ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

419 ხმით 3-ის წინააღმდეგ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის ანექსია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც კანონმდებლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტეს.

ეს კანონპროექტი გულისხმობს სადამსჯელო ზომებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც. კონგრესმენები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი აგრესიული რეჟიმებისთვის, რომელთა საფრთხის შემცველ ქმედებებსაც ამერიკა არ შეურიგდება.

"ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს,”- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ედ როისმა.

საქართველო და ამერიკის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ედ როისი

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონპროექტის სანქციებში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ბარაკ ობამას ბრძანებით 2014 წელს დაწესებული სანქციები უშუალოდ უკრაინას შეეხებოდა და ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის პასუხი იყო. ამჯერად კანონპროექტი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც განსაზღვრავს.

“რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრიანისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო“, - ვკითხულობთ კანონპროექტში, რომლის ერთი თავიც მთლიანად ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში რუსეთის გავლენას ეხება. კანონპროექტით მკაცრდება ის სანქციები, რომლებიც ობამას ბრძანებით მოქმედებდა და აწესებს ახალ ზომებსაც: უკრიანის ტერიტორიის ანექსიას და სეპარატისტების მხარდაჭერას, ამერიკაში განხორციელებული კიბერთავდასხმის ბრალდებაც ემატება. ახალი სანქციების ობიექტებია რკინიგზია, სავაჭრო ფლოტი, სამთო-სამრეწველო და მეტალოინდუსტრია. შეზღუდვები უწესდება ასევე რუსულ ენერგოკომპანიებთან დაკავშირებულ ბიზნესებს.

“რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრიანისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

“ვფიქრობ, ამერიკამ და ნატომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინასა და საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე უარი უთხრეს, ეს რომ არა, რუსეთი ვერ გაბედავდა ამ ქვეყნების მიმართ სამხედრო აგრესიის განხორციელებას. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისევე როგორც ყირიმი და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი”, - ამბობს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენი ელიოტ ენგელი.

საერთაშორისო კანონმდებლობისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდებს რუსეთს კონგრესმენი ჯერალდ ნადლერიც, რომელმაც კანონპროექტს ასევე მხარი დაუჭირა.

„რუსეთის პრეზიდენტი ღიად გამოხატავს, რომ სურს მე-19 საუკუნის დროინდელი “გავლენის სფეროების” დაბრუნება, სურს იყოს დომინანტი და ჰქონდეს უფლება ჩაერიოს მეზობელი ქვეყნების საქმეებში. ამან თავის დროზე მსოფლიო ომებამდე მიგვიყვანა. მაგრამ ეს დაუშვებელია, მას ამის უფლება არ აქვს ისევე, როგორც ამერიკას არ აქვს უფლება უთხრას მექსიკას რა გააკეთოს და რა - არა. ამგვარ რამეს ჩვენ არ დავუშვებთ. მე მხარს ვუჭერ ამ სანქციებს იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთის მთავრობას, რომ ის ვალდებულია დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობას, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მაშინაც კი, თუკი ისინი მეზობელი ქვეყნები არიან,” - ამბობს ნადლერი.

საქართველო კანონპროექტის ტექსტში

კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე და ევროპა-ევრაზიის სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენას სხვადასხვაგვარად ცდილობს: აფინანსებს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობასა და მათ შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამკვიდრებენ ქსენოფობიურ და არალიბერალურ შეხედულებებს, ამით კი ევროპულ ერთობას ძირს უთხრიან. ქვეყანაში უკიდურესადაა შევიწროვებული დამოუკიდებელი მედია და მის ნაცვლად მთავრობა აფინანსებს და აკონტროლებს მედიასაშუალებებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წყაროები არიან.

მე მხარს ვუჭერ ამ სანქციებს იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთის მთავრობას, რომ ის ვალდებულია დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობას, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მაშინაც კი, თუკი ისინი მეზობელი ქვეყნები არიან.
კონგრესმენი ნადლერი

​„რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ბუდაპეშტის მემორანდუმის (1994 წ.) და ჰელსინკის აქტით (1975 წ.) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას - მან განახორციელა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია 2008 წელს და ასევე ახლაც გრძელდება დესტაბილიზაციისკკენ მიმართული ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში”, - ვკითხულობთ კანონპროექტში, რომელიც იქვე აკონკრეტებს საქართველოს ნაწილს:

“- რუსეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების იმ პირობების დარღვევას, რომელიც მისგან მოითხოვს რუსული სამხედრო ძალის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წევრებისთვის კონფლიქტური ზონების მონიტორინგის საშუალების მიცემას. რუსეთის მთავრობა ასევე არ ასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე კონფლიქტს ეხება და რომელსაც 2015 წლის 11 თებერვალს უკრიანის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, ისევე როგორც მინსკის პროტოკოლს რომელიც 2014 წლის სექტემბერში იქნა მიღებული.

ამერიკა არ ცნობს საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მეთოდებს, მათ შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინისა და დნესტრისპირეთის ოკუპაციასა და არალეგალურ შეჭრებს ამ ტერიტორიებზე”

- ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არღვევს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის 80-იანი წლების ბოლოს მიღწეულ შეთანხმებას მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების შეზღუდვისა და “ღია ცის შესახებ" შეთანხმების პირობებს.

კონგრესის ხედვით, რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის წელს, 24 აპრილს OSCE-ის ამერიკელი მონიტორის დაღუპვაზე და შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას:

ა) გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიიდან.

ბ) დაუბრუნოს ამ ქვეყნების საზღვრებზე კონტროლი მათსავე ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

გ) შეწყვიტოს ყველა მცდელობა, რომ ამ ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეულ მთავრობებს ძირი გამოუთხაროს.

კანონპროექტში ასევე განმარტებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა და კვლავ განაგრძობს ტრადიციულ სამხედრო ძალების, სადაზვრერვო ოპერაციებისა და “გავლენის კამპანიების” გამოყენებას, რაც წარმოადგენს აშკარა და რეალურ საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის.

ამის პასუხად, კონგრესის წევრთა განმარტებით, ევროპა-ევრაზიის ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ მათი პოლიტიკური სისტემებისა და ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.

კონგრესი ადასტურებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას:

“ამერიკა მხარს უჭერს ინსტიტუტებს, რომელთა დისკრედიტირება, დაზარალებაც სურს რუსეთს, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირს. ძლიერი ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასა და ევრაზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკამ უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან პარტნიორობა რუსეთის მთავრობის აგრესიის წინააღმდეგ და გააძლიეროს ამ ქვეყნის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგო პროგრამების მხარდაჭერა.” - ნათქვამია სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონებულ კანონპროექტში

კანონში ვკითხულობთ: “ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მეთოდებს, მათ შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინისა და დნესტრისპირეთის ოკუპაციასა და არალეგალურ შეჭრებს ამ ტერიტორიებზე”

2018-2019 ფისკალური წლისთვის რუსეთის გავლენასთან ბრძოლის ფონდი 250 000 000 $ -ით განისაზღვრა. კანონპროექტში გაწერილია, რომ ეს თანხები დაიხარჯება აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმების კიბერთავდასხმებისგან დაცვისთვის შემდეგ ქვეყნებში: ქვეყნები, რომლებიც არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები; არიან მოწყვლადნი რუსეთის გავლენის მიმართ და ამერიკის დახმარების გარეშე რუსეთის ქმედებებს ეფექტურად ვერ უპირისპირდებიან;

ასევე ნატოს ან ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნები - მათ შორის - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრიანა.

რუსეთის გავლენასთან ბრძოლის ფონდის რესურსები დაიხარჯება ამ ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის პროგრამებში, ასევე იმ პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ სასამართლო/პროკურატურას, ჩართულობას, პოლიტიკურ გამჭვირვალობასა და კონკურენციას. ფონდი ასევე უპასუხებს იმ არასტაბილურობითა და ჰუმანიტარული კრიზისით შექმნილ გამოწვევებს, რომლის მიზეზიც საქართველოში და უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა გახდა.

ფონდის ერთ-ერთი მიმართულება კი იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერა იქნება, რომლებიც რუსულ პროპაგანდასა და რბილ ძალას ებრძვიან.

რუსეთი საპასუხო ქმედებებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კეჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს ვაშინგტონს ახალ სანქციებზე. რიაბკოვის განმარტებით, ახალი სანქციები ხელს შეუშლის ურთიერთობების დალაგებას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. მან გაიხსენა ტრამპის ადმინისტრასციისთვის მიცემული პირობაც, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიიღებდა ამერიკელი კანონმდებლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, და კერძოდ, სანქციების გამო.

ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო გარიგების პრევენციისთვის

25 ივლისის კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე, ივნისში, სენატმა სანქციების კანონპროექტის მისეული ვერსია 97-ით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პალატაში კი უკვე გამკაცრებული ფორმით კანონპროექტს 419 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი 3-ის წინაღმდეგ.

თუ პრეზიდენტ ტრამპს გოლფის თამაში სურს ვლადიმირ პუტინთან, მას კონგრესის იმედი არ უნდა ჰქონდეს: ჩვენ ბატონი პუტინის დასჯას ვაპირებთ.
კონგრესმენი ელიოტ ენგელი

კანონპროექტში ჩადებული საზედამხედველო ფუნქციების გამო, რომელიც სენატში მოწონებულ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ დაუმატა, პრეზიდენტი ვერ შეძლებს აღმასრულებელი ბრძანებით კანონმდებელთა მიერ მიღებული სანქციები შეამსუბუქოს. თუკი კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დონალდ ტრამპს მოუწევს საფუძვლიანად დაადასტუროს ნებისმიერი მცდელობა ამა თუ იმ სანქციის შემსუბუქების შესახებ და შემდეგ დაელოდოს კონგრესის პასუხს, რომელსაც ერთთვიანი ვადა ექნება პრეზიდენტის ინიციატივის განსახილველად. შესაბამისად, პრეზიდენტის მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან დაკავშირებით, გამოირიცხება.

დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ სანქციებში სწორედ ეს მკაცრი საზედამხედველო ბერკეტები ჩაიდო.

კანონმდებლები და ექსპერტები ამ პუნქტს პრეზიდენტის მიმართ არსებული უნდობლობით და რუსეთთან მისი კავშირების შესახებ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვების არსებობით ხსნიან: ვაშინგტონში ჯერაც არ დასრულებულა გამოძიება დონალდ ტრამპის გუნდის კამპანიის წევრებისა და რუსეთის ხელისუფლების კავშირების შესახებ.

კონგრესმენების შიშის საფუძველი გამოძიების ეჭვებთან ერთად პრეზიდენტის განცხადებებიცაა, რომლებშიც ის რუსეთთან “უფრო მეგობრული ურთიერთობის” დამყარების სურვილს გამოთქვამს.

"თუ პრეზიდენტ ტრამპს გოლფის თამაში სურს ვლადიმირ პუტინთან, მას კონგრესის იმედი არ უნდა ჰქონდეს: ჩვენ ბატონი პუტინის დასჯას ვაპირებთ,” - უთხრა „ამერიკის ხმას“ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმცირესობის [დემოკრატმა] ლიდერმა ელიოტ ენგელმა. მისივე თქმით, სანქციების გაფართოება, ორპარტიული თანხმობის მიღწევა, და მათი კანონის სახით მიღება არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი „არა“, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით ბატონ პუტინს და ყველა იმ რეჟიმს, რომელთა ქმედებებიც დანარჩენ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ამერიკა ამას არ შეეგუება”, - ამბობს ენგელი ჩვენთან საუბრისას.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობა აშფოთებს კონგრესმენ სტივ კოენსაც. მისი თქმით, აუცილებელია, ამერიკამ პასუხი გასცეს რუსეთს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩაერია და არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა. ამასთან, ის კიდევ ერთხელ გამოხატავს ტრმპის მიმართ უნდობლობას

“რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ ეხმარება სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც ვიცით, რომ სიცრუეა, ისინი აგრძელებენ ტყუილებს და ამიტომ სანქციები უნდა იყოს შენარჩუნებული. პრეზიდენტი პუტინს ისე ხვდება თითქოს ყველაფერი რიგზეა. მე საერთოდ არ ვენდობი პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რაღაც ხდება ტრამპსა და რუსეთს შორის, რაღაც, რაც არის ძალიან საეჭვო და საზიანო ამერიკის შეერჩებული შტატებისთვის”, - უთხრა “ამერიკის ხმას” კონგრესმენმა სტივ კოენმა.

თეთრი სახლის უშედეგო მცდელობა

ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ქვეყნის არჩევნებში რუსეთის ჩარევა პირადად პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით მოხდა. რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს ამ ბრალდების უარყოფას. დონალდ ტრამპი კი თვეების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების მიმართ არც ისე კეთილგანწყობილია. მან კანონმდებელთა ინიცირებულ გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ არაერთხელ უწოდა.

რაც შეეხება კონკრეტულ საკანონმდებლო პაკეტს, თეთრი სახლი ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა თავიდან აეცილებინა და ამგვარი მექანიზმების შესაძლო უარყოფით შედეგებზე მიუთითებდა. თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანი მაინც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დონალდ ტრამპი სანქციების ნაწილს სრულად უჭერს მხარს.

თეთრი სახლის კომუნიკაციების ახალმა დირექტორმა ენტონი სცარამუციმ კი “სი-ენ-ენ-თან” ინტერვიუში განაცხადა, „რუსეთთან დაკავშირებული საკითხები სრული ნონსენსია”. სკარამუცი, რომელიც გასულ კვირას გასულ კვირას ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მრჩევლად დასახელდა, ამბობს, რომ პრეზიდენტი კვლავ არაა დარწმუნებული იმაში, რომ ვაშინგტონში დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სათავო ოფისზე ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ორგანიზებული იყო და რომ სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი იდგა იმ მასალების გამოქვეყნების უკან, რომელმაც ტრამპის მეტოქის იმიჯი შელახა და ამჟამინდელ პრეზიდენტს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს და კანონს ხელს მოაწერს. მათი აზრით, ვეტო მისი და რუსეთის საკითხზე არსებულ კითხვებს კიდევ უფრო გაამწვავებს. მით უფრო, რომ კონგრესი ვეტოს სავარაუდოდ უპრობლემოდ დაძლევს. რადგან კანნონპროექტის დასამტკიცებლად პალატას წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდებოდა, კენჭისყრა კი 419 ხმით სამის წინააღმდეგ დასრულდა.

თუკი პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს, კანონპროექტსა და სანქციებს კანონის ძალა სავარაუდოდ აგვისტოში, კონგრესის საზაფხულო შვებულებამდე მიენიჭება.

ვაშინგტონში კი გამოძიება გრძელდება. ჰქონდათ თუ არა წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპის გუნდის წევრებს კავშირი რუსეთთან? ამერიკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, ამ კითხვაზე გამოძიების პასუხამდე სანქციების კანონპროექტისთვის ეყარათ კენჭი.

ძალაში შესვლამდე, პროექტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მანამდე კი პალატისა და სენატის ვერსიების შეჯერებას ალოდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG