ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის მაღალჩინოსნები ავღანეთიდან გამოსვლაზე კანონმდებლების კითხვებს უპასუხებენ


სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გამოძიება, ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით, გრძელდება. ამჯერად ამერიკის ჯარის მაღალი თანამდებობის პირები დაიკითხებიან და კანონმდებლების შეკითხვებს გასცემენ პასუხს.

თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, გენ.შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი და ამერიკის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი გენერალი კენეტ მაკენზი, ერთად წარსდგებიან კომიტეტის წინაშე და 20-წლიანი ომის დასრულების ოპერაციაზე ისაუბრებენ.

პენტაგონი ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ავღანეთიდან ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით, ამართლებს. ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი საჰაერო ევაკუაციის შედეგად, ავღანეთიდან 120,000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული. თუმცა, თალიბანის რეჟიმის ქვეშ ქვეყნიდან წასვლის ათასობით მსურველი, კვლავ რჩება.

მიუხედავად თეთრი სახლის და პენტაგონის განცხადებებისა, ამ ოპერაციას ამერიკელი კანონმდებლები და ექსპერტების უმეტესობა ქაოტურად და არაორგანიზებულად აფასებს. ქაბულის აეროპორტიდან საბოლოოდ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედროს და 169 ავღანელის სიცოცხლე შეეწირა.

ოფიციალური პირები სენატში, სავარაუდოდ, დაიკითხებიან იმის შესახებ, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ავღანეთიდან ევაკუაცია. უმაღლესი თანამდებობის პირები სენატში დღეს იკითხებიან, ხოლო ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოცხადდებიან.

XS
SM
MD
LG