ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CNN ევაკუირებულია, სავარაუდო, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო


ნიუ-იორკის პოლიციისა და ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკში „ტაიმ უორნერის“ შენობაში, სადაც კომპანიის ოფისი მდებარეობს, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის მიზეზი CNN-ის საფოსტო ყუთში აღმოჩენილი საეჭვო ამანათი იყო.

CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკის პოლიციის შესბამისი განყოფილების თანამშრომლები ამბობენ, რომ ამანათში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, თუმცა მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

მათივე ცნობით, მოწყობილობა ჰგავს იმ მოწყობილობებს, რომლებიც დღესვე დემოკრატიული პარტიის ლიდერების - ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის სახელზე გაგზავნილ ამანათებში აღმოაჩინეს.

კლინტონისთვის გაგზანილი ამანათი სამშაბათს, დღის ბოლოს აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ასეთივე პაკეტი იყო გაგზავნილი ბარაკ ობამას მისამართზე, რომელიც ოთხშაბათს დილის იპოვეს. საიდუმლო სამსახურის ცნობით, ორივე მათგანი საფოსტო გზავნილების სტანდარტული შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს და განმარტეს, რომ ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საფრთხე არ შექმნიათ. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე თეთრმა სახლმა მომხდარი დაგმო.

CNN-ის მაყურებლებმა კი დაახლოებით დილის 10 საათისთვის პირდაპირ ეთერში გაიგეს, როგორ ჩაირთო შენობაში სახანძრო განგაშის სიგნალი, წამყვანებმა სარეკლამო ჭრა გამოაცხადეს, მოგვიანებით კი ეთერში მიმდებარე ქუჩიდან დაბრუნდნენ.

ნიუ-იორკის პოლიციაში საეჭვო ამანათის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით, დილის 9:53-ზე შევიდა.

CNN-ის, ობამასა და კლინტონისთვის ასაფექებელი მოწყობილობების გაგზავნის ფაქტი დაგმო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მან ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა:

„ჩვენ ვგმობთ ყოფილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას, კლინტონების, CNN-ისა და სხვების წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობას. ეს ლაჩრული ქმედებები არის ამაზრზენი და ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს“, დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა.

მან ასევე მალდობა გადაუხადა „გამოძიების ფედერალურ ბიუროს“, „საიდუმლო სამსახურსა“ და ადგილობრივ სამართალდამცავებს და დასძინა, რომ თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG