ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელიტარული კოლეჯი მაღალი ხელფასის გარანტია არ არის


რა უფრო მნიშვნელოვანია მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის, სად მივიღებთ უმაღლეს განათლებას, თუ რა სპეციალობას ავირჩევთ? რუბრიკა „გალილეო“ კვლევითი ორგანიზაცია „ფეისქეილის“ ანალიზს გაგაცნობთ.

ელიტარული კოლეჯი მაღალი ხელფასის გარანტია არ არის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00

უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ხშირად მისი პრესტიჟულობაა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელ რიგ ქვეყნებში განათლება უფასო არ არის, ან უმეტესობისთვის არ არის, კოლეჯის დამთავრების შემდეგ მაღალი ანაზღაურება საკმაოდ აქტუალურ საკითხად რჩება. ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპით, ელიტარული კოლეჯი კურსდამთავრებულისთვის უფრო მაღალი ხელფასის გარანტიაა. რამდენად სწორია ეს შეხედულება?

სიეტლში მოქმედი ამერიკული კომპანია „ფეისქეილი“ (PayScale) 2015 წლის შემაჯამებელ ანგარიშში განათლებისთვის სტუდენტის მხრიდან ჩადებული ფულადი ინვესტიციის კოლეჯის დასრულების შემდეგ ამოღების თაობაზე რეიტინგებს და მომავლის პროგნოზებს აქვეყნებს. ინტერნეტ-კომპანია ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკულ სამსახურებში ხელფასებს, თუ სხვა ტიპის ანაზღაურებებს და შეღავათებს სწავლობს.

როგორც ანგარიშით ირკვევა, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვსწავლობთ, ვიდრე ის, თუ სად ვსწავლობთ. შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალობებს შორის სახელდება ინჟინერია, ბიზნესი, ეკონომიკა და პროგრამირება. ჰუმანიტარული დარგების სპეციალისტთა საშუალო ანაზღაურება გაცილებით დაბალია და ხარჯს და უკუგებას შორის ბალანსი ხშირად ნეგატიურია.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ხელფასზე დიდ გავლენას არ ახდენს ის, საჯაროა სასწავლებელი, რომელიც მათ დაამთავრეს, თუ კერძო. ამერიკულ საჯარო სასწავლებლებში დიპლომი საშუალოდ $29 609 ჯდება, მაშინ როცა კერძო უნივერსიტეტებში ეს თანხა 83 ათასს აჭარბებს. ხარჯში შედის სწავლის საფასური, ბინის ქირა, წიგნები და სხვა აუცილებელი სასწავლო რესურსი.

კომპანია „ფეისქეილი“ დასკვნებს 20-წლიან მონაცემთა ბაზის შესწავლას აფუძნებს. კვლევის შესახებ გამოცემულ პრესრილიზში ქეით ბორდარო, კომპანიის ანალიტიკური განყოფილების დირექტორი და წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების მზარდი ფასების გამო სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარიერის არჩევის მომენტში, კოლეჯის შერჩევამდე მიიღონ მხედველობაში სწავლის საფასური და სავარაუდო ხელფასი, რომელიც მათ კურსის დამთავრების შემდეგ ექნებათ“.

XS
SM
MD
LG