რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოსკოვში ვიზიტით მყოფ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდა. დონალდ ტრამპის მიერ სამი თვის წინ თანამდებობის დაკავების შემდეგ, პუტინი აცხადებდა, რომ მოსკოვსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
რუსეთის ლიდერი შეერთებული შტატების მთავარ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან კამათის შემდეგ ესაუბრა. ტილერსონმა და ლავროვმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისადმი მოსკოვის მხარდაჭერის და გასულ კვირაში სირიაზე ამერიკის სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ განხორციელდა.
2013 წელს პუტინმა ტილერსონს, რომელიც მაშინ ნავთობის გიგანტ „ექსონ-მობილის“ ხელმძღვანელობდა, რუსეთის „მეგობრობის ორდენი“ გადასცა.გუშინ, ტელეარხ „მირ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შესახებ უარყოფითი თვალსაზრისი გამოხატა.
„შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო დონეზე, განსაკუთრებით სამხედრო დონეზე, ნდობა არ გაუმჯობესებულა და, სავარაუდოდ, უფრო გაუარესდა,“ განაცხადა პუტინმა.
შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების ოფიციალური პირები, ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ადანაშაულებს. ამერიკული უსაფრთოების სტრუქტურების წარმომადგენლები უარყოფენ რუსეთის მტკიცებებს, რომ „სარინის“ გაზით თავდასხმა სირიელი ამბოხებულების პროვოკაცია იყო, ან მაშინ მოხდა, როცა სირიის სამხედრო თვითმფრინავმა იერიში ამბოხებულების საბრძოლო მასალების საწყობზე მიიტანა.
ამ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პუტინი: „სად არის იმის მტკიცებულება, რომ სირიის ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენა? მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ საერთაშორისო სამართლის დარღვევა მოხდა და ეს აშკარა ფაქტია.“
ლავროვი ამერიკელ კოლეგას ცივად შეხვდა და ტილერსონს უთხრა, რომრუსეთს ბევრი კითხვა ჰქონდა იმ „ბუნდოვანი“ და „წინააღმდეგობრივი“ განცხადებების შესახებ, რომელიც შეერთებული შტატებისგან ისმის. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთისთვის ტრამპის „ნამდვილი გეგმების“ გაგება მნიშვნელოვანია.
„სირიაზე უკანონო თავდასხმით, ბოლო დროს ბევრი საგანგაშო ქმედების მოწმე გავხდით. უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მომავალში მსგავსი ქმედების გამეორების რისკები აღვკვეთოთ,“ განაცხადა ლავროვმა.
ტილერსონმა აღიარა, რომ ორ ქვეყანას მკვეთრად განსხვავებული პოზიციები“ აქვს, მაგრამ დაამატა, რომ მას ლავროვთან „ძალიან ღია, გულწრფელი და პატიოსანი“ აზრთა გაზიარება სურდა.
„დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელოვან ეტაპზე ხდება და ამდენად შეგვიძლია გავერკვეთ საერთო მიზნების, საერთო ინტერესების სეგმენტებში, იმ შემთხვევებშიც კი, სადაც შესაძლოა განსხვავებული ტაქტიკური მიდგომები გვქონდეს. მეტად გავერკვეთ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების სეგმენტებში, რათა უკეთ გავიგოთ, თუ ეს განსხვავებები რატომ არსებობს,“ თქვა მან.
ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტილერსონი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთს ეწვია.
მისი ვიზიტი მაშინ შედგა, როცა შეერთებული შტატების კრიმინალური გამომძიებლები და კონგრესის ორივე პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებენ.
თეთრი სახლის დასაკავებლად ხანგრძლივი კამპანიის დროს, ტრამპმა ხოტბა შეასხა პუტინს, როგორც ძლიერ ლიდერს, მაგრამ დღევანდელი ინტერვიუს დროს თქვა, რომ სირიის ექვსწლიან კონფლიქტში, „პუტინი მხარს უჭერს ადამიანს [ასადი] რომელიც ნამდვილად ბოროტი პიროვნებაა. ვფიქრობ, ეს რუსეთისთვის ძალიან ცუდია. ვფიქრობ ეს კაცობრიობისთვის ძალიან ცუდია“.
იტალიის ქალაქ ლუკაში სამშაბათს გამართულ, „დიდი შვიდეულის“ მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთის და სირიის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების შემუშავება ვერ მოხერხდა, მონაწილეების თქმით ჯერ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ გამოიყენა სირიაში ქიმიური იარაღი.
Facebook Forum