ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხალის აგებას აპირებს


ტაჯიკეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხალის აგებას აპირებს

ტაჯიკეთი მთაგორიანი ქვეყანაა, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, რომ აზიის შვეიცარია გახდეს და მეზობელი სახელმწიფოები ელექტროენერგიით მოამარაგოს.

თუმცა ამისათვის ჯერ ტაჯიკეთმა თავად უნდა შეძლოს იმდენი ელექტროენერგიის გამომუშავება, რომ ზამთარში მის ეკონომიურად მოხმარებაზე საბოლოოდ თქვას უარი.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი საკუთარ თავს ახალი ტაჯიკეთის მამამთავრად თვლის. სექტემბერში მან მსოფლიოში ყველაზე მაღალი დროშის სვეტი ააგო.

ახლა მას რაღაც უფრო დიდის გაკეთების სურვილი აქვს. ტაჯიკეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხალის აგებას აპირებს. როგუნის ჰიდროელექტროსადგური ამ ღარიბ ქვეყანას შუა აზიაში ელექტროენერგიის მთავარ ექსპორტიორად გადააქცევს, რომელიც შუა აზიის გარდა ავღანეთსა და პაკისტანსაც მოამარაგებს.

ისლამური აღორძინების ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუჰიდდინ კაბირი ამბობს, რომ მთავრობამ უკვე 200 მილონი დოლარის ბონდები მიყიდა მოსახლეობას, არადა ამ კაშხალის მშენებლობა გაისად უნდა დაიწყოს.

ბატონი კაბირის განცხადებით: “ჩვენი აზრით მთავრობას არჩევანის საშუალება არა აქვს. ეს კაშხალი უნდა აშენდეს. წინააღმდეგ შემხვევაში ხელისუფლება ისედაც შერყეულ ავტორიტეტს კიდევ უფრო დაკარგავს.“

წყალი შუა აზიის სტრატეგიული პროდუქტია. ამ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობამ ორჯერ მოიმატა 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

ტაჯიკეთში ბამბის პლანტაციები კაშხალის აშენების შემდეგ საირიგაციო სისტემით იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ მეზობელ უზბეკეთში ეს პროექტი შეშფოთებას იწვევს.

თუმცა ტაჯიკი ჟურნალისტი აზატმანდ სალომოვი აცხადებს, რომ ეს შიში გადაჭარბებულია. მისი თქმით:“ ბევრი ჭორი არსებობს თითქოს ეს პროექტი ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებას ემუქრება და შუა აზიაში წყლის ნაკადების დაბლოკვის შემდეგ ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი, მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპრებია და მეტი არაფერი. სპეციალისტებმა ეს კარგად იციან. რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, თუ როგუნი აშენდება, მაშინ უზბეკეთი ვეღარ მიყიდის ტაჯიკეთს მილიონობით დოლარის ელექტროენერგიას.“

შარშან აპრილში ტაჯიკეთში ენერგეტიკული კრიზისის დროს ზაფარ აბდულაევმა ფეისბუკზე ტაჯიკეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია წამოიწყო.

მისი თქმით: “ეს პროექტი აუცილებელია და ყველამ უნდა გაიგოს, რომ მეზობლების მიერ ჩამოთვლილი პრობლემები, რომლებიც ეკოლოგიასა და უსაფართხოებას ეხება, გაზვიადებულია.“

როგუნის კაშხალის პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 35 წლის წინათ შეიქმნა. ტაჯიკებს მიაჩნიათ, რომ დროა ამ პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა შეწყდეს და კაშხალის აშენება დაიწყოს.

XS
SM
MD
LG