ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქცია თბილისში მშვიდობიანად დაიშალა


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მისი ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა და მისგან დაპირებები მიიღო.

აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა გახარიამ დემონსტრაციის მონაწილეებსაც მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, "მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში“, თქვა მინისტრმა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციის მონაწილეების ადგილიდან უსაფრთხოდ გასაყვანად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი ტრანსპორტირებისთვის ავტობუსები გაგზავნა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მიმდინარე ულტრანაციონალისტების აქციის მონაწილეები, რომლებმაც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" დემონსტრაციის საპასუხოდ კონტრაქცია გამართეს, დემონსტრაციის ადგილზე რჩებიან. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ ადგილის დაკავებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია მათ არ აძლევს.

წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით ბოთლებს ისროდნენ, რის შედეგადაც დაშავებულია ერთი პოლიციელი.

გახარიამ "ქართული მარშის" დემონსტრაციის ორგანიზატორებსაც მიმართა და მათ დაშლისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, "დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მშვიდად უნდა დავიშალოთ და ხვალ აქ არავინ იდგება ამ ქუჩაზე. ხვალ იქნება ჩვეულებრივი ორშაბათი, როდესაც ხალხი წავა სამსახურში და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ყველა სხვა საკითხებს ვსხდებით და ორშაბათს, სამშაბათს ვწყვეტთ. ჩვენ ყველამ, როგორც ცალკე აღებულმა მოქალაქემ, პატივი უნდა ვცეთ ყველა სხვა მოქალაქის უსაფრთხოებას. პოლიციას უნდა მივცეთ საშუალება, შეასრულოს თავისი ფუნქცია", თქვა მინისტრმა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" დემონსტრაციის დაშლამდე "ქართული მარშის" აქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობდნენ პოლიციის კორდონს გარღვევას და მთავარი მიტინგის მონაწილეებს ემუქრებოდნენ. სამართალდამცავებმა ორი აქციის მონაწილეებს შორის კონტაქტი არ დაუშვეს.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამ მოთხოვნებს შორისაა, ნარკოპოლიტიკის კანონზე მუშაობის განახლება და პარასკევს სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპეც-ოპერაციაზე პასუხების გაცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG