ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტიკ-ტოკის" კანონპროექტის ბედი გაურკვეველია


შეერთებულ შტატებში ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე საკანონმდებლო დებატები "ტიკ-ტოკის" აკრძალვის შესახებ, თანდათან ამ სოციალური ქსელის გაყიდვის აუცილებლობაზე მიმდინარე კამათში გადაიზარდა. ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი თვლის, რომ პოპულარული აპლიკაციის ჩინელმა მფლობელმა ის ამერიკულ კომპანიას უნდა მიყიდოს, თუკი სურს, რომ "ტიკ-ტოკის" ქვეყანაში მთლიანად აკრძალვა თავიდან აიცილოს.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ კომპანია შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების რისკებს ატარებს. პლატფორმის საშუალებით, მის მფლობელ ჩინურ კომპანიას ByteDance, გაზრდილი წვდომა აქვს ამერიკელთა მონაცემებზე. ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მარტის შუა რიცხვებში, ამერიკის წარმომადგენელტა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჩინურ კომპანიას აიძულებს, ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს მისი წილი „ტიკტოკში“. პალატაში თვლიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკაში სოციალური ქსელი მთლიანად უნდა აიკრძალოს. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, საკითხს ამერიკის სენატი განიხილავს.

ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი კანონის დამტკიცებას არ ჩქარობს. ზოგი ფიქრობს, რომ "ტიკ-ტოკის" დაბლოკვამ, შესაძლოა მილიონობით ახალგაზრდა გაანაწყენოს. შესაბამისად, ამ ფაქტს დიდი გავლენა ექნება 2024 წლის არჩევნებზე, რადგან არ არის გამორიცხული, ამომრჩეველთა ამ ასაკობრივმა ჯგუფმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებზე.

ნოემბერში ამერიკა არამარტო პრეზიდენტს, არამედ 468 კანონმდებელს ირჩევს. აქედან 33 სენატორია და 435 - წარმომადგენელთა პალატის წევრი.

თავად „ტიკ-ტოკის“ აღმასრულებელი დირექტორი შოუ ზი ჩუ ამბობს, რომ „ტიკ-ტოკს“ ჩინეთის ხელისუფლებისთვის არასდროს გაუზიარებია ამერიკის მოქალაქეთა მონაცემთა ბაზა და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. თუმცა, ამერიკაში თვლიან, რომ ჩინეთში მოქმედი კანონები, რომელიც კომპანიებს ხელისუფლებასთან თანამშრომლებას ავალდებულებს, ამ შეხედულებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

კვირას, 24 მარტს ტელეკომპანიასთან "ეი-ბი-სი" საუბარში, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ აპლიკაციის პოპულარობა მართლაც ანგარიშგასაწევია. ამას გარდა, ის შემოსავლის წყარო გახდა ბევრი ამერიკელისთვის.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ აპირებს "ტიკ-ტოკის" აკრძალვას, არამედ პრობლემის მოგვარებას მის მფლობელთა შეცვლით გეგმავს. „ჩვენთვის გასაგებია მისი დანიშნულება და სარგებელი, ასევე ის სიამოვნება, რომელსაც ის ანიჭებს ბევრ ადამიანს“, - თქვა ჰარისმა ტელეინტერვიუში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG