ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ სურს ამერიკას წამლების წარმოება ჩინეთიდან ამერიკაში გადმოიტანოს?


მაისის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხეს, როდიდან აღარ იქნებოდა ამერიკა დამოკიდებული სხვა ქვეყნებში წარმოებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე. “ვფიქრობ, ამას 2 წლის ვადაში შევძლებთ”, უპასუხა მაშინ შეკითხვას ტრამპმა. “ყველა ჩვენს წამლებს უშვებს, ჩვენს გარდა”, დაამატა პრეზიდენტმა.

ტრამპი ზედმეტად ოპტიმისტურად მიუდგა ამ საკითხს. თუმცა, ამერიკელებს შორის, მართლაც არსებობს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ისინი ზედმეტად დამოკიდებული კომპანიებზე, რომლებიც წამლებს საზღვარგარეთ, ან ოფშორულ ზონებში აწარმოებენ.

კორონავირუსის პანდემიამ და მის შედეგად წარმოქმნილმა ზეწოლამ ამერიკის ჯანდაცვის სისტემაზე, ნათლად წარმოაჩნა, თუ როგორაა ამერიკა დამოკიდებული საზღვარგარეთ არსებულ წარმოებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ჩინეთზე.

ჩინეთს წამყვანი პოზიცია უკავია გლობალურ ბაზარზე აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების წარმოების მხრივ. ეს არის ის, რაც შემდეგ უკვე გამოიყენება წამლების, დამცავი პირბადეების, თერმომეტრებისა და სხვა მსგავსი სამედიცინო მარაგის საწარმოებლად.

კორონავირუსის აფეთქებამ ჩინეთის პროვინცია ვუჰანში სფეროს ექსპერტებში შფოთვა გამოიწვია. ჩინეთის წარმოების შეჩერებას, შესაძლოა ამერიკა წამლების ნაკლებობამდე მიეყვანა.

თუმცა ამერიკა მარტო არ არის. პანდემის დროს, ბევრი ქვეყანა, მათ შორის, იაპონია, საფრანგეთი და გერმანია მიხვდა, რომ ისინი მჭიდროდ არიან დამოკიდებული იმპორტირებულ სამედიცინო აღჭურვილობაზე. პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით მიწოდების ჯაჭვები გაწყდა, ამ ქვეყნებმა კი გაიაზრეს, რომ ვერ უშვებენ წამლებს აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების გარეშე, რომელთა ძირითადი ნაწილიც საზღვარგარეთ იწარმოება. ასევე პრობლემური გახდა ნიღბებისა და დამცავი აღჭურვილობის მომარაგებაც.

იაპონიის მთავრობამ მოქმედება დაიწყო. პრემიერ შინზო აბეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ იაპონურ კომპანიებს 2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს, რათა თავიანთი წარმოება საზღვარგარეთიდან იაპონიაში გადაიტანონ. 12 მაისს მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკვე 400-ზე მეტ ადგილობრივ კომპანიასთან მუშაობს ამ საკითხზე,

ჯენერიკული მედიკამენტები ყველაზე სუსტი რგოლია იაპონიისთვის. იაპონიის ფარმაცევტული კომპანიების, თითქმის, ნახევარი აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან იღებს. ნიღბების 70-დან 80%-მდე კი ჩინეთიდან შედის ქვეყანაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი “სრული დამოუკიდებლობას” შეპირდა თავის ხალხს პირბადეების წარმოებაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ საფრანგეთს დამოუკიდებლობის მიღწევა დასჭირდება სამედიცინო აღჭურვილობის სხვა მიმართულებებითაც.

ამერიკული კომპანიების მიერ წარმოების ქვეყანაში დაბრუნება უკვე დიდი ხანია, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. მოტივირებულია კონგრესიც.

“მინიმუმ 10 კანონპროექტი გვაქვს, რომელიც ფარმაცევტული მიწოდების ქსელის უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული”, თქვა ანა ეშტონმა, სამთავრობო საქმეთა აღმასრულებელმა დირექტორმა ამერიკა-ჩინეთის ბიზნეს საკონსულოდან.

არსებობს რამდენიმე შეთავაზება, რომელიც დაავალდებულებს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას, თავდაცვისა და სხვა დეპარტამენტებს, რომ უკეთ გააკონტროლონ საიდან შემოდის წამლები ქვეყანაში.

წარმოების ამერიკაში გადმოტანის მსურველი ბევრია, თუმცა ამის გაკეთება მარტივი არ იქნება.

“ამერიკის ფარმაცევტული კვლევებისა და მწარმოებლების" სპიკერმა ნიკოლ ლონგომ “ამერიკის ხმასთან” საუბარში თქვა, რომ “ახალი ბიოფარმაცევტული საწარმოს აშენებას, 5-დან 10-წლამდე დასჭირდება და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 2 მილიარდი დოლარი იქნება”.

ამერიკის სავაჭრო და სახელმწიფო დეპარტამენტები ეძებენ იმის გზებს, თუ როგორ წაახალისონ კომპანიები და ისინი წარმოებისა და დაფინანსების ჩინეთიდან ამერიკაში გადმოტანაზე დაითანხმონ. გადასახდებისა და სუბსიდირების მხრივ ასეთი კომპანიების წახალისება, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

XS
SM
MD
LG