ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის სუსი პეკინს „შეიარაღებული კონფრონტაციისთვის“ მზადყოფნისკენ მოუწოდებს


ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხსენებაში, რომელიც უწყებამ ოფციალურ პეკინს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტს გასული თვის დასაწყისში გაუგზავნა, მსოფლიოში ანტიჩინური განწყობების მატებაზეა საუბარი.

სააგენტო „როიტერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩინური სუსის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გლობალურმა ანტიჩინურმა განწყობებმა, იმაზე მაღალ დონეს მიაღწია, ვიდრე 1989 წლის ცნობილი „თიანმენის დარბევის“ მოვლენების შემდეგ იყო, რომლის დროსაც მთავრობა სასტიკად გაუსწორდა სტუდენტურ საპროტესტო დემონსტრაციას.

"როიტერის" წყაროს ინფორმაციით, ანგრიშში საუბარია შეიარაღებული დაპირისპირებისთვის მზადყოფნაზეც.

„ანტიჩინური განწყობების გლობალური მატების შედეგად, პეკინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მართული, პოსტ-პანდემიური ანტიჩინური განწყობების ტალღას უნდა ელოდოს და უნდა მოემზადოს მოვლენების შესაძლო ყველაზე ცუდი განვითარებისთვის, რაც ორ გლობალურ ძალას შორის შეიარაღებული კონფრონტაციაა“ - წერს "როიტერი," ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც საჯარო იდინტიფიცირებაზე უარს ამბობენ.

მოხსენება ჩინეთის „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ მიერაა მომზადებული. ეს არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ჩინეთის მთავარ სადაზვერვო ორგანოსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთანაა დაკავშირებული.

სააგენტო "როიტერი" განმარტავს, რომ დოკუმენტს უშუალოდ არ გაცნობია, თუმცა საუბარი ჰქონდა პირებთან, რომლებიც დოკუმენტის დეტალებს იცნობენ.

მოხსენებასთან დაკავშირებით "როიტერმა" კითხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა. საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა კი პასუხად განაცხადა, რომ მას „მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG