ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს "ბოლოდროინდელი უკუსვლა" შემაშფოთებელია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"


"განსაკუთრებით შემაშფოთებელს" უწოდებს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის მხრივ ბოლო დროს შექმნილ ვითარებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა". ორგანიზაციის ვებგვერდზე დღეს გავრცელებულ განცხადებაში, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარემ დელია ფერეირა რუბიომ,​ თქვა:

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს.“ ორგანიზაციის თავმჯდომარე ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ "მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეშფოთებულია ბოლო პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო.​ ორგანიზაცია მიუთითებს 3 ოქტომბერს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც თამბაქოს ბაზრის კონტროლთან დაკავშირებულ სქემას ეხებოდა.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კი ოპონენტებს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელებს უსაფუძვლოდ დასდო ბრალი და მათ ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ის "დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ანტიკორუფციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან აკრედიტირებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის მიერ".

როგორც ორგანიზაციის მთავრი ოფისი, ასევე მისი ეროვნული წარმომადგენლობა ფიქრობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას". საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ჩანაწერებთან დაკავშირებული, მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG