ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერმა რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდება წაუყენა


რუსეთის 13 მოქალაქესა და 3 რუსულ კომპანიას სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდმა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდება წაუყენა.

მათ ბრალი ედებათ იმ პროცესის დაგეგმვაში, რომლის მიხედვითაც, სოციალური მედიის საშუალებით - პროპაგანდის მეშვეობით უნდა მომხდარიყო დონალდ ტრამპის დახმარება და მისი დემოკრატი ოპონენტის ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვა მისი კამპანიისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

გამოძიების ამ მიგნებების შესახებ დღეს სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა განაცხადა.

საბრალდებო ოქმში, რომელიც დღეს მალერის ოფისმა გაავრცელა, ასახულია არჩევნებში რუსეთის ჩარევის პირდაპირი ბრალდებები.

გამოძიების დასკვნის თანახმად, რუსები ქმნიდნენ ყალბ ინტერნეტ ანგარიშებს და ონლაინ სივრცეში ავრცელებდნენ პოსტებს, როგორც ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტები. სხვა ბრალდებები ეხება რეკლამების თაღლითური გზებით ყიდვას. ამ ყველაფრის მიზანი, გამოძიების თანახმად, დაძაბულ კონკურენტულ ბრძოლაში რესპუბლიკელი კანდიდატის მიმართ დადებითი შეხედულებების ჩამოყალიბება იყო.

ოქმის თანახმად, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზების ძიება 2014 წლიდან დაიწყო. „2016 წლისთვის კი მათ და მათ თანამზრახველებს უკვე ჰქონდათ და უკვე აქტიურად იყენებდნენ ვირტუალურ იდენტობებს იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ გავლენათ".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ბრალდებას მალევე გამოეხმაურა.

„ცამეტი პირი? იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ 13 პირი ჩაერია ამერიკის არჩევნებში? 13 ადამიანი მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სამსახურების, უახლესი ტექნოლოგიებისა და სისტემების პირისპირ? ეს აბსურდია“, განაცხადა ზახაროვამ.

ბრალდებულთა შორის არიან ევგენი პრიგოჟინი, მიხაილ ბისტროვი, მიხაილ ბურჩიკი, ალექსანდრა კრილოვა, ანა ბოგაჩევა, სერგეი პოლოზოვი, მარია ბოვდა, რობერტ ბოვდა, ჯეიხუნ ოღლუ, ვადიმ პოდკოპაევი, გლებ ვასილჩენკო, ირინა კავერზინა და ვლადიმირ ვენკოვი.

ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც კრემლთან დაახლოებული მილიარდერი ბიზნესმენია და ამერიკის მიერ სანქცირებულ პირთა შორისაა, არჩევნებში ჩარევა უკვე უარყო.

"ამერიკელები შთაბეჭდილების ქვეშ ადვილად ხვდებიან. ისინი ხედავენ იმას, რისი დანახვაც სურთ. მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. სულაც არ ვარ განაწყენებული, რომ ამ სიაში ვარ, თუ მათ სურთ ბოროტების დანახვა, დაე, დაინახონ", თქვა პრიგოჟინმა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით.

პრიგოჟინს ბრალი ედება მის მიერ მართული კომპანიების გამოყენებაში ამერიკის წინააღმდეგ კამპანიის დასაფინანსებლად. ეს კომპანიებია "კონკორდ მენეჯმენტი და კონსალტინგი", და "კონკორდ კეიტერინგი".

ამერიკელი გამომძიებლები დიდხანს ეჭვობდნენ, რომ რუსეთის ინტერნეტ-ტროლების არმიის უკან სწორედ 56 წლის მილიარდერი ბიზნესმენი პრიგოჟინი იდგა. "კრემლის შეფ-მზარეულის" მეტსახელით ცნობილ ბიზნესმენს ეკუთვნოდა პუტინის საყვარელი რესტორანი სანკტ-პეტერბურგში. ამის შემდეგ კი მან რუსეთის მთავრობისგან რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულებები მიიღო. მისი ორგანიზებული იყო 2008 წელს დმიტრი მედვედევის ინაუგურაციის ფურშეტი, ისაა ასევე პასუხისმგებელი რუსეთის არმიისა და მოსკოვის სკოლების საკვებით მომარაგებაზე.

როგორც ირკვევა, მათი ქმედებები სოციალურ ქსელებს სცდებოდა. მაგალითად, ხდებოდა ტრამპის მხარდამჭერი ან ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო აქციების თუ ღონისძიებების დაგეგმვა.

კიდევ ერთი ბრალდებული - ირინა კავეზინაა, რომელმაც გამოძიების დაწყებიდან მალევე ნათესავს მეილი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მისი და მისი კოლეგების ქმედებების კვალზე იდგა და ეს მათ საქმიანობაში "კრიზისს" იწვევდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბერის ბოლოს, რუსი აგენტები ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ არჩევნებზე ხმები დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბდა. ამავე დროს, დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებდა იმავეს და ამბობდა - რომ არა მასშტაბური გაყალბება, ის პირდაპირ არჩევნებსაც მოიგებდა, რომელშიც ჰილარი კლინტონმა ოფიციალური შედეგების თანახმად, მასზე მეტი ხმა მიიღო.

ოქმის თანახმად, ჩარევის მთავარი მიზანი ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში და სარჩევნო პროცესში „განხეთქილების შეტანა“ და მისთვის „ძირის გამოთხრა“ იყო.

გამოძიების დასკვნები შეესაბამება ამერიკის დაზვერვის სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებსაც, რომლებიც არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მთავრობა არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ცდილობდა.

37-გვერდიან საბრალდებო ოქმში დასახელებულ პირთა და ორგანიზაციათა შორისაა „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“, რომლის სათავო ოფისიც სანკტ პეტერბურგში მდებარეობს.

სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენშტაინმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ბრალდება, რომ რომელიმე ამერიკელმა გაცნობიერებულად მიიღო მონაწილეობა უკანონო საქმიანობაში.

გამომძიებელთა დასკვნის თანახმად, ამ შეთქმულებაში მონაწილე რუსები:

პოზიციონირებდნენ, როგორც ამერიკელები და მათივე სახელებით ხსნიდნენ ფინანსურ ანგარიშებს. მათ ათასობით დოლარი დახარჯეს პოლიტიკურ რეკლამებში. ასევე შეიძინეს ამერიკული სერვერები იმისთვის, რომ დაემალათ რუსეთთან კავშირი. ისინი სოციალურ ქსელებში, ძირითადად „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ წერდნენ და ავრცელებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, როგორც ამერიკის მოქალაქეები. ეს ორგანიზებული კამპანიები ასევე აქტიურად ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სხვა კანდიდატების - ჰილარი კლინტონის, ასევე ტედ კრუზისა და მარკო რუბიოს რეპუტაციას ლახავდა, ამავე დროს კი ეხმარებოდა ბერნი სანდერსს და მოგვიანებით დონალდ ტრამპის მიმართ პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას.

კლიენტებისგან კი იღებდნენ თანხას იმისთვის, რომ ამერიკული სოციალური მედიის გვერდებზე ეაქტიურათ, ქმნიდნენ თემატურ ჯგუფებს, ამწვავებდნენ კრიტიკულ საკითხებზე დისკუსიებს. მათი სამოქმედო ბიუჯეტი თვეში დაახლოებით 1 250 000 ამერიკული დოლარი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG