ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესში პირობით საბიუჯეტო შეთანხმებას მიაღწიეს


საბიუჯეტო მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს
საბიუჯეტო მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა პირობით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ამერიკის მთავრობას დააფინანსებს და პარასკევს, ვადის ამოწურვამდე, საჯარო უწყებებს ხელახალი დახურვისგან დაიცავს. შეთანხმების პირობები ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის.

კონგრესის წევრებთან მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ მიღწეულ შეთანხმებაში ჩადებულია მექსიკის საზღვარზე $1.4 მილიარდით 88-კილომეტრიანი ახალი კედლის მშენებლობის დაფინანსება. ამერიკის სამხრეთ საზღვრების დაცვის საქმეში ასევე გათვალისწინებულია საკონტროლო-გამშვები პუნქტების უკეთესი ტექნოლოგიებით აღჭურვა, საბაჟო პერსონალის გაზრდა და იმიგრანტებისთვის გათვალისწინებული, დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა.

2018 წლის ბოლოს და 2019-ის დასაწყისში, ამერიკის მთავრობის დიდი ნაწილი რეკორდული დროით, 35 დღით დაიხურა. მთელი რიგი საჯარო უწყებების თანამშრომლები ან დროებით იყვნენ დათხოვილი, ან უხელფასოდ მუშაობდნენ.

რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის განხეთქილება სწორედ სასაზღვრო კედლის დაფინანსების თაობაზე მოხდა, რის გამოც საბიუჯეტო მოლაპარაკების არაერთი მცდელობა ჩაიშალა და ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მოხდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასაზღვრო კედლის აშენებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში თავიდანვე 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოითხოვდა.

კონგრესის დემოკრატიული ოპოზიცია პრეზიდენტს არ ეთანხმებოდა, აცხადებდა რა, რომ ეს ნაბიჯი არაეფექტური იქნებოდა და 21-ე საუკუნეში ფიზიკური კედლების მშენებლობა საბიუჯეტო თანხების წყალში გადაყრას უდრიდა. დემოკრატები ბიუჯეტში საზღვრის დაცვისთვის სხვა ზომების დაფინანსებას ითხოვდნენ, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას და საბაჟო პერსონალის დამატებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG