა. ამიტომ ბევრი მიმომხილველისთვის ეს არა მხოლოდ წვრთნები, არამედ „რეპეტიციებია“, სავარაუდო სცენარები კი გულისხმობს აგრესიას ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ.

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა კი ვიზიტის ფარგლებში საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლანდელი მდგომარეობა ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ დასავლეთის რეაგირება 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზე საკმარისად მკაცრი არ იყო:

„ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ გვაკისრია ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაზე და ეს პასუხისმგებლობა იწყება 2008 წლიდან, საქართველოდან. ჩვენი რეაქცია საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაზე იყო სუსტი და ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა საკმაოდ მალე. ევროკავშირიც კი განიხილავდა ვიზა-ლიბერალიზაციას რუსეთთან 2011 წლისთვის" , - ამბობს კალიულაიდი.

გარდა სამხედრო ინტერვენციისა, ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას პრეზიდენტებმა მილსადენ „ნორდ სტრიმ ორის“ შესახებაც ისაუბრეს. ამ მილსადენით რუსეთმა ბუნებრივი აირი უკრაინის გვერდის ავლით ევროპას უნდა მიაწოდოს.

სამხედრო წვრთნები "ზაპად 2017"
სამხედრო წვრთნები "ზაპად 2017"

გასულ თვეში 39-მა ამერიკელმა სენატორმა ორივე პარტიიდან, თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდა „მილსადენის შესაჩერებლად“ ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენოს. ღია წერილს ხელს აწერდნენ ისეთი გავლენიანი სენატორები, როგორებიც არიან ჯონ მაკკეინი, ჯინ შაჰინი, მარკო რუბიო, რიჩარდ ბლუმენტალი, ტომ კოტონი და სხვები.

„ნორდ სტრიმი 2, რომელიც ნორდ სტრიმ 1-ის გზას იმეორებს, რუსეთიდან ბალტიისპირეთის გავლით ევროპაში ჩადის, ევროპას რუსული გავლენის ქვეშ მოაქცევს. ეს იქნება ევროპის ენერგო-წყაროების დივერსიფიკაციაში უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს პროექტი „გაზპრომის“ მომხმარებლებს აიძულებს გადაიხადონ პროექტში, რომელიც რეგიონში რუსულ მონოპოლიასთან დაგვაახლოვებს. ევროპელი მომხმარებლები რუსეთს გადაუხდიან იმაში, რომ მან ბუნებრივი აირის ექსპორტი უკრაინის გვერდის ავლით აწარმოოს, რაც მხოლოდ „გაზპრომისთვის“ იქნება მომგებიანი. შედეგად, ევროპას ენერგო-წყაროების დივერსიფიკაციისთვის ნაკლები რესურსები ექნება და გაიზრდება მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე“, - ნათქვამია ღია წერილში. სენატროები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთი ამგვარად მოახერხებს ენერგოტრანზიტის სისტემიდან უკრაინის გამორიცხვას, „მას არ ექნება მიზეზი შეწყვიტოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში“.

ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებსაც მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის ის წარსულია, რომელში დაბრუნებაც არ სურთ; შეცდომა, რომლის გამეორებასაც არ აპირებენ. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება რეალურად შესაძლებელია.

„ჩვენ გავხსენით გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი კლაიპედაში, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ყველა ქვეყნის მომარაგება შეგვიძლია. ჩვენ ახლა გვაქვს რეალური ენერგო-დამოუკიდებლობა. რუსეთი ყოველთვის იყენებდა ენერგიას სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენისთვის. ჩვენთვის გასაკვირია, რომ ევროპა საპირისპირო მიმართულებას ირჩევს და საფრთხეს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ეს საფრთხე უკვე გამოვცადეთ", ამბობს გრიბაუსკაიტე.

მისი თქმით, ეს გამოცდილება არის ისტორია, რომელსაც არ გაიმეორებენ: "ამ მხრივ ევროპაში ჩვენ ვართ საუკეთესო მაგალითები, ასე რომ იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან, ევროპა გაიგებს, რომ ენერგიის მეტი მომწოდებელი ნიშნავს მეტ პოლიტიკურ უსაფრთხოებას და უკეთეს ფასებს მომხმარებლისთვის, ევროპელი ხალხისთვის“, - დასძენს ის.

​სამ აპრილს ოთხმხრივი შეხვედრის წინ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ბალტიისპირეთის ქვეყნებს გამოუყოფს 180 მილიონამდე ამერიკულ დოლარს სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დაახლოებით 100 მილიონ დოლარი აქედან განკუთვნილია მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალების შესაძენად და 70 მილიონ დოლარზე მეტი სამხედროების მომზადების და აღჭურვის გასაუმჯობესებლად. გაგრძელდება სამივე ქვეყანასთან ყოველწლიური სამხედრო სწავლებები.

ასევე აშშ ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს გამოუყოფს 3 მილიონ დოლარს საზოგადოებრივი მაუწყებლების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, რათა მათ უკეთ შეძლონ დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG