ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდა ტერორიზმი - როგორ უნდა ებრძოლოს ამერიკა ექსტრემიზმს?


ამერიკის დედაქალაქში 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარმა თავდასხმამ ძალოვანი უწყებების ლიდერები და უსაფრთხოების სამსახურების სპეციალისტები დააფიქრა იმაზე, თუ როგორ უდგებიან ისინი „შიდა ტერორიზმის“ საფრთხეს. იუსტიციის დეპარტამენტმა ამ დრომდე დაახლოებით 135 პირის წინააღმდეგ აღძრა საქმე. ბევრ თავდამსხმელს ბრალს ახლო მომავალშიც წაუყენებენ, რადგან გამოძიება გრძელდება. იანვრის შუა თვეებში კი გამოძიების ფედერალურ ბიუროს 200 000-მდე მინიშნება ჰქონდა საზოგადოებისგან ამა თუ იმ პირის ვინაობისა თუ ქმედებების შესახებ. ამას გარდა, არსებობს ვიდეო მასალები და პოლიციის ოფიცრების ჩვენებები. თუმცა, გამოძიების პარალელურად გრძელდება იმაზე მსჯელობაც, როგორ ერთიანდებიან მსგავსი ჯგუფები და როგორ უნდა ებრძოლოს ქვეყანა რადიკალიზაციასა და შიდა ექსტრემიზმს.

უილიამ უექსლერი, რომელიც „ატლანტიკური საბჭოს“ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებას კურირებს, ანტიტერორისტული საქმიანობით 90-იანი წლებიდან იყო დაკავებული. უექსლერი ამბობს, რომ მაშინ ცოტას თუ წარმოედგინა ალ-ყაიდას ან ჯიჰადისტებისგან ამერიკის საზღვრებს შიგნით შესაძლო საფრთხის მასშტაბები, თუმცა ახლა მას შიდა რადიკალიზაციის პრობლემა უფრო აშფოთებს:

„დღეს მე ძალიან მაწუხებს ის, რომ ამერიკა არის ამ პრობლემების წყების ახალ ფაზაში გადასვლის საფრთხის წინაშე. ამ [ახალ] ფაზაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შიდა ექსტრემისტებისგან მოდის. მათგან, ვინც ძალადობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ის, რაც ვნახეთ სულ ახლახან, მაგრამ სამწუხაროდ, არა უნიკალურად, როდესაც კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ“, - განმარტავს უექსლერი.

შიდა ექსტრემიზმის საფრთხე არ დაწყებულა და არც დასრულდება ერთი პოლიტიკური ფიგურით, კონკრეტულად კი, დონალდ ტრამპით. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ამ თავდასხმის მთავარი მდგენელი არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია იყო. ეს ნამდვილად იყო მოტივაციის მიმცემი ფაქტორი, მაგრამ არა - ერთადერთი. ვხედავთ გამოწვევას, რომელსაც აქვს რადიკალიზაციის გრძელი ისტორია და იმ პრობლემების წყებას, რომლებიც სახიფათოდ  დიდი ხანია არსებობს,
გრემ ბრუკი

ტომ უორიკი, „ატლანტიკური საბჭოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მანამდე ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ანტიტერორისტულ მიმართულებას ბუშის, ობამას და ტრამპის ადმინისტრაციების დროსაც ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ბაიდენის ადმინისტრაცია შიდა ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებს, როგორ უნდა დაისაჯონ ისინი საკუთარი უკანონო ქმედებებისთვის მაშინ, როდესაც ამის პარალელურად ბაიდენი ერის გაერთიანების პირობას დებს.

მაშინ, როდესაც ანალიტიკოსთა აზრით, კაპიტოლიუმზე თავდამსხმელები არა ერთი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, არამედ რადიკალიზაციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ექსტრემისტული ჯგუფები იყვნენ, ისინი თანხმდებიან, რომ დიდი წვლილი მათ აგრესიულ ქმედებებში არჩევნების შედეგების შესახებ გავრცელებულმა მცდარმა ინფორმაციამ შეიტანა.

„ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის“ დირექტორი გრემ ბრუკი ამბობს, რომ საფრთხეების შეფასებისას აუცილებელია სწორედ იმის ანალიზი, თუ რა ხდებოდა ონლაინ სივრცეში. მისი თქმით, 6 იანვარს მომხდარის მიზეზები ნაწილობრივ სწორედ ამ ჯგუფების წევრების ონლაინ დისკუსიები და კოორდინაციაა. ბრუკი ობამას ადმინისტრაციის პირობებში, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოშიც მუშაობდა.

მისი აზრით, ონლაინ სივრცეში განვითარებული პროცესები მნიშვნელოვნად განაპირობებდა 6 იანვარს მომხდარ მოვლენებს. ეს ჯგუფები კი არა მხოლოდ ერთ ონლაინ სივრცეში იკვეთებიან, არამედ ჩართულნი არიან რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით - მათ შორის არა მხოლოდ საჯარო სივრცეებში, არამედ უფრო დახურულ ონლაინ ჯგუფებშიც. ზოგიერთი მათგანი კოდურ ენასაც იყენებს და ალტერნატიულ სოციალურ ქსელებშიცაა დარეგისტრირებული. გრემი ამბობს, რომ ამ ჯგუფებს შორის ბევრი რამ საერთოა, თუმცა განსხვავებებიც არსებობს.

„ყველა იმ ჯგუფის გამაერთიანებელი, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმთა ვიხილეთ, 2020 წლის არჩევნების შედეგების თაობაზე დეზინფორმაცია იყო. ეს იყო ერთგვარი შერწყმა მცდარი ინფორმაციისა რამდენიმე სხვა საკითხზეც: მათ შორის კოვიდ-19-ზე, ზაფხულში მიმდინარე რასობრივი სამართლიანობის მოთხოვნით მშვიდობიან პროტესტზე და კიდევ სხვა რამდენიმე მოვლენაზე, რომელიც მაშინ ვითარდებოდა, როდესაც პანდემიის გამო მეტწილად სახლში ვიყავით. ეს არსობრივად „კრიზისული მოვლენებია“, რომელთა დროსაც, ჩვენ ვეძებთ უახლეს ინფორმაციას ჩვენი ჩვეული წყაროებისგან, ჩვენს უახლოეს საინფორმაციო სივრცეში. ეს კი ყოველთვის ფაქტებზე დაფუძნებული, გადამოწმებული თუ ზუსტი ცნობები სულაც არ არის“, - განმარტავს გრემ ბრუკი.

გრემ ბრუკი
გრემ ბრუკი

ბრუკი, რომელიც დეზინფორმაციას თუ სხვა მავნე ციფრულ აქტივობებს წლებია იკვლევს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ექსპერტების ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ შიდა ექსტრემიზმის საფრთხე არ უკავშირდება მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, რაოდენ დიდი წვლილიც უნდა შეიტანონ მათ ამა თუ იმ ქმედებაში.

„უკიდურესად მნიშვნელოვანი ისაა, რომ შიდა ექსტრემიზმის საფრთხე არ დაწყებულა და არც დასრულდება ერთი პოლიტიკური ფიგურით, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ამ მოვლენების მთავარი მდგენელი დეზინფორმაცია ან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განზრახ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია იყო. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს [ნამდვილად] იყო მოტივაციის მიმცემი და მამოძრავებელი ფაქტორი ზოგიერთი ამ ონლაინ ჯგუფისთვის, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი ასეთი ფაქტორი. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც რადიკალიზაციის სპექტრში უფრო დაბლაა. ეს არ იწყება და არც მთავრდება ერთი პოლიტიკური ფიგურით, კონკრეტულად კი, დონალდ ტრამპით. ჩვენ ვხედავთ გამოწვევას, რომელსაც აქვს რადიკალიზაციის გრძელი ისტორია და იმ პრობლემების წყებას, რომლებიც სახიფათოდ დიდი ხანია, რაც არსებობს“, - ამბობს გრემ ბრუკი.

„ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის“ დირექტორი სოციალური მედიის კომპანიების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აგრესიული აქტორების ან ამგვარი ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებისთვის პლატფორმის შეზღუდვა ნამდვილად ეფექტურია: ისეთ კრიტიკულ მომენტებში, როგორიც 6 იანვრის თავდასხმა იყო, ამით იზღუდება მათი კოორდინაციის შესაძლებლობები, ასევე, მათი აუდიტორია და ბევრ ადამიანთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება. თუმცა ამასთან, პლატფორმიდან დაბლოკვა, წვდომის შეზღუდვა ან მსგავსი სანქციები ხშირ შემთხვევაში მათ რადიკალურ მოსაზრებებს თუ შეთქმულების თეორიებს კიდევ უფრო აღრმავებს, ერთგვარად არწმუნებს მათ იმაში, რომ მართლები არიან და „სისტემა მათ გასაჩუმებლად მუშაობს“. ამის შემდეგ ხშირად უფრო მოტივირებულნიც კი ხდებიან.

ბრუკი ამ ჯგუფებს სამ კატეგორიად ჰყოფს: ერთი, ესაა ჯგუფები იმ შტატებში, სადაც არჩევნების შედეგების შესახებ ფართოდ იყო გავრცელებული დეზინფორმაცია. მაგალითად, პენსილვანია, მიჩიგანი. მეორე: შტატები, სადაც ხანგრძლივად არსებობს უკანონო შეიარაღებული ჯგუფები: მაგალითად, კენტუკი და აიდაჰო. მესამე ჯგუფი კი მისი აზრით, იმ შტატებშია, სადაც ბოლო წლის განმავლობაში საპროტესტო ტალღა იყო აგორებული, მაგალითად მინესოტა და ორეგონი.

გამოძიების ფედერალური ბიურო შიდა ტერორიზმს განმარტავს, როგორც ძალადობრივ კრიმინალურ აქტს, რომელსაც ინდივიდები ან ჯგუფები ახორციელებენ საკუთარი იდეოლოგიური მიზნების დასაწინაურებლად. ეს ყველაფერი კი შიდა გავლენის ფაქტორებს უკავშირდება, როგორებიცაა პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, რასობრივი ან გარემოსდაცვითი ფაქტორები. ტომ უორიკის თქმით, მართალია ეს განმარტებაც კი დიდწილად შეესაბამება იმას, რაც 6 იანვარს ვიხილეთ, მაგრამ ძალოვანი უწყებები, რომლებიც კონტრტერორიზმის მიმართულებით მუშაობენ, მაინც ცდილობენ თავიდან შეაფასონ, როგორ მიუდგნენ ამ პრობლემას.

ჩარლზ მარინო ამერიკის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო და ერთ-ერთი საზედამხედველო ფუნქციაც ჰქონდა. ახლა კერძო კომპანიის, „სენტინელ სექიურითი სოლუშენსის“ აღმასრულებელი დირექტორია. მარინო ამბობს, რომ ამა თუ იმ მიმართულებით უსაფრთხოების პროტოკოლების გამკაცრებას აუცილებლად ვიხილავთ. მარინოს განმარტებით, კაპიტოლიუმში, 6 იანვარს არჩევნების შედეგების დამტკიცება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს არ ჰქონდა დასახელებული „გამორჩეული მნიშვნელობის სპეციალურ ღონისძიებად“. ამის გამო, კაპიტოლიუმს ჩვეულებრივ, პოლიცია იცავდა, როგორც - ნებისმიერ სხვა დღეს.

„შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ამა თუ იმ ღონისძიებას აცხადებს, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისას და ამის შემდეგ, უსაფრთხოების კოორდინაციის კონტროლში საიდუმლო სამსახური ერთვება, დაზვერვის ინფორმაციისა და დაგეგმვის საკითხებში - გამოძიების ფედერალური ბიურო, თუ საჭიროა, გადაუდებელი სიტუაციების სამსახური და ა.შ. ინაუგურაცია შესანიშნავი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი უსაფრთხოება შეიძლება შევქმნათ, როგორც პროექტიულად, ისე - რეაქციულად მაშინ, როდესაც წინასწარ კოორდინირებული და შესაბამისად შემუშავებული გეგმა არსებობს“, - განმარტავს მარინო და ამბობს, რომ ახლო მომავალში სავარაუდოდ ბევრი მიმართულებით ვნახავთ გაძლიერებულ უსაფრთხოებას. "უსაფრთხოების ზომები სხვადასხვა უწყების მხრიდან განვითარდება, მოწინააღმდეგისთვის უფრო უპრეცედენტო გახდება და გაგრძელდება საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება".

გამოძიების ფედერალური ბიუროს კონტრტერორისტიული მიმართულების ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ მაკგარიტი ამბობს, ბიურომ წლების განმავლობაში არაერთი საფრთხე აღკვეთა, იქნებოდა ეს ექსტრემისტების ჩადენული რასობრივად მოტივირებული შიდა ტერორიზმი თუ ანტი-სამთავრობო ანარქისტული ქმედებები.

ახლა ამერიკისთვის ტერორიზმის კუთხით ყველაზე დიდი საფრთხე რასობრივად მოტივირებული ექსტრემისტები არიან - ისინი, ვისაც თეთრი რასის უპირატესობის სჯერა. წლების განმავლობაში ჩვენ ნამდვილად ვნახეთ სოციალურ მედიაში რადიკალიზაცია და ამა თუ იმ ექსტრემისტული იდეულოგიის შერწყმა. იქნებოდნენ ესენი შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები, კონსტიტუციის მეორე ჩასწორების მომხრეები, ანტი-სამთავრობოდ განწყობილი ადამიანები თუ სხვები. 6 იანვარს კი ყველა ამ აქტორმა და ყველა ამ შეთქმულების თეორიამ თავი მოიყარა ვაშინგტონში,
მერი მაკკორდი

"ვფიქრობ, ახლა, საფრთხეს კვლავ შეაფასებენ იმ მოვლენებზე დაყრდნობით, რაც 6 იანვარს მოხდა. ისინი საქმიანობის ყველა მიმართულებით - იქნება ეს ადგილობრივი ოფისები, წყაროები, ამ წყაროებთან მომუშავე ადამიანები, ფარული ოპერაციები, ფიზიკური თუ ვირტუალური თვალყურის დევნება, გააფართოვებენ. და ასევე, როგორც ეს ხდებოდა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" შემთხვევაში, (იმაზე მეტად, ვიდრე ალ-ყაიდასთან დაკავშირებით) რადიკალიზაცია დიდწილად სწორედ ონლაინ ხდება", - ამბობს მაკგარიტი და ბრუკის მოსაზრებას იზიარებს იმის შესახებ, რომ ბევრი აქტორის მიერ აგრესიული ნაბიჯის გადადგმის პრევენცია, ხშირად მისთვის სწორედ "კვების ონლაინ წყაროს გამორთვაა".

მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუროს გამომძიებლებმა გააქტიურონ მუშაობა სწორედ ამგვარი შეთქმულების თეორიების მიმართულებით იმისთვის, რომ დროულად დაადგინონ, რისი სჯერათ ამ ადამიანებს, რა შეიძლება იყოს შესაძლო სამიზნე, რა შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როდესაც "ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიება" არ იგეგმება. მაიკლ მაკგარიტი მიიჩნევს, რომ ამჟამად კონტრტერორიზმის მიმართულებით შიდა ტერორიზმი უმთავრესი საფრთხეა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ მიმართულებით სამუშაოდ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარანტირებულად საკმარისი რესურსები.

მერი მაკკორდი, იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯთაუნის სამართლის სკოლის ერთ-ერთი დირექტორი მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტისგან მთავარი პრობლემის აღიარებაა, შემდეგ კი პრევენციაზე იმაზე მეტი აქცენტის გაკეთება, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ, გამოძიებასა და გასამართლებაზე:

"ახლა ამერიკისთვის ტერორიზმის კუთხით ყველაზე დიდი საფრთხე რასობრივად მოტივირებული ექსტრემისტები არიან - ისინი, ვისაც თეთრი რასის უპირატესობის სჯერა. წლების განმავლობაში ჩვენ ნამდვილად ვნახეთ სოციალურ მედიაში რადიკალიზაცია და ამა თუ იმ ექსტრემისტული იდეულოგიის შერწყმა. იქნებოდნენ ესენი შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები, კონსტიტუციის მეორე ჩასწორების მომხრეები, ანტი-სამთავრობოდ განწყობილი ადამიანები თუ სხვები. 6 იანვარს კი ყველა ამ აქტორმა და ყველა ამ შეთქმულების თეორიამ თავი მოიყარა ვაშინგტონში", - ამბობს მაკკორდი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG