ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. ალმა მატერს – უამრავი ადამიანისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და განვითარების ერთ–ერთ მძლავრ კერას - საფუძველი 1918 წელს, 26 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ჩაეყარა.

დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა. აქ იყვნენ ქვეყნის პოლიტიკური და სასულიერო ლიდერებიც, თუმცა საყოველთაო საზეიმო განწყობა არ შედგა. დისონანსი ღონისძიებაში სტუდენტებმა შეიტანეს. ისინი ფიქრობენ, რომ უმაღლესი სასწავლებელი თავს ვერ ართმევს უპირველეს დანიშნულებას – სტუდენტების განათლებაზე ზრუნვას. სხდომაზე ხმაური სწორედ ამგვარი განცხადებების გამო ატყდა.

საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომელიც საზეიმო ღონისძიებას ასევე სტუმრობდა და სიტყვითაც გამოვიდა, დერეფანში გამოსვლისას უკმაყოფილო სტუდენტებთან მოუწია შეხვედრა, ვინც საზეიმო სხდომაზე არ შეუშვეს, ადგილის სიმცირის გამო. ზოგიერთმა მათგანმა დარბაზში შესვლა მოახერხა და ხმაურიანი გამოსვლით სცადა ყურადღების მიპყრობა, რაც გაძევებით დასრულდა.

პრემიერმა დერეფანში სტუდენტებს მიმართა: „დაგელაპარაკები, მოდი, რა გინდა, აგერ ვარ, გაგიმარჯოთ. დამსწრეთა სიის შედგენა არ მომხდარა ჩემს მიერ ჯერ ერთი, მეორეც აქაა მთელი მსოფლიო სტუმრობა. მე არ ვიცი, რომელი თქვენი წარმომადგენელი არ შეუშვეს, მაგრამ როგორც მითხრეს, თქვენი წარმომადგენლები აქ მონაწილეობდნენ“. პრემიერს ამაზე უპასუხეს, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გეუბნებით კიდევ ერთხელ, რომ ეს ყველაფერი ძალიან უხერხულია. მე თქვენთან ახლაც მოვედი, მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება აქ დაცვა.“

„ყოველ კომუნიკაციას თან ახლდა უფრო და უფრო ნდობის გაციება ჩვენს შორის, რადგან ყოველი კომუნიკაციის დროს ვიღებდით დაპირებებს, რაც არ სრულდებოდა,“– აცხადებდნენ სტუდენტები პრემიერთან, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ესაა მათი აღქმა და რეალობა არის განსხვავებული.

კომუნიკაცია პრემირსა და სტუდენტებს შორის, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდგომაც გიორგი კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის შენობა დატოვა. ეს პრემირსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არაა. უნივერსიტეტის მართვის პოლიტიკითა და სხვა საკითხებით უკმაყოფილო სტუდენტები საკუთარი შენიშვნებითა და პრეტენზიებით ჯერ კიდევ ორი წლის წინ მართავდნენ ხმაურიან აქციებს.

2016 წელს საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ პრემიერი დახურულ კარს მიღმა შეხვდა, მოისმინა საჩივრების თაობაზე და გადაჭრის გზების მოძიებისას, თანამშრომლობის დაპირებაც გასცა. როგორც იტყვიან, შედეგი სახეზეა: უკმაყოფილო სტუდენტები შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ და პროტესტის დაფიქსირებას საზეიმო ღონისძიებაზე არ ერიდებიან. პირიქით, მიიჩნევენ, რომ ეს უკეთესი ტრიბუნაა პრობლემებზე ყურადღების მისაქცევად.

"ამერიკის ხმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა: „უნივერსიტეტს მართლაც დიდი ღვაწლი აქვს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, იმ მოთხოვნებიდან, რასაც XXI საუკუნეში უყენებს საზოგადოება უნივერსიტეტებს, საჭიროა მტკივნეული რეფორმები, ზოგჯერ რადიკალური რეფორმებიც კი, რის მცდელობაც რამდენჯერმე იყო, მაგრამ ვერც ერთი ვერ მივიდა ბოლომდე. ისინი არ იყო კარგად გააზრებული.

უნივერსიტეტი ყველაფერი პროგრესულის ცენტრი უნდა იყოს, რასაც თსუ ბოლო პერიოდში ვერ ართმევს თავს. ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ობიექტური ისაა, რომ დაფინანსება არასაკმარისია და უნივერსიტეტი იძულებულია სტუდენტების მიერ გადახდილი თანხები გადაანაწილოს ბევრი მიმართულებით. ვერ აძლევს საკმარის ანაზღაურებას პროფესურას, არ იდება ინვესტიციები, რომ სტუდენტების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს და სხვა“.

კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ამ დრომდე ვერ მოხდა უნივერსიტეტის მოდერნიზაცია ისე, როგორც ბევრ თანამედროვე ევროპულ ქვეყნაშია: „სტრუქტურული და ადმინისტრაციული თვალსაზირით, საჭიროა ძირეული ცვლილებები, რაც, ბუნებრივია, საკმაოდ მტკივნეულია. აქედან გამომდინარე, რეფორმაციის საკითხი თსუ–ში განიხილება, როგორც რაღაც პოლიტიკური საკითხი და რეზონანსს იწვევს ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლებები ცდილობენ, აუტკივარი თავი არ აიტკიონ და შეეგუონ იმ სიტუაციას, როდესაც თსუ არის ისე, როგორც არის. მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ის უფრო სხვა, პროგრესული ტიპის უნივერსიტეტად გარდაქმნილიყო.“

ლევან ლორთქიფანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და ამავდროულად „აუდიტორია 115–ის“ წარმომადგენელი. ის ერთ–ერთი მთავარი პერსონაა სტუდენტებს შორის, ვინც წლების განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირებას მოითხოვს და ამისთვის საკუთარი ხედვა გააჩნია. "ამერიკის ხმასთან" ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის მოდერნიზაცია, გარკვეულწილად, პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს.

„მხოლოდ საზეიმო თარიღების აღსანიშნავად მთავრობის, ეკლესიის წარმომადგენლები, სხვა ძალაუფლების მქონე ადამიანები მოდიან უნივერსიტეტში, აღნიშნავენ რაღაც თარიღებს და წლების განმავლობაში უნივერსიტეტი არის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მიტოვებული, კანონების ცვლილების გარეშე და არაფერი არ იცვლება განათლების სისტემაში. დღევანდელი პროტესტი სტუდენტებისა, სწორედ იმაზე ხაზგასმა, რომ რეალურად უნდა იმოქმედონ და რეალურად უნდა სცენ პატივი უნივერსიტეტის სამეცნიერო და კვლევით ტრადიციებს და არა ლიტონი სიტყვებით.

2016 წელს პრემიერთან შეხვედრების შემდგომ, იყო დაპირება იმის თაობაზე, რომ კანონში შევიდოდა ცვილლებები, გადაიდგმებოდა პირველი ნაბიჯები რეფორმებისთვის, გაჩნდებოდა პირველი საბიუჯეტო დაფინანსება კვლევებისთვის და სხვადასხვა ფაკულტეტზე სტანდარტი გაუმჯობესდებოდა, მაგრამ როგორც კი საპროტესტო ტალღა ჩაცხრა, ჩვენ დაგვტოვეს უპასუხოდ და არცერთი ნაბიჯი შესაბამისი მიმართულებებით არ გადადგმულა.

უნივერსიტეტის რეფორმირების პროცესის შეფერხების რეალურ მიზეზს ლევან ლორთქიფანიძე შემდეგნაირად ხსნის: „უნივერსიტეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჰგონიათ სოციალური დაწესებულება, ვერ ბედავენ ძველი კადრების წინააღმდეგ წასვლას. ძველში ვგულისხმობ როინ მეტრეველის და კომუნისტების დროინდელ კადრებს. მათ აქვთ სოციალური კაპიტალი, მათ შეუძლიათ ხმაური, მათ შეუძლიათ წინააღმდეგობის გამოხატვა და არავის არ სურს უთანხმოება პროფესორებად ჩამოყალიბებულ რაღაც კლანთან.

ეს პოლიტიკური საკითხი ნამდვილად არის, და ამასთან არის ფინანსური საკითხიც. მიაჩნიათ, რომ ბიუროკრატიაზე და მსგავს საკითხებზე უნდა დაიხარჯოს ფული და არა განათლებასა და მეცნიერებაზე. ჩვენს მთავრობაში ჰგონიათ, რომ რადგან მცირე ქვეყანა ვართ, განათლება უნდა იყოს მხოლოდ ელემენტარულ დონეზე, მხოლოდ ბაზარზე ორიენტირებული. ფიქრობენ, რომ ბაზარი დაარეგულირებს კვლევით და საუნივერსიტეტო საქმიანობას.

ჩვენ კიდევ ვფიქრობთ, რომ თუ სახელმწიფომ არ აიღო ფინანსური პასუხისმგებლობა სამეცნიერო–კვლევითი სფეროს განვითარებაზე, ბაზარი იმდენად მცირეა, რომ არც გამოიხედავს ჩვენი სასწავლებლებისკენ, მით უმეტეს, რომ არსებობს შანსები სხვაგან სწავლის, „ბაზრის მოთხოვნის“ სხვაგან დაკმაყოფილების“.

სპეციალური აპლიკაცია „თსუ – 100“ "ფეისბუქისთვისაც" შეიქმნა. ალმა–მატერის 100 წლის იუბილე გულგრილს არავის ტოვებს. თუმცა, სოციალურ ქსელებში გამოხმაურებები მხოლოდ პოზიტიური არაა. თვალში მოსახვედრია დინამიკა იმის თაობაზე, რომ ემოციური მიჯაჭვულობის შესახებ პოსტებში ხშირად ისმის წუხილიც, რომ უნივერსიტეტში ბევრი რამ მოუწესრიგებელია, რომ ის სწავლის ხარისხითა და განათლებაზე ორიენტირებულობით უკვე ნაკლებად აღიქმება კონკურენტად ქვეყნის შიგნით არსებული ზოგიერთი უნივერსიტეტისთვისაც კი. სერგი კაპანაძე, ერთ–ერთი თსუ–ელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

სანამ დღეს თსუ- 100 წლისთავს ვზეიმობთ და ყველანი მხოლოდ კარგს ვწერთ თსუ-ზე, იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ისევ გვემახსოვრება, რომ...

- ძალიან ბევრ პროფესორს ხელფასი ისევ 1000 ლარზე ნაკლები აქვს თვეში
- სხვა უნივერსიტეტები უკვე ბევრად უსწრებენ თსუ-, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე ლექტორების ხარისხით
- სტუდენტები ჯერ კიდევ "ძველი დიდების" ან/და დემპინგურად დაბალი გადასახადის გამო აბარებენ უნივერსიტეტში
- თსუ პირველი აღარ არის რეიტინგებში. უკვე რამდენიმე წელია
- სალექციო საათების დიდი ნაწილი საათში 15, ან უფრო ნაკლებ ლარად იკითხება მოწვეული ლექტორების მიერ. ამ "უფასო შრომაზე" დგას დღეს დედა-უნივერსიტეტი
- სუს- ჯერ კიდევ ერევა ადმინისტრირების პროცესში
-
გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორც არასდროს, ისე მოუქნელი და ზანტია, საქმის წარმოების "კარგად დავიწყებული ძველი" საბჭოთა პრაქტიკა კი ახალი სიცოცხლით აღდგენილი
- თავიანთ თბილ ადგილებზე დაბრუნდნენ ის პროფესორები, რომლებიც პირდაპირ ქმნიდნენ თსუ- კორუფციულ სისტემას 90-იან წლებში
- სტუდენტებს პირველი წლის ბოლოს ისევ უჩნდებათ განცდა, რომ "ცოდნის ტაძარი" არც ისეთი ცოდნის მიმცემი ყოფილა, და არც მაინცდამაინც ტაძარი

იტყვით, ამას დღეს 100 წლისთავზე, ზეიმის განწყობაზე როცა ვართ, არ უნდა ამბობდეო.

შეიძლება ასეც არის.

უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ 100 წლის წინ შეიქმნა ისტორია, დღეს კი ეს ისტორია გრძელდება ინერციით, ხოლო სადღეგრძელოების მთქმელები ისევ ჭარბობს სიმართლის მთქმელებს. აღარაფერს ვამბობ, საქმის მკეთებლებზე.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისთვის დღეს მთავარი გამოწვევა მოდერნიზაცია და სწავლების სტანდარტის გაუმჯობესებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG