ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების ბედი ამერიკაში, კორონავირუსის გავრცელების ფონზე


შეერთებულ შტატებში პანდემიის გავრცელება, დემოკრატთა შიდაპარტიული არჩევნების პიკს დაემთხვა. ახალი კორონავირუსის გამო, ერთმანეთის მიყოლებით გადაიდო რამდენიმე პრაიმერი, მათ შორის - ლუიზიანის, ჯორჯიის, მერილენდის, კენტუკის შტატებში.

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ერთი თვით გადაიდო მთავარი ღონისძიება: დემოკრატთა ნომინაციის მფლობელის ოფიციალურად დასახელების ცერემონია. დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის ყრილობა ახლა ივლისის შუა რიცხვების ნაცვლად, 17 აგვისტოს გაიმართება.

ხომ არ არსებობს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების, ან გაუქმების რისკი? კონსტიტუციით ვის აქვს უფლება და ვის არა, არჩევნების თარიღი, ან არჩევნების წესი შეცვალოს და მაგალითად, მასობრივად წერილობით ხმის მიცემის უფლება დაუშვას? რა მოხდება, თუკი ახალი კორონავირუსის შიშით, კენჭისყრაში ამერიკელ ამომრჩეველთა სულ 20-30% მიიღებს მონაწილეობას?

მსგავსი კითხვები ამერიკულ საზოგადოებაში თანდათან უფრო ლეგიტიმური ხდება. მითუმეტეს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, არჩევნები ერთი წლით გადაიდო ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. ადგილობრივი და მერის არჩევნები ინგლისში 2021 წლის მაისში გაიმართება.

ისტორიულად, ამერიკაში ადგილობრივი არჩევნები, შტატების დონეზე, არაერთხელ გადაუდიათ. ასე მოხდა მაგალითად, ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და მოგვიანებით, 2012 წელს - ქარიშხალ „სენდის“ გამო. თუმცა, რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის ამერიკაში არ გადადეს პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი, როცა ქვეყანაში ე.წ. ესპანური გრიპი მძვინვარებდა.

„შეერთებულ შტატებს საყოველთაო არჩევნები არასდროს შეუყოვნებია, ან გადაუდია, არცერთ სიტუაციაში. ამის კიდევ უფრო დრამატული მაგალითი არა ესპანური გრიპი, ან ქარიშხალი „სენდი“, არამედ ამერიკის სამოქალაქო ომია, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან შიდა ომად ითვლება. მაშინ 600 000-დან 700 000-მდე ამერიკელი დაიღუპა. შუაგულ ომში, 1864 წელს, ჩვენ რეგულარული არჩევნები ჩავატარეთ. ასევე გაიმართა არჩევნები პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს - უთხრა „ამერიკის ხმას“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, იურისტმა რიჩარდ პილდესმა. ის შეერთებული შტატების კონსტიტუციის სპეციალისტი და საარჩევნო კანონმდებლობის ექსპერტია.

პროფესორი რიჩარდ პილდესი
პროფესორი რიჩარდ პილდესი

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დღე შეერთებულ შტატებში კონგრესის მიერ არის დაკანონებული და მისი გადადება ურთულესი საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არც საყოველთაო არჩევნების გადავადების და არც მისი გაუქმების უფლება არ გააჩნია. „მას პრეზიდენტი ვერ შეცვლის. საკანონმდებლო ცვლილება თეორიულად შესაძლებელია, თუ მას ჯერ კონგრესი დაამტკიცებს და შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს. თუმცა, ამის ალბათობა, ჩემი აზრით, უკიდურესად დაბალია ამერიკის ისტორიის და არჩევნების ჩატარებისადმი მტკიცე ერგულების გათვალიწინებით“ - ამბობს პროფესორი პილდესი.

თუმცა, კოვიდ-19 ისტორიულ რეალობას ჩვენს თვალწინ ცვლის. არ არის გამოირიცხული, რომ ჯანდაცვის კრიზისმა ნოემბრამდე გასტანოს. რა მოხდება თუ კონგრესი და პრეზიდენტი შეთანხმდებიან და არჩევნებს ცოტა მოგვიანებით გადაწევენ?

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, ამ ცვლილებისთვის ფანჯარა იმდენად ხანმოკლეა, რომ ის აზრს კარგავს. ბარიერად კონგრესს და პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი ვადები გადაეღობებათ წინ, რომელთა შეცვლაც გამორიცხულია. საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციით არამარტო საპრეზიდენტო არჩევნების თარიღია განსაზღვრული, არამედ - მოქმედი პრეზიდენტის ბოლო დღე ოფისში და ახალი პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გადაბარების დღე, პირველი დღე პოსტზე. ეს კი, რიჩარდ პილდესის თქმით, „ცვლილებას საერთოდ არ ექვემდებარება“.

„თუნდაც კონგრესმა ოდნავ გადაწიოს საპრეზიდენტო არჩევნების დღე, ეს ვერაფრით შეცვლის ახალი პრეზიდენტის მიერ ოფისის დაკავების დღეს. და გინდაც ამ დღისთვის ახალი პრეზიდენტი არჩეული არ იყოს, მაშინ იძულებული გავხდებით მივყვეთ კანონს და იმ ადამიანების რიგს თანმიმდევრულად, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერად პოსტზე პრეზიდენტის ჩანაცვლება. თუმცა, ასე შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ეს ძალიან არარეალური სცენარია. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდეს“ - ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი.

კონკრეტულ ნაბიჯებს შორის, ის ადრეული არჩევნებისთვის უფრო მეტი დღის დაწესებას ასახელებს, რათა მათ, ვისაც საარჩევნო უბანზე პირადად უნდა ხმის მიცემა, ერთდროულად, ერთ დღეს არ მოუწიოს მისვლა. ასევე შეიძლება უბნებზე სამუშაო საათების გახანგრძლივება და მეტი საარჩევნო უბნის გახსნაც. ამას გარდა, ბევრი შტატი შეისწავლის ახლა დაუსწრებლად, წერილობით ხმის მიცემის პრაქტიკის გაფართოებას. ამ შემთხვევაში, ამომრჩევლებს შეეძლებათ საარჩევნო ბიულეტენის ან ფოსტით გაგზავნა, ან უბანზე მისვლა და ჩაგდება საარჩევნო ყუთში.

„ხედვა იქით უნდა მივმართოთ, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები ნოემბერში, და არა იმაზე - ჩატარდეს თუ არა ის“ - უთხრა გამოცემას „იუ-ეს-ეი თუდეი“ (USA Today) ედვარდ ფოლიმ. ის ოჰაიოს უნივერსიტეტშია საარჩევნო კანონმდებლობის პროფესორი. ფოლიც ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე სწრაფი გამოსავალი მოქნილი რეგულაცია იქნებოდა, რომელიც ამერიკელებს დაუსწრებლად, წერილობით გაუადვილებდა ხმის მიცემას. ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, 33 შტატში ეს ნებადართულია, მაგრამ არასაკმარისი მასშტაბით და თან - ყველგან არა. „უნდა მოვიფიქროთ, რა გზა ავირჩიოთ და ეს ისე გავაკეთოთ, რომ შედეგმა ხალხის ნების გამოხატვა დაადასტუროს“.

რიჩარდ ჰეისენი, საარჩევნო კანონმდებლობის პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში, პრობლემის გადაწყვეტას ცენტრალიზებულ მიდგომაში ხედავს. ის ფიქრობს, რომ პრობლემა არა შტატების შიგნით, არამედ შეერთებული შტატების კონგრესში უნდა გადაიჭრას. „კონგრესმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც შტატებს მოსთხოვს ნოემბერში ამომრჩეველთა დაუსწრებლად კენჭისყრის ჩატარებას. ეს კონგრესმა უნდა დააფინანსოს და თან ახლავე“ - დაწერა მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

რიჩარდ პილდესი მას არ ეთანხმება და თვლის, რომ კონგრესის როლი არჩევნების ჩატარებაში მხოლოდ მათი სუბსიდირებით უნდა განისაზღვროს. მისი თქმით, კონგრესს ზოგადად აქვს ძალაუფლება, დააწესოს რეგულაციები ეროვნული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, ის ასე არ მოიქცევა, რადგან „შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, დიდი ხნის და ძლიერი ტრადიცია არსებობს. აქ პრეროგატივა შტატებს ენიჭება, ისინი მართავენ არჩევნების ადმინისტრაციულ ნაწილს. ეროვნული სტანდარტების დაწესება თუ დაიწყო, არ არის გამორიცხული, შტატებთან პარტიული დაპირისპირებაც კი მოხდეს“ - უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში უკიდურესად დეცენტრალიზებულია. კონგრესს და ფედერალურ მთავრობას ანგარიშის გაწევა არამარტო შტატებთან უწევს, არამედ შტატების შიგნით მოქმედ უამრავ ადგილობრივ მმართველთან, რომელიც უშუალოდ კურირებს კენჭისყრის პროცესს. საუბარია დაახლოებით 35 000 იურისდიქციაზე, რომელიც არჩევნების ორგანიზებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.

ამასთან, სხვადასხვა შტატს განსხვავებული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. შესაბამისად, პროფესორ პილდესის აზრით, პოლიტიკური, იდეოლოგიური და პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, კონგრესი ბევრი ახალი ეროვნული სტანდარტის დაწესებას არც კი შეეცდება. ამჯერად, კონგრესის როლი რთულ ვითარებაში მყოფი შტატების სუბსიდირებით შემოიფარგლება, რომლებიც არჩევნებთან ერთად, დღეს უკიდურესად მწვავე ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

მაგრამ, რა მოხდება მაშინ, თუკი არჩევნებზე ახალი კორონავირუსის შიშით, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მივა? ჩაითვლება თუ არა ლეგიტიმურად საპრეზიდენტო არჩევნები, თუ ხმა ელექტორატის მარტო 20-30-მა პროცენტმა მისცა? პროფესორ პილდესის თქმით, „კონსტიტუცია ამ საკითხზე არაფერს ამბობს. მართალია, თუ ასე ცოტა ადამიანი მოვიდა არჩევნებზე, ძალაუნებურად გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენს ამომრჩეველთა ეს ნაწილი მთელ ელექტორატს“. მაგრამ, ამის მიუხედავად, არჩევნები მაინც ლეგიტიმური იქნება.

მართალია, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ 7 თვეა დარჩენილი, მაგრამ კოვიდ-19-ის გავრცელების პიკს 330 მილიონიანი ქვეყნის 50 შტატში, სხვადასხვა დროს ელიან. თუ ნიუ-იორკში პროგნოზი აპრილის შუა რიცხვებისთვის კეთდება, ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში მას მაისის დასაწყისისკენ ელიან. დღეს ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში დადასტურებულად ინფიცირებულია 300 000-ზე მეტი ამერიკელი. ვირუსის გართულებით გარდაცვალების შემთხვევები კი 8 000-ს გასცდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG