ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები ნიუ-იორკში


ნიუ-იორკი

დიდი ხანია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის, ამერიკული უნივერსიტეტები ლიდერობს. ასე მოხდა წელსაც. ერთ-ერთი ავტორიტეტული U.S. News & World Report-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო 1 250 უნივერსიტეტიდან, 227 ამერიკულია. ამათგან პირველ ათეულში, რვა ამერიკული, ორი კი ბრიტანული უნივერსიტეტია წარმოდგენილი.

რეიტინგში, სხვადასხვა პოზიციებს იკავებს ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე რამდენიმე უნივერსიტეტი. დღეს წარმოგიდგენთ სამ მათგანს:

კოლუმბიის უნივერსიტეტი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
კოლუმბიის უნივერსიტეტი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

1. “კოლუმბიის უნივერსიტეტი”, მსოფლიოში არსებულ საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის, რეიტინგით, მერვე ადგილს იკავებს. ის კერძო უმაღლესი სასწავლებელია და 1754 წელს დაფუძნდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტი.
კოლუმბიის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტი მანჰეტენის ზედა ნაწილში, მეგაპოლისის დასავლეთით მდებარეობს. მას თავდაპირველად „კინგს კოლეჯი“ ეწოდებოდა. ამჟამინდელი სახელი უნივერსიტეტს 1896 წელს დაარქვეს.

სასწავლებელში სტუდენტთა 30% ბაკალავრიატის სტუდენტია. საერთო რაოდენობის 30% საერთაშორისო სტუდენტები არიან. ბაკალავრიატის სტუდენტთა 90%-ზე მეტი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სადიპლომო პროგრამებს შორის, გამორჩეულია ბიზნესის და სამართლის სკოლები, ასევე, სამედიცინო კოლეჯი.

  • სასწავლო ენა - ინგლისური
  • სტუდენტთა საერთო რაოდენობა - 26, 586
  • საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა - 9, 745

2017-2018 წლების მონაცემებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ერთი აკადემიური სასწავლო წლის ღირებულება 54, 504 დოლარია.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

2. ნიუ-იორკის უნივერსიტეტი - ცნობილი, როგორც NYU, ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 1831 წელს დაფუძნდა. ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. უნივერსიტეტს გარდა ნიუ-იორკისა, ფილიალები აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთში. გასული წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხედი უცხოელია.

უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. მათ შორისაა ხელოვნება და მეცნიერება, ბიზნესი, საინჟინრო, იურისპრუდენცია, სამედიცინო.

  • ძირითადი სასწავლო ენა - ინგლისური.
  • სტუდენტთა საერთო რაოდენობა - 44, 443
  • საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა - 14, 007

2018-2019 წლების მონაცემებით, „ნიუ-იორკის უნივერსიტეტში“ ერთი აკადემიური სასწავლო წლის ღირებულება 69, 984 დოლარია.

როკფელერის უნივერსიტეტი
როკფელერის უნივერსიტეტი

3. „როკფელერის უნივერსიტეტი“, იგივე რეიტინგში, 66-ე ადგილზეა. კერძო უმაღლესი სასწავლებელი, 1901 წელს, ნავთობ-მაგნატმა და ფილანტროპმა, ჯონ როკფელერმა დააფუძნა, როგორც „როკფელერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი.“ უნივერსიტეტი დაარსებიდან მნიშვნელოვან სამედიცინო კვლევებს აწარმოებს. 118 წლიანი ისტორიის განმავლობაში, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების 24 წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატია.

  • სასწავლო ენა - ინგლისური
  • სტუდენტთა საერთო რაოდენობა - 211
  • საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა - 80

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი სია, რეიტინგის მიხედვით, ასე გამოიყურება.

  1. ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ
  2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ
  3. სტენფორდის უნივერსიტეტი - აშშ
  4. კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ფილიალი - აშშ
  5. ოქსფორდის უნივერსიტეტი - ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
  6. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ
  7. კემბრიჯის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო
  8. კოლუმბიის უნივერსიტეტი - აშშ
  9. პრინსტონის უნივერსიტეტი - აშშ
  10. ვაშინგტონის უნივერსიტეტი - აშშ

რეიტინგზე მუშაობისას, მკვლევარებმა უნივერსიტეტების აკადემიურ-კვლევითი საქმიანობის, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში, მათი რეპუტაციის მიხედვით იმსჯელეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG