ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის დახმარებით "კოდაკი" ფარმაცევტული ნივთიერებების დამზადებას დაიწყებს


შეერთებული შტატების მთავრობა ამბობს, რომ გამოიყენებს კანონს თავდაცვითი წარმოების შესახებ, რათა კომპანია "კოდაკს," რომელიც ტრადიციულად ფოტოგრაფიული ფირმაა, დაიწყოს ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება. ამაში შედის მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსიქლოროქვინის შემადგენელი ნივთიერებების წარმოება. ეს არის წამალი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეკლამას უწევდა, როგორც კორონავირუსის პრევენციულ საშუალებას.

სამშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ “დღეს სიამაყით ვაცხადებ, შეერთებული შტატების ფარმაცევტული ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ. თავდაცვითი წარმოების კანონის შესაბამისად, “კოდაკი” მიიღებს 765 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს, რათა დააარსოს ფარმაცევტული კომპანია, რაც ასობით სამუშაო ადგილს შექმნის.”

თეთრი სახლის თანახმად, ეს დასრულებული შეთანხმება არ არის. საგარანტიო წერილს ხელი მოეწერა და მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკება, რომლის საფუძველზეც, სესხს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია გასცემს.

ამ საფინანსო კორპორაციის ფოკუსში უნდა იყოს ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის “სარტყელი და გზა” ინფრასტრუქტურული ინიციატივის ალერნატივა იქნება.

კონგრესის დემოკრატი წევრები კითხვებს სვამენ, თუ კორპორაცია რატომ იღებს საკუთარ თავზე საშინაო როლს, რომელიც მისთვის არ იყო განკუთვნილი.

თეთრი სახლის თანახმად, სრულად ამოქმედების შემდეგ, “კოდაკს” შეეძლება აწარმოოს უპატენტო აქტიური ფარმაცევტული შემადგენლების 25 პროცენტი, რომელიც შეერთებულ შტატებში მოხმარებული არაბიოლოგიური, არა ანტი-ბაქტერიული წამლების დასამზადებლად გამოიყენება.

ამჟამად, შეერთებულ შტატებში გაყიდული წამლების აქტიური შემადგენლების 10 პროცენტზე ნაკლები იწარმოება ადგილობრივად. “50 პროცენტზე მეტი ინდოეთში და ჩინეთში მზადდება”, თქვა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG