ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადიროვი: „გაბუნია, ჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს”


ჩეჩნეთის ლიდერი ქართველ ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაემუქრა

რუსეთის ფედერაციის სუბიექტის - ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გროზნოდან გამოეხმაურა სკანდალურ ინფორმაციას, რომ მისი დაკვეთით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. კადiროვმა ბუნებრივია ყველაფერს ბოდვა უწოდა და ქართველ ჟურნალისტს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს დაუჩოქოს და პატიება ითხოვოს.

გიორგი გაბუნიას უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი"
რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერი


„გიორგი გაბუნიას ჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელსაც შეეძლება ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდა. ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და გონს მოეგოს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს პირად მტრად დარჩება" - წერს კადიროვი Telegram-ის ოფიციალურ გვერდზე.

ჩეჩნეთის ლიდერმა საქართველოს „უძრაობაში მყოფი ქვეყანა“ უწოდა. “მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს" – ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი თავის განცხადებაში საქართველოს გარდა უკრაინასაც დაემუქრა, რადგან არსებული ინფორმაციით, გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე ინფორმაცია თბილისმა სწორედ კიევიდან მიიღო:

"საკუთარ ხალხთან მუშაობა ვერა და ვერ გამოგდით. საბოლოოდ, პერიოდულად ჩემი სახელის ხსენებით გადიხართ ფონს. ისე, ამ პიარისთვის ჩემთან ვალში ხართ. დაიმახსოვრეთ ეს! მოვა დრო, ანგარიშს გავასწორებთ. უცილობლად",

2019 წლის ივლისში, მაშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა. მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურნენ. კადიროვმა თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

გიორგი გაბუნიას სკანდალური ეთერი
გიორგი გაბუნიას სკანდალური ეთერი

2020 წლის 15 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, სუს-ის ცნობით, თბილისში რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ "ქვეყანაში აღკვეთილი იქნა უმძიმესი დანაშაული". საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ეს დანაშაული, "სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის"

„ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია“ - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი და ჩეჩნეთის ლიდერი
რუსეთის პრეზიდენტი და ჩეჩნეთის ლიდერი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG