ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 ყველაზე დაზარალებული შტატი ამერიკაში


მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაავადებულთა რიცხვი 1 860 000-ზე მეტია. გარდაცვლილთა რიცხვი კი 115 000- აჭარბებს. შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 558 000- აღწევს. ვირუსი დაფიქსირებულია 50-ივე შტატში, ვაშინგტონში - კოლუმბიის ოლქში და ამერიკის 4-ივე ტერიტორიაზე. ისტორიაში პირველად, ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა. ეს მდგომარეობა ფედერალური დაფინანსებისადმი შტატებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მეტ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

თუკი მარტის დასაწყისში ქვეყანაში სულ 70 შემთხვევა იყო დაფიქსირებული და ისიც ყველა საერთაშორისო მგზავრობასთან დაკავშირებული, ახლა გარდაცვლილთა რაოდენობა, რამაც დიდი ხანია ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა, დღეში საშუალოდ ათასით იზრდება. დღეს ეს ციფრი 22 ათასს სცდება.

ამჟამად ამერიკელებს ქუჩაში თუ მაღაზიებში ნიღბების ტარებას სთხოვენ. ზოგ შტატში პატიმრებიც კი გაათავისუფლეს იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელება შეიზღუდოს. დახურულია სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები, რესტორნები. გაუქმებულია კონცერტები თუ სპორტული ღონისძიებები. ზოგიერთ შტატში სხვა შტატიდან ჩამოსულებსაც კი მოეთხოვებათ კარანტინის დაცვა. ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და უარესი გამოვლილი არაა. თუმცა გასული კვირა ამ დრომდე უმძიმესი იყო.

ნიუ-იორკი

კვლავ ნიუ-იორკისკენაა მიმართული მთელი მსოფლიოსა და ამერიკის ყურადღება. ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო ამბობს, ეპიდემია „ბევრ კატრინას“ უდრის. კატრინა ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი იყო ამერიკაში, რომელმაც 2000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სრულადაა დატვირთული ყველა სამედიცინო დაწესებულება, მუშაობს ასევე საველე ჰოსპიტლებიც ცენტრალურ პარკში.

ტაიმს სკვერი, ნიუ-იორკი
ტაიმს სკვერი, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში ინფიცირებულთა რაოდენობა კვირის მონაცემებით 190 000-ს აღწევს. გარდაცვლილია 10 000-მდე ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქალაქსა თუ შტატშიც, დაავადებულთა საერთო რაოდენობაში შავკანიანი მოსახლეობის წილი არაპროპორციულად მაღალია. „სიმართლე ისაა, რომ კორონავირუსის უარყოფით ზეგავლენას შორის, იმ ტკივილის და სიკვდილის გარდა, რასაც ის იწვევს, ის „მიჰყვება“ ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ იმ უთანასწორობას, რასაც ჩვენ ვხედავთ წლების და ათწლეულების განმავლობაში“, - ამბობს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო.

ნიუ-იორკის გარდა, ციფრები სწრაფად იზრდება ამერიკის სხვა, ჩრდილო-აღმოსავლეთით (და არა მხოლოდ) მდებარე შტატებში, რომლებიც ამჟამინდელი რიცხვებით ნიუ-იორკს ჩამოუვარდება, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით არსებული ციფრების ან სამომავლო პროგნოზებით, არც ისე მარტივი ვითარებაა.

ნიუ-ჯერსი

რთული ვითარებაა ნიუ-იორკის მეზობელ ნიუ-ჯერსიშიც. აქ 62 ათასამდე ადამიანია დაავადებული, 2 300-მდე კი - გარდაცვლილი. ნეუ-ჯერსიში არაერთი მკაცრი ღონისძიება სხვა შტატებთან შედარებით გაცილებით ადრე გატარდა. საგანგებო მდგომარეობა შტატში 9 მარტს გამოცხადდა. 16 მარტიდან საღამოს და ღამის საათებში გადაადგილება აკრძალულია; 21 მარტს სახლში დარჩენის ბრძანება ამოქმედდა, თვის ბოლოს კი პრეზიდენტმა შტატში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მას რესურსებზე მეტ წვდომას აძლევდა.

ნიუ-ჯერსი, აშშ
ნიუ-ჯერსი, აშშ

რამდენიმე დღის წინ შტატმა დახურა ყველა ეროვნული თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული პარკი, რადგან გუბერნატორის თქმით, ჰაერზე გასული ადამიანები სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ. „ჩვენ გვესმის, რომ სახლში დარჩენა რთულია და სუფთა ჰაერი გჭირდებათ, მაგრამ ჩვენ 100-% იანი შესრულება გვჭირდება, თქვენ სახლში უნდა იყოთ“, - ამბობს ფილ მერფი.

შტატში 2 ივნისს დაგეგმილი პრაიმერებიც 7 ივლისამდე გადაიდო. მერფის თქმით, ეს დამატებითი დრო საშუალებას მისცემს საარჩევნო სისტემის წარმომადგენლებს, გადაწყვიტონ, საჭირო იქნება თუ არა სრულად საფოსტის საშუალებით ჩატარდეს ეს არჩევნები. მისი თქმით, შიდაპარტიული არჩევნების ამგვარად ჩატარების შესაძლებლობა ჯერაც განიხილება.

მასაჩუსეტსი

25 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული მასაჩუსეტსის შტატში. გარდაცვლილთა რაოდენობა 750-ს აჭარბებს. შტატის ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი - 300-ზე მეტი მსხვერპლი ზრუნვის ცენტრების, პანსიონატების თუ სხვა მსგავსი, ინსტიტუციური დაწესებულებების მცხოვრებლებზე მოდის. ვირუსით დაავადებულთაგან 2 600-ზე მეტი ადამიანი სწორედ ამ დაწესებულებების მცხოვრები ან აქ მომუშავე პერსონალია. შაბათს ერთ-ერთ ასეთ, ვეტერანთა ცენტრში, 76 ინფიცირებული მცხოვრებიდან 37 იყო გარდაცვლილი. სულ შტატის მასშტაბით საავადმყოფოებში 2 120 პაციენტი მკურნალობს.

შტატის დედაქალაქ ბოსტონში შაბათის მონაცემებით ვირუსით ინფიცირების 3 700-მდე დადასტურებული შემთხვევა იყო.

მიჩიგანი

მასაჩუსეტზე დაახლოებით 1000 შემთხვევით ნაკლები - 24 600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული მიჩიგანში, თუმცა აქ გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის ორი იმდენია, რაც მასაჩუსეტში - 1 500-მდე ადამიანი. რამდენიმე დღის წინ მიჩიგანში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, ერთ დღეში - 118 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ციფრი იყო მანამდე დაფიქსირებულთა შორის.

ვირუსით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოლქზე მოდის, სადაც შტატის დედაქალაქი, დეტროიტი მდებარეობს. დებორა ბირქსი, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფის წევრი ამბობს, რომ უაინის ოლქი მალე შესაძლოა ერთ-ერთი ცხელი წერტილი გახდეს.

მიჩიგანი ახლა მეოთხე ყველაზე დაზარალებული შტატია, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და მასაჩუსეტსის შემდეგ (ინფიცირებულთა საერთო რაოდეობით). შტატის გუბერნატორმა გრეტჰენ უიტმერმა მოქალაქეებს სახლში დარჩენა უბრძანა და თქვა, რომ 14 აპრილამდე გამოცხადებული ეს ზომა შემდეგაც გახანგრძლივდება, რადგან ჰოსპიტლები უკვე გადატვირთულია პაციენტთა მზარდი რაოდენობით.

ლუიზიანა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე არაჯანსაღ შტატად მიიჩნევა, თუმცა სტატისტუკურ მონაცემებით, შავკანიანი მოსახლეობის წილი გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობაში არაპროპორციულად დიდია: აფრო-ამერიკული მოსახლეობა შტატის მოსახლეობის 1/3-ს შეადგენს, გარდაცვლილთა შორის კი მათი წვლილი 2/3-ზე მეტია - თითქმის 70 %.

გუბერნატორ უიტმერს ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად განიხილავენ. შტატში ბაიდენის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება დიდწილად მის მიმართ გუბერნატორის მხარდაჭერამ განაპირობა. ბაიდენმა კი პირობა დადო, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნება. უიტმერმა კრიზისის დროს პრეზიდენტი ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკა და ფედერალური მთავრობის მხრიდან ერთიანი მიდგომის ნაკლებობაზე და სამედიცინო აღჭურვილობის და საშუალებების ნაკლებობაზე ისაუბრა. თუმცა პრეზიდენტმა უიტმერისა და ზოგიერთი სხვა გუბერნატორის მიმართ პასუხისას განაცხადა, რომ ისინი მეტად „დამფასებლები“ უნდა იყვნენ თეთრი სახლის მიმართ.

ამ დროისთვის შტატში დადასტურებულ შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი დედაქალაქ დეტროიტში ცხოვრობს. მიჩიგანის ჯანდაცვისა სერვისების სააგენტოს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ეს სამ ფაქტორთანაა დაკავშირებული: დეტროიტსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული და ამ რეგიონში ყველაზე აგრესიული ტესტირება ჩატარდა. საინტერესოა, რომ დეტროიტში დაავადებულთა თითქმის 60 % 20-და 59-წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.

პენსილვანია

პენსილვანია 23 000-მდე პაციენტს ითვლის, მათგან 500-ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა 41 % ის მოქალაქეები არიან, რომელთა ასაკიც 25-დან 49 წლამდეა, პაციენტთა 29 % კი 50-64 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. ინფიცირებულთა მხოლოდ მეხუთედი, 21 %-ია 65 წელზე ხანდაზმული. თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები განსხვავებულია: 65 წელზე უფროსი პაციენტების ნახევარზე მეტი საავადმყოფოებში მკურნალობს, 25-49 წლის პაციენტებიდან კი მხოლოდ მეხუთედია კლინიკაში.

ოფიციალური პირების ცნობით, ახალ შემთხვევათა ზრდა შენელდა, თუმცა ვითარება კვლავ რთულია: 2 200-მდე მოქალაქე საავადმყოფოშია, 617-ს კი ფილტვების ვენტილაცია ესაჭიროება.

შემაშფოთებელი და მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება პენსილვანიის სხვადასხვა მზრუნველობით ინსტიტუციაში. ფილადელფიაში კი 45 მეხანძრე და პარამედიკი (სასწრაფო დახმარების თანამშრომელი). „ფილადელფია ინქუაერერის“ ცნობით 140 თანამშრომელი ტესტის შედეგებს ელოდება.

კალიფორნია

ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. იზოლაციისთვის განკუთვნილი ბანაკი
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. იზოლაციისთვის განკუთვნილი ბანაკი

ამერიკაში ვირუსის დაფიქსირების ადრეულ ეტაპზე კალიფორნია ვაშინგტონის შტატის შემდეგ პირველი ყველაზე რთული ვითარების მქონე შტატი იყო და აქვე ამოქმედდა ერთ-ერთი პირველი სახლიდან გასვლის თუ გადაადგილების შეზღუდვა კონკრეტულ საათებში. კალიფორნია ახლა 20 ათასამდე შემთხვევას ითვლის. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, კალიფორნია კარგი მაგალითია იმისა, რომ სოციალურმა დისტანცირების მკაცრმა ზომემმა იმუშავა. ვირუსზე ადრეულმა რეაგირებამ გავრცელება შეანელა. მაგალითად სანტა კლარას ოლქში შემთხვევების რაოდენობა ყოველ სამ დღეში ორმაგდებოდა, მოგვიანებით ეტაპზე კი უკვე 2 კვირაში ერთხელ, ამბობს, სარა კოდი, ჯანდაცვის ადგილობრივი ოფიცერი.

მართალია ახლა კალიფორნია მხოლოდ მეექვსეა იმ შტატების სიაში, სადაც ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მაგრამ ციფრები მაინც მაღალია და კვლავ იზრდება. აქ 22 600-მდე პაციენტის დაავადებაა დადასტურებული და 640 ადამიანია გარდაცვლილი. გასული კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ 1200 ახალი შემთხვევა და საშუალოდ 44-45 ადამიანის სიკვდილი ფიქსირდებოდა. ამ დროისთვის ყველაზე მეტად ლოს-ანჯელესის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქია დაზარალებული.

21 მარტი, კალიფორნია, აშშ
21 მარტი, კალიფორნია, აშშ

შტატში პირველი პაციენტის ინფიცირება იანვრის ბოლოს დადასტურდა. თავდაპირველად ციფრები ნელა იზრდებოდა, თუმცა ტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც სწრაფად გაიზარდა. ამჟამად შტატში ციფრები ყოველ 10.5 დღეში ერთხელ ორმაგდება.

შტატის გუბერნატორის, გავინ ნიუსომის ბრძანებით, 40 მილიონამდე კალიფორნიელს სახლში დარჩენა მოეთხოვება. ამ მოთხოვნის შესრულების ვადა არ დასახელებულა. შტატში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ის კაფე-რესტორნები, რომლებიც მსურველებს კერძების თან წაღების სერვისს სთავაზობს ან თავად მიაქვს ადგილზე. დახურულია რეკრეაციული დანიშნულების ყველა ობიექტი, სპორტული დარბაზი, თეატრი თუ სხვა. დაკეტილია ღია ცის ქვეშ მდებარე პარკები, გასართობი მოედნები თუ მათთან მდებარე პარკინგის ტერიტორიები. აკრძალულია ყველა ტიპის თავყრილობა.

ილინოისი

ილინოისში ამ დროისთვის 21 ათასამდე პაციენტია, 720 კი - გარდაიცვალა, მათგან 267 მხოლოდ ჩიკაგოში. გარდაცვლილთა დაახლოებით 85 % 60 წელზე ხანდაზმული ადამიანები იყვნენ. საშუალოდ შტატში, ყოველ 100 000 მოსახლეზე 165 ინფიცირებულია, მთელ ამერიკაში კი ეს ციფრი 160-ია. თუმცა ზოგიერთ ოლქში საშუალო მაჩვენებელი 283-საც კი აღწევდა.

ილინოისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული შტატია უმუშევრობის კუთხითაც. 16 მარტს ილიონისის 10 900-მდე მოსახლე ითხოვდ აუმუშევრობის დაზღვევას, 21 მარტს ეს ციფრი 114 ათასს აჭარბებდა. 2 კვირაში კი ეს ციფრიც გაორმაგდა.

გასულ კვირას უმუშევართა დახმარების პროგრამას შტატიდან 201 041-მა აპლიკანტმა მიმართა. ეს 2100 %-ით იმაზე მეტია, ვიდრე გასული წლის, ამავე დროის მაჩვენებელი. ჩიკაგოში სხვა შტატების მსგავსად სახლში დარჩენის და არაარსებითი საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნა მოქმედებს, თუმცა 17 მარტს, შტატში პრაიმერები გაიმართა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შიდაპარტიული არჩევნები გადაიდო ოჰაიოში, ჯორჯიასა და ლუიზიანაში.

ლუიზიანა

ლუიზიანის გუბერნატორი მოსახლეობას აქტიურად სთხოვდა არ მოდუნებულიყვნენ და არ დაერღვიათ სოციალური დისტანცირების ზომები სააღდგომო უქმეებზე, რადგან მისი თქმით, ამის შემდეგ შეიძლება შტატი ინფიცირების სისწრაფეს და პროგრესს ვეღარ გაუმკლავდეს.

25 მარტი, 2020, ბურბონ სტრიტი, ახალი ორლეანი, ლუიზიანა
25 მარტი, 2020, ბურბონ სტრიტი, ახალი ორლეანი, ლუიზიანა

ლუიზიანაში მდებარეობს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი - ახალი ორლეანი. ქალაქი თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ერთ-ერთ უდიდეს ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობდა.

ამჟამად შტატში კოვიდით 20 600-მდე პაციენტია ავად, 840 ადამიანი კი - გარდაცვლილი. საავადმყოფოებში 2000-ზე მეტი ადამიანია, მათგან 500-მდე ადამიანს ფილტვების ვენტილაცია ესაჭიროება. შტატის გუბერნატორი ამბობს, რომ ჰოსპიტალიზების შემთხვევებში კლება შეიმჩნევა, თუმცა სიხარული ნაადრევია და სახლში დარჩენის მოთხოვნა უნდა შესრულდეს. ჯონ ბელ ედვარდსი ამბობს, რომ „ნორმალურ ყოფასთან დაბურნების დრო ჯერ არ არის“.

ლუიზიანის ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემები გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ გვაწვდის ცნობებს: გარდაცვლილთა 66 %-ს ჰიპერტენზია ჰქონდა, 44%-ს - დიაბეტი, 25 %-ს თირკმელების ქრონიკული დაავადება, 25 % - ჭარბწონიანი იყო, 23 %-ს კი გულის დაავადება აწუხებდა.

გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შტატი აცხადებს იმასაც, რომ დაღუპულთა 70% აფრო-ამერიკული წარმოშობის მოქალაქეა. ლუიზიანის მონაცემებმა მოქალაქეებსა და ხელისუფლებსი წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, ვისზე ახდენს ეპიდემია ყველაზე სერიოზულ და უარყოფით გავლენას.

15 მარტი, 2020, ახალი ორლეანი, აშშ
15 მარტი, 2020, ახალი ორლეანი, აშშ

ლუიზიანა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე არაჯანსაღ შტატად მიიჩნევა, თუმცა სტატისტუკურ მონაცემებში აშკარად ჩანს, რომ შავკანიანი მოსახლეობის წილი გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობაში არაპროპორციულად დიდია. აფრო-ამერიკული მოსახლეობა შტატის მოსახლეობის 1/3-ს შეადგენს, გარდაცვლილთა შორის კი მათი წვლილი 2/3-ზე მეტია - თითქმის 70 %. გუბერნატორი ამ რასობრივ უთანასწორობას შემაშფოღებლად მიიჩნევს. ამბობენ, რომ ეს მოსახლეობას შორის ჯანდაცვის და დაზღვევის მიმართულებით არსებულ განსხვავებებს უკავშირდება.

რადგან ლუიზიანაში მოსახლეობას არსებული ქრონიკული დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, სწორედ ამიტომ ერთ სულ მოსახლეზე ლუიზიანაში ვირუსით სიკვდილიანობაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

„ჩვენ ათწლეულების, თაობების განმავლობასი ვამბობდით, რომ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი ქრონიკული დაავადება გვაქვს, ვიდრე შტატების უმეტესობას. ეს თანმდევი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ის, რაც უფრო მოწყვლადს გვხდის ვირუსის მიმართ. ის, რაც აქ ხდება, ძალიან ტრაგიკულია“, ამბობს გუბერნატორი.

ფლორიდა

ფლორიდაში 20 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, 461 -ვირუსმა იმსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 1 400-ზე მეტი ადამიანის დაავადება მოგზაურობას უკავშირდება, 4200-ზე მეტი - ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. 1 000-ზე მეტი ან მოგზაურობით ან სხვა დაავადებულთან კონტაქტით. 13 ათასამდე შემთხვევის შესახებ კი ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.

გასულ კვირას გამოცემული ბრძანების თანახმად, სასურსათო მაღაზიებში მომუშავე პერსონალსა და იქ მისულ მოქალაქეებს სახე ნიღბით ან სხვა საშუალებით უნდა ჰქონდეთ დაფარული. ეს მოთხოვნა ეხება კვების ობიექტებს, ადგილზე მიტანის სერვისში დასაქმებულებსა და სხვებსაც.

ფლორიდა კალიფორნიის მსგავსად, მარტში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან პოლიციასა და ადგილობრივ მთავრობას აქ სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის მოთხოვნის დასაცავად პოპულარული სანაპიროების დაკეტვაც კი მოუხდა. საგაზაფხულო არდადეგების გასატარებლად მაიამიში ჩასული ახალგაზრდების ნაწილი შეზღუდვებს არ ემორჩილებოდა.

ტეხასი

ტეხასში, რომელიც მოსახლეობის ოდენობით და სიდიდით მეორე ყველაზე დიდი შტატია ამერიკაში, ვირუსული ინფექცია 13 500-მდე ადამიანს აქვს დადასტურებული, გარდაცვლილია -276. შტატში კვირას, შუადღეს 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დაახლოებით 7 %-ით იმაზე მეტი ვიდრე წინა დღეს იმავე დროს. მთელი ტეხასის მასშტაბით საავადმყოფოში 1338 პაციენტი მკურნალობს. შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, გრეგ აბოტი ამბობს, რომ ბიზნეს-საქმიანობის „უსაფრთხო გზით“ თანდათანობით აღდგენა მალე უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ადამიანთა გააქტიურებული ტესტირება ამ სტრატეგიის ნაწილი იქნება.

სხვადასხვა ფაქტორის გათვალისიწნებით 1 მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით მცირედით განსხვავებულად გამოიყურება შტატების თანმიმდევრობა გარდაცვლილთა რაოდენობით. ნიუ იორკში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე კვირის მონაცემებით, 480-მდე ადამიანი იყო გარდაცვლილი, ნიუ ჯერსიში - 265, ლუიზიანაში - 180, კონექტიკუტში - 155, მიჩიგანში - 149, მასაჩუსეტსში კი - 110.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG