ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაბუნიას საქმე: მაგომედ გუციევს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა


მაგომედ გუციევი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების“ საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს მაგომედ გუციევს. თავის დროზე, გუციევი საქართველოს ტერიტორიაზე ვასამბეგ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით შემოვიდა.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუციევი 2020 წლის ივნისში მას შემდეგ დააკავა, როცა იგი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თბილისში სისტემატურად უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. პანკისის ხეობასა და თბილისში გუციევს, როგორც ვასამბეგ ბოკოვს ისე იცნობდნენ.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, რომელიც იანვარში ამ საქმეზე დაზარალებულად სცნეს არ გამორიცხა, რომ გუციევი დაქირავებული ქილერი ყოფილიყო:

ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე სუს-ში მომაწოდეს, გუციევს აქვს გავლილი შესაბამისი ფიზიკური მომზადება, იძებნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში მკვლელობის საქმეებისთვის და ასე რომ, არ გამოვრიცხავ ქილერი სწორედ იგი იყოს
გიორგი გაბუნია, მთავარი არხის ჟურნალისტი


„იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე სუს-ში მომაწოდეს, როდესაც დაზარალებულად მცნეს, გუციევს აქვს გავლილი შესაბამისი ფიზიკური მომზადება, აქვს კრიმინალური წარსული, იძებნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში მკვლელობის საქმეებისთვის და ასე რომ, არ გამოვრიცხავ ქილერი სწორედ იგი იყოს“ - თქვა გაბუნიამ.

გუციევის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 1511-ე, 157-ე, 344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარებდა, რაც ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.

2019 წლის ივლისში, მაშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა. მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურნენ. კადიროვმა თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 15 ივნისს, სუს-ში განაცხადეს რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ "ქვეყანაში აღკვეთილი იქნა უმძიმესი დანაშაული". საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ ეს დანაშაული, "სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის"

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიას განცხადებით, სუს-ს უკრაინის მხარისგან ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ გაბუნიას მკვლელობის შემკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, თუმცა გამოძიებას დამკვეთზე გასვლა არ უცდია

XS
SM
MD
LG