ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადლიერების კვირეული ამერიკაში


ამერიკა დღეს მადლიერების დღე აღინიშნავს

22 ნოემბერს, შეერთებულ შტატებში მადლიერების დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულზე ამერიკელები წვეულებას მართავენ და ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი მადლიერებას გამოხატავენ. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ადამ ფილიპსი, ნიუ იორკის ქუჩებში, გამვლელებს გაესაუბრა და დაინტერესდა, თუ რის გამო არიან მადლიერნი ეს ადამიანები წელს.

მადლიერების კვირეულთან დაკავშირებულ სადღესასწაულო განწყობას ნიუ იორკში წელს ქარიშხალი „სენდის” ფიზიკური და ემოციური დანატოვარი ერთვის თან. სულ რაღაც სამი კვირის წინ, შტორმმა ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა და ათასობით ადამიანი უსახლ-კაროდ დატოვა.

უბანი, სადაც რაშონ ოსტინი ცხოვრობს, სხვა რაიონებთან შედარებით უვნებლად გადარჩა. თუმცა, მისი თქმით, მის ბევრ ახლობელს არცთუ ისე გაუმართლა. მისთვის, წელს დაუცველობის შეგრძნება და დალოცვილი ყოფნა ერთმანეთში აირია.

„ჩემმა მეგობარმა „ლონგ ბიჩის” იმ ადგილის ფოტო გამომიგზავნა, სადაც სამი თვის წინ ერთად ვისხედით. ეს ადგილი ფაქტიურად აღარ არსებობს. ასე რომ, ვფიქრობ, წელს, უამრავი ადამიანი ამ ფაქტს ითვალისწინებს და ის, რომ მე დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვარ და ყველა ჯანმრთელად ვართ, ყველაფრის მიუხედავად, პოზიტიური მოვლენაა,” - ამბობს რაშონი.

მოგზაურთა შორის არის სანდრაც, რომელიც სამ მეგობართან ერთად ნიუ იორკში წინასწარი დაგეგმვის გარეშე ჩამოვიდა და მადლიერია, რომ მოულოდნელ თავგადასავალს წარმატებით გადაურჩა.
„მატარებლით ვმგზავრობდით, როდესაც სრულიად უკაცრიელ ადგილას აღმოვჩნდით გაჩხერილნი. წარმოდგენა არ გვქონდა, რა უნდა გაგკვეკეთებინა. მანამდე არასოდეს გვიმგზავრია მატარებლით და სხვა მგზავრებს ცხვრის ფარასავით ავედვენეთ უკან ბარგით დატვირთულები. თუმცა, გამოვაღწიეთ და ქალაქამდეც ჩამოვედით. ძირითად დროს, თაიმს სქვერზე, ერთ-ერთ ბარში ვატარებდით და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.”

ჯეფი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მუსიკას უსმენს და მადლიერია, რომ შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე გატარებული 20 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

„წლევანდელ მადლიერების დღეზე, მადლიერი ვარ იმისა, რომ ჩემი ოჯახი, რომელთან ერთადაც ნიუ იორკში ჩამოვედი, ჯანმრთელად არის. ლოს ანჟელესში 20 წელი გავატარეთ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს შვილებს ნიუ იორკს ვათვალიერებინებთ. ძალიან კარგად ვერთობით.”

საუბარში ჯეფის შვიდი წლის ქალიშვილი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ მადლიერი საკუთარი ოჯახის გამოა, რადგან მშობლები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და თავს განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინებენ.

ნიუ იორკის ერთ-ერთ ცენტრალურ მხარეში, ქუჩის განაპირა კაფეში მყოფი ნიუ იორკელი ჯეფ ელენბერგერი ანალოგიურ ემოციას გამოხატავს.

„მადლიერი ვარ ჩემი მეგობრებისა, რომლებმაც ამ სტრესულ ვითარებაში დახმარების ხელი გამომიწოდეს. აქ ძალიან ცუდ განწყობაზე მოვედი, თუმცა, აი ამ ადამიანმა გუნება-განწყობა გამიუმჯობესა,” - ამბობს ჯეფი და ხელს მეგობრისკენ, ბობ მილსისკენ იშვერს, რომელიც, თავის მხრივ, მადლიერია იმით, რომ ალკოჰოლისადმი მიდრეკილება წარსულს ჩააბარა.

რაფაელ რომერო კი წელს იმის გამოა მადლიერი, რომ თავისუფალია მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების არალეგალური რეალიზაციის ბრალდებით პატიმრობის ვადა შეასრულა. იგი ამბობს, რომ მადლიერი თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზის გამოა, რომ დღეს სახლშია და ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლია. „ბედნიერი ვარ, რომ დღეს სხვა ადამიანი ვარ, შევიცვალე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ,” - ამბობს რაფაელი.

ლიბურნა დევა ნიუ იორკში კოსოვოდან ჩამოვიდა და სამაგისტრო პროგრამას ეუფლება. მასაც, რაფაელის მსგავსად, იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს და შეერთებული შტატების მიმართ მადლიერია იმის გამო, რომ ოცნებების ასრულების შანსი მიეცა.

„დაუჯერებელია, რომ აქ მხოლოდ სამი წელია, რაც ვცხოვრობ და ამერიკას უკვე მშობლიურ სახლად მივიჩნევ. ეს სწორედ ის არის, რასაც უკეთებს ადამიანებს ეს ქვეყანა და მე ამის მადლიერი ვარ, თანაც ძალიან. წლევანდელი მადლიერების დღე, უდაოდ, ძალიან პოზიტიური იქნება.”

მადლიერების მიზეზთა აზრების გადამუშავებასთან ერთად, 2012 წლის მადლიერების დღეს ამერიკელები, ტრადიციულად, ამ დღესასწაულის საფირმო კერძს ინდაურს დააგემოვნებენ.
XS
SM
MD
LG