ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება


აქცია პარლამენტის შენობასთან. "რადიო თავისუფლების" ფოტო.
აქცია პარლამენტის შენობასთან. "რადიო თავისუფლების" ფოტო.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის წინ, თბილისის ღამის კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმებმა რეიდი მოაწყვეს, ახალგაზრდების უკმაყოფილება პარლამენტის წინ გამართულ, მასობრივ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადგილას სამართალდამცავებს და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცავების მხრიდან ჩანს მომიტინგეებთან ფიზიკური დაპირისპირების და ახალგაზრდების დაკავების ფაქტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღამის კლუბების ჩხრეკა სამი თვის განმავლობაში წარმოებულ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მოჰყვა, რომელიც მიზნად ისახავდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოვლენას. "2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მას სამართალდამცველებთან კითხვები აქვს. სახალხო დამცველს აინტერესებს, თუ რატომ გახდა საჭირო კლუბში სპეცოპერაციის ისეთ დროს ჩატარება, როცა იქ ადამიანები იმყოფებოდნენ.

მომიტინგეებთან მივიდნენ ოპოზიციის და ქალაქის მერიის წარმომადგენლებიც. ღამის თბილისის ეკონომიკის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის თქმით, სპეცოპერაცია მიუღებელია და ქვეყანას არასასურველი სახით წარმოაჩენს. "არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას, ასეთი სიტუაცია არავისთვისაა მომგებიანი და მთლიანად ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა ვიცით, რომ ეს არის სფერო, რომლითაც ქვეყანამ გაითქვა სახელი... ეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულები, რატომ ჩავაყენეთ ასეთ მდგომარეობაში და რატომ ჩავაყენეთ პოლიციაც ასეთ მდგომარეობაში" - თქვა მან.

ამ ეტაპზე პარლამენტის წინ დაკავებული აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დემონსტრანტებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს და ამ წუთებშიც იქ არიან. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა 60-მდე იყოს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოაქვეყნოს განახლებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. უცნობი რჩება დაკავებულთა ადგილმდებარეობაც. საიას ინფორმაციით, მათთან ადვოკატები ჯერ არ მისულან. პოლიტიკური პარტია "გირჩი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია მათი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG