ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ექიმების კონსილიუმი ამერიკაში


რამდენიმე ქვეყნის ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი ინდიანას შტატის ქალაქ ვეინში ვირტუალურად იკრიბება, რათა მომდევნო ქიმიურ იერიშს სირიაში უკეთ მომზადებული დახვდნენ

ამერიკის შუაგულში, ოჯახურ კეთილმოწყობილ სარდაფში მოწყობილ სამუშაო მაგიდასთან სირიელი და ამერიკელი ექიმების კონსილიუმი იმართება. ისინი არაბულ ენაზე ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხებზე და შედეგებთან გამკლავების მეთოდებზე საუბრობენ. შეხვედრა ექიმ ამარ განემს მიჰყავს. ის მარტოა ოთახში, დანარჩენები კონსილიუმს სკაიპის მეშვეობით უერთდებიან.

33 ექიმი განემს ამერიკიდან, იორდანიიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ურეკავენ. სამი ექიმი სირიიდან ესწრება, ერთი ალეპოდან, ორი კი დამასკოს სწორედ იმ გარეუბანში ცხოვრობს, სადაც 21 აგვისტოს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში ქიმიური იარაღით განხორციელდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:55 0:00
ბმული

ექიმი განემი ამბობს, რომ ისინი დღეს ქიმიური იარაღის მკურნალობის ცენტრების აშენების და სამედიცინო პერსონალის მომავალი იერიშებისგან დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ის ექიმ მაჯიდს გვაცნობს და გვიყვება, რომ მის საავადმყოფოში 21 აგვისტოს შეტევის შემდეგ 65 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმ მაჯიდის აზრით, სირიაში რამდენიმე ასეთი ცენტრი უნდა აშენდეს, სასურველია მიწისქვეშ და მათი სპეციალიზაცია სხვადასხვა ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგებთან გამკლავების მეთოდების მიხედვით უნდა მოხდეს. მაჯიდი მისი ნამდვილი სახელი არ არის. უსაფრთხოების მოსაზრებით ისინი სხვადასხვა ფსევდონიმს იყენებენ. ერთ-ერთ მათგანს „ქიმიურ ჰაზიმს“ ეძახიან. ის სკაიპით ალეპოდან ერთვება. ექიმების მთელი ჯგუფი მას ძალზე ფასეულ ქიმიური იარაღის ექსპერტად მიიჩნევს. „ქიმიური ჰაზიმი“ ცენტრების შესასვლელში მომწამლავი გაზებისგან საგანგებო გაუსნებოვნების კარვების დადგმის აუცილებლობაზე საუბრობს.

კლინიკაში ომში დაშავებულ ადამიანებს ვიღებთ. ამიტომ საავადმყოფოში ქიმიური აგენტით დასნებოვნებული ადამიანის შემოყვანა რა თქმა უნდა არ გვინდა. ამიტომ, როგორც ჩვენ გვესმის, მოწამლული ადამიანების მკურნალობის პირველი ეტაპი მათი შესასვლელშივე გაუსნებოვნებაა“ - აღნიშნავს ალეპოელი ექსპერტი.

ჯგუფი მის წინადადებას განიხილავს და აგრეთვე ცენტრების მოწყობის საორგანიზაციო საკითხებზეც მსჯელობს. მიმდინარეობს იმის განხილვა, თუ სად უფრო მიზანშეწონილია მსგავსი პუნქტების აშენება. ამერიკელი ექიმები 3 ცენტრის გახსნაზე საუბრობენ. სირიელები ფიქრობენ, რომ ეს ცოტაა და მათ მეტი საავადმყოფოს გახსნა სჭირდებათ. ამერიკელები სირიელ კოლეგებთან აზუსტებენ, რამდენად შეძლებენ ისინი სამზე მეტი კლინიკის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებას და საჭირო აპარატურით უზრუნველყოფას.

მთელი სირთულეების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ლოგისტიკის საკითხებზე, ვფიქრობ აუცილებელი აპარატურის და სამედიცინო ხელსაწყოების შეტანაც ძნელი იქნება“ - აღნიშნავს ექიმი განემი.

ამერიკელი ექიმები შემოწირულობებსაც აგროვებენ. მოხალისეები მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში ყუთებს კრავენ, მათ ხმელთაშუა ზღვისკენ უშვებენ და შემდეგ იქიდან ტვირთის სირიაში შეტანას ცდილობენ. სირიელი ექიმების აზრით, ყველაზე მეტად მათ ქიმიური იარაღისგან დამცავი კოსტუმები სჭირდებათ. ექიმ ჰაზამის თქმით, კოსტიუმები გაგზავნისთვის გამზადებულ ტვირთში ჯერაც არ არის.

„ჯერ თურქეთში ვეძებეთ, შემდეგ საფრანგეთს ვთხოვეთ. როგორც ვიცი, შეერთებულ შტატებსაც სთხოვეს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი კოსტუმებით არავინ გვეხმარება“ - ამბობს ექიმი ჰაზამი.

სირიელი ექიმების თქმით, მათ რომ 21 აგვისტოს ზარინის ანტიდოტი და აუცილებელი აპარატურა ჰქონოდათ, 900-მდე ადამიანის გადარჩენას შეძლებდნენ. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა მათ დღესაც არ გააჩნიათ.
XS
SM
MD
LG