ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის როლი ტრამპის პოლიტიკურ წარმატებაში


საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერებზე მიღწეული წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ, დაიწყო მსჯელობა თემაზე, თუ რამდენად დიდია ამ საქმეში მედიის როლი. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამერიკული მედია არაადეკვატურად აფასებს მის საქმიანობას და არ უსვამს კანდიდატს საკმარისად რთულ კითხვებს სამომავლო სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე გამოთქმულ, ხშირად სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით.

მინიშნება ამ თემაზე ორშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც გააკეთა. ჟურნალისტებისადმი მიმართვაში მას კონკრეტულად უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი არ უხსენებია. მაგრამ, ამერიკის დემოკრატი ლიდერი აშკარად რესპუბლიკელთა წამყვან კანდიდატს გულისხმობდა, როცა საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტების მიმართ გახშირებულ თავდასხმაზე, მათ შორის: ქალებზე, მუსლიმებზე, თუ სხვა უმცირესობებზე.

„ვიცი, რომ მარტო მე არ ვარ საკმაოდ შეძრწუნებული იმით, რაც ახლა საკამპანიო მარათონზე ხდება“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. „გამყოფი და ხშირად ვულგარული რიტორიკა ყველას მიმართ ისმის, მაგრამ ხშირად სამიზნე ადამიანთა მგრძნობიარე ჯგუფები, ქალები, ან უმცირესობებია... უხამს დებატებზე პასუხად ძალადობრივი რეაქციის მოწმე ვხდებით, ან ბევრი ჩვენი ლიდერის მხრიდან ერთგვარი, დამაყრუებელი სიჩუმის. ჩნდება შეგრძნება, რომ ფატებს, სინამდვილეს მნიშვნელობა აღარ აქვს, რელევანტური არ არის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რამდენად მიიქცევ ყურადღებას. ჩნდება შეგრძნება, რომ ეს თამაშია და არა ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც დამფუძნებელმა მამებმა გადმოგვცეს: ერთობლივი თვითმმართველობის მემკვიდრეობა“.

გამომძიებელ ჟურნალისტთა დაჯილდოების დროს პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგი სამსახური მარტო ვინმესთვის მიკროფონის მიწოდება არ არის. „თავისუფალი მედია სერიოზული პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება პოლიტიკოსთა განცხადებებს არარეალურ გეგმებზე და დაპირებებზე, რომელთაც შესრულება არ უწერია“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

საკმაოდ დიდხანს პოლიტოლოგთა უმეტესი ნაწილი მილიარდერ მაგნატს და ტელეშოუების ვარსკვლავს სერიოზულად არც იღებდა. ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მისი თავდასხმები ფოქსის ცნობილ ჟურნალისტ წამყვან ქალზე - მეგან კელიზე, ან ომის ვეტერან და გმირ ამერიკელზე, ერთ დროს სამხედრო ტყვეობაში მყოფ სენატორ ჯონ მაკკეინზე. ყურადღების ცენტრში მოქცევით გათამამებულმა კანდიდატმა კამპანიის დროს კამერების წინ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანიც კი გააშარჟა. ამ ფაქტის შემდეგ ანალიტიკოსებს ეგონათ, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანია დამთავრდა.

თუმცა, კოლაფსი არათუ არ მოხდა, არამედ კამპანია სლოგანით „ამერიკა ისევ დიადი უნდა გახდეს“, რომელიც იმიგრაციის შეზღუდვით და მუსლიმების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის იდეებით იყო გაჟღენთილი, წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ ამომრჩეველთა სულ ცოტა, მესამედის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. ის დიდი უპირატესობით ლიდერობს და ივლისში პარტიის ყრილობისთვის ემზადება, სადაც დელეგატები ნოემბრის არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის საბოლოო ნომინანტს შეარჩევენ.

ამ ეტაპზე ტრამპი ცდილობს დელეგატთა საკმარისი ხმების რაოდენობა მოაგროვოს, რათა ყრილობაზე ნომინაცია გარანტირებული ჰქონდეს. ჯერჯერობით, რესპუბლიკელთა პრაიმერების წინააღმდეგობრივ ლიდერს სრული უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს და ჯერ კიდევ ორ ოპონენტთან გამკლავება უწევს, რომელთაგან ერთი, ტეხასის შტატის კონსერვატორი სენატორი ტედ კრუზი რესპუბლიკელებს შორის საკმაო მხარდაჭერით სარგებლობს, რაც არ ითქმის ოჰაიოს შტატის გუბერნატორ ჯონ კეისიქზე, რომელიც შედარებით ზომიერი პოლიტიკით გამოირჩევა. ტრამპის წინააღმდეგ ბევრი რესპუბლიკელი ლიდერი გამოდის. მას აშკარად აკლია პარტიის ბირთვის, მისი ისთაბლიშმენთის მხარდაჭერაც.

მედიის ბევრი წარმომადგენელი, წამყვანი, თუ ანალიტიკოსი აღიარებს, რომ ექსტრავაგანტული მილიარდერი პოლიტიკოსის კამპანიის გაშუქების დროს, თავის დროზე შეცდომა დაუშვა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი ნიკოლას კრისტოფი ამბობს, რომ ტრამპის კამპანიის გაშუქება, როგორც ერთგვარი ფარსის, თავიდანვე არასწორი მიდგომა იყო. იმის მიუხედავად, რომ უამრავი წყარო დეტალურად აღწერდა ტრამპის, როგორც ბიზნესმენის ჩავარდნებს, კაზინოს ბიზნესი იქნებოდა ეს, ტრამპის უნივერსიტეტი, ჟურნალი, გაკოტრებული უძრავი ქონების ფირმა, თუ მრავალი სხვა, კრისტოფი ამბობს, რომ მედიამ სწორი აქცენტების გაკეთება მაინც ვერ შეძლო და „მთლიანობაში ჩვენ მოვაძლიერეთ მისი დემაგოგია და სახელმწიფო დავაღალატეთ. ჩვენ კალთაში მოკალათებული ძაღლების როლში უფრო ვიყავით, ვიდრე დაგეშილი მწევრების“ - ამბობს ის და დასძენს, რომ პირადად დაუშვა ტრამპთან დაკავშირებით შეცდომა, როცა მას ისე უყურებდა, როგორც არასერიოზულ კანდიდატს, რომელსაც ნომინაციის მოპოვების შანსი არ გააჩნდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი იუჯინ რობინსონი ამ საქმეში მედიის მთავარ დამნაშავედ გამოყვანის წინააღმდეგია და ამბობს, რომ აუდიტორია, როგორც წესი, თავად წყვეტს, რა აინტერესებს და რის გაგება სურს ამა თუ იმ კანდიდატზე. შესაბამისად ხდება რეაგირება პრესის მხრიდან, ტელეგადაცემების, ბეჭდური, თუ ელექტრონული მასალების მომზადება. შედეგად ამერიკულმა აუდიტორიამ მიიღო ის, რაც დაუკვეთა: ტრამპს უამრავი დრო სრულიად უფასოდ ეთმობოდა და მილიარდერ ბიზნესმენს სარეკლამო კამპანიისთვის ფაქტიურად დიდი თანხა დაუზოგა. „რედაქციების მთელი დანაშაული ჩემი აზრით, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ახალ ამბებს გადასცემენ. მთავარი თემა კი რესპუბლიკელთა პრაიმერები და მასში გამარჯვებული კანდიდატია, რომელსაც არჩევნები არასოდეს მოუგია და რომელსაც არც საბაზისო ცოდნა გააჩნია და არც საჭირო ტემპერამენტი აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტად იმსახუროს“. რობინსონის აზრით, ტრამპის წარმატებაში მედიის დადანაშაულება, „ეს არის კიდევ ერთი გზა, რომ იმ ამომრჩევლების იგნორირება მოხდეს, ვისაც ის საკუთარ ფავორიტად მიაჩნია“.

ჯონათან ალენი, ჰილარი კლინტონის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში შედარებით ზომიერ პოზიციას იკავებს. „ძალიან ძნელია, არ იფიქრო იმაზე, რომ მედია ასე თუ ისე ხელს უწყობდა ტრამპის აღზევებას“ - ამბობს პოლიტოლოგი. მაგრამ დასძენს, რომ ამ შემთხვევაში სოციალური მედიის დიდი მნიშვნელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მისი აზრით, „ამ შემთხვევაში ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან“. ტრამპმა საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად და მათი ხშირ-ხშირი გამეორებისთვის საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა არატრადიციული მედია, განსაკუთრებით კი ტვიტერი და ფეისბუქი. ტელევიზიით საერთოდ რომ არ შუქდებოდეს, დღეს ტრამპის ყოველი ნაბიჯი, თუ ნაფიქრი სოციალურ ქსელებზე დღეში რამოდენიმეჯერ არის ხელმისაწვდომი, აღნიშნავს ჯონათან ალენი. მისი თქმით, თუ ტრამპის აღზევებაში მაინც და მაინც ტრადიციული მედიის როლის დანახვა გვინდა, მაშინ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ არავინ აკეთებს რეალურად ტრამპის გამონათქვამების გადამოწმებას და მასთან პირდაპირ ეთერში ფაქტებით დაპირისპირებას.

XS
SM
MD
LG