ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კემბელი: აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება უცხოეთში მის იმიჯს აზიანებს


ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მესამე კვირაა გრძელდება. პარალელურად, იზრდება საჯარო მოხელეებზე ამ პროცესის უარყოფითი გავლენა. ამ ფონზე, უცხოეთში ამერიკის საკონსულოებისა და საელჩოების მუშაობა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ძირითადად შეუზღუდავია. თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ამერიკის ეროვნული ინტერესების და ამერიკის მოქალაქეების დაცვა.

„საკონსულო და საპასპორტო მომსახურება ჩვეულებრივად გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, თუ ამისთვის მოსაკრებლების სახით, საჭირო თანხები შემოვა" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უთხრა „ამერიკის ხმას.“ მან ასევე დასძინა, რომ საელჩოები უცხოეთში გააგრძელებენ ამერიკის მოქალაქეების ჩვეულ მომსახურებას, საგანგებო მომსახურების ჩათვლით.

თუმცა ზოგიერთი საელჩო, დროებით შეწყვეტს განათლებისა პროგრამებისა და ამერიკული კუთხეების მუშაობას. სახელმწიფო დეპარტამენტი კონცენტრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების და ამერიკელების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვაზე გადაიტანს.

გაგრძელდება ვიზების გაცემა, ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ კემბელი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იყო მივლენილი და1996 წელს, 21 დღის განმავლობაში მთავრობის დახურვისას მუშაობდა. მისი თქმით, ამ პროცესს ყველაზე დიდი გავლენა საელჩოების და სამთავრობო სამსახურების პერსონალზე აქვს.

„უფრო ღარიბ ქვეყნებში, მაგალითად ნიგერიაში, ან სამხრეთ აფრიკაში, მთავრობის მუშაობის გაჩერება, მთელი სიმძიმით, ადგილობრივ კადრებზე მოდის," ამბობს ის.

კემბელის თქმით, ყველაზე რთულად გასაზომია ამ პროცესის გავლენა ამერიკის პრესტიჟზე. ასეთი გავლენა განსაკუთრებით იმის განოა მნიშვნელოვანი და საგრძნობი, რომ უცხოეთში ხალხს არ ესმის, რატომ ვერ ახერხებს აშშ საკუთარი მთავრობის მუშაობის უზრუნველყოფას და რატომ წყდება მთავრობის ოპერაციები დროებით.

„ამ დროს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ [საქმე გვაქვს] ფუნდამენტურ, პოლიტიკურ არაკომპეტენტურობასთან და სწორედ ეს აზარალებს ამერიკის იმიჯს უცხოეთში,“ ამბობს კემბელი. მისი თქმით, "მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკელი დიპლომატების საქმე ხშირად არასაკმარისად არის შეფასებული, მაგრამ სწორედ ისინი არიან ამერიკის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.“

„ჩვენ უნდა გავცდეთ იმ მოსაზრებას, რომ ამერიკის საელჩოები უცხოეთში მხოლოდ კოქტეილის საღამოებია. საელჩოები ამერიკის მთავრობის ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის შესაგროვებლად.“

მიუხედავად მთავრობის ნაწილობრივი გაჩერებისა, ამერიკის მთავარი დოპლომატი მაიკ პომპეო მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთის ექვს ქვეყანაში იმოგზაურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, პომპეო შეეცდება დაარწმუნოს ამერიკის მოკავშირეები, რომ ვაშინგტონი მათ მიტოვებას არ აპირებს მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებებისა, რომ აშშ სირიიდან ჯარებს გაიყვანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG