ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად ენდობა ამერიკა რუსეთს?


„თვალი ფართოდ გვაქვს გახელილი... თამაშის დრო არ გვაქვს და არც ვაპირებთ“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევა სირიაში „ძალადობის ზრდას და ტერორიზმის ახალ ტალღას“ შეუწყობს ხელს. განცხადება იმ დროს გაკეთდა, როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის ჟენევაში შეხვედრა იგეგმებოდა. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები სირიის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქიმიური იარაღის არსენალის გადაცემის მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავენ.

პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის წინადადებას მხარი ფრთხილად დაუჭირა, განაცხადა რა, რომ თუკი დიპლომატიური მცდელობა ნაყოფს არ გამოიღებს, შეერთებული შტატების არმია სამხედრო იერიშისთვის მზად იქნება. სამშაბათს საღამოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მთელი ამერიკის მასშტაბით გადაიცა, პრეზიდენტმა კონგრესს სთხოვა, შეეყოვნებინა კენჭისყრა სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის საკითხზე და მიზეზად სწორედ აღნიშნული რუსული დიპლომატიური ინიციატივა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტის თქმით, სირიაში არსებული ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების პოტენციალი მართლაც შეიძლება გააჩნდეს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:04 0:00
ბმული

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჟენევაში გამგზავრებამდე სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამერიკის და რუსეთის საერთო ინტერესებს, კერძოდ იმას, რომ მათი ერთობლივი მიზანია სირიაში ქიმიური იარაღის იდენტიფიცირება, შემოწმება და საბოლოო ჯამში, განადგურება მოხდეს. თუმცა, შეერთებული შტატები მაინც სკეპტიკურად უყურებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პოზიციის გულწრფელობას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჯენ ფსაკის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც კარგად ჩანს.

„რუსეთთან მართლაც რომ ხანგრძლივი და არაერთგვაროვანი ურთიერთობა გვაკავშირებს. დეტალებში ახლა არ შევალ. თვალი ფართოდ გვაქვს გახელილი და როცა ორი დღის წინ სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, გარკვევით უთხრა კიდეც, რომ თამაშის დრო არ გვაქვს და არც ვაპირებთ“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში შეერთებულ შტატებს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყურად ეღოთ სირიის შეთავაზება და მისი „მზაობა მათ ხელთ არსებული ქიმიური იარაღის არსენალი საერთაშორისო საზოგადოების კონტროლს დაუქვემდებაროს“. გაერო ოპტიმისტურად უყურებს ჯონ კერის და ლავროვის შეხვედრას ჟენევაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერი, ფარჰან ჰაკი ამას ხაზგასმით აცხადებს.

„გენერალური მდივანი მიესალმება სერიოზული საერთაშორისო დისკუსიების გამართვის მცდელობას. ამ ნაბიჯმა შესაძლოა უშიშროების საბჭოს შეთანხმებამდე მიგვიყვანოს, რაც სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას გულისხმობს და მისი შემდგომი გამოყენების საფრთხეს თავიდან აგვაცილებს“ - აღნიშნავს გაეროს სპიკერი.

სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის ალტერნატიულ დიპლომატიურ სვლას ანალიტიკოსების ნაწილი მოწონებით შეხვდა. მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთის და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი არი რატნერი, რომელიც ამბობს, რომ მშვიდობიანი დარეგულირების ნებისმიერი შანსი უნდა გამოყენებულ იქნას.

„ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რაზე მოილაპარაკებენ საბოლოოდ, გნებავთ სირიაში და გნებავთ, უფრო ფართო, საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ამის მიუხედავად, თუკი რაიმეს მიღწევა მოხერხდა ბოლო ორი კვირის მანძილზე, როცა ყველაფერი ომისკენ მიდიოდა და საკმაოდ ქაოტურადაც, არის ის, რომ დიპლომატიის კიდევ ერთი მცდელობის გამოყენების შანსი გაჩნდა. თუნდაც ეს მცდელობა ჩაიშალოს, მთავარია ის, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა სამშვიდობო გზა გამოვიყენოთ“ - აცხადებს ანალიტიკოსი. მისი თქმით, ამ მცდელობის შემდეგ ის ხალხი, ვინც სამხედრო იერიშის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა დაფიქრდება მაინც იმაზე, რომ შესაძლოა ეს კრიზისის დარეგულირების ერთადერთი სწორი გზა იყოს.
XS
SM
MD
LG