ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ბავშვები ზამთრის მოლოდინში


ფოტოზე: სირიიდან გამოქცეული ქალბატონი თავის წლინახევრის შვილთან ერთად

არსებობს საშიშროება იმისა, რომ ლიბანისა და ერაყის სასაზღვრო რეგიონებში გაშენებულ ბანაკებს შეფარებული უამრავი ლტოლვილად ქცეული ბავშვი დაიღუპოს

საერთაშორისო დახმარების სააგენტოების ინფორმაციით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ასი ათასობით ბავშვი, რომლებიც სირიაში მიმდინარე ბრძოლებს გაექცა, სიცივისა და ავადმყოფობის რისკის ქვეშ იმყოფება. არსებობს საშიშროება იმისა, რომ ლიბანისა და ერაყის სასაზღვრო რეგიონებში გაშენებულ ბანაკებს შეფარებული უამრავი ლტოლვილად ქცეული ბავშვი დაიღუპოს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს დეტალებზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ სირიის საზღვრის გასწვრივ მდებარე რამდენიმე ბანაკი და თავშესაფარი მოინახულა.

ჩრდილოეთ ერაყში, დომიზის ლტოლვილთა ბანაკში განთავსებული ერთ-ერთი ოჯახის კარვის წინ ნავარის შვიდი შვილი სხვა ლტოლვილ ბავშვებთან ერთად თამაშობს. ამავე კარვის შიგნით კი, ნავარი და მისი ორი მეგობარი ზამთრის მოახლოებასთან ერთად გამეფებულ შიშზე საუბრობენ.

უდაბნოსთვის დამახასიათებელი სიცივისგან ლტოლვილებს პლასტიკატის თხელი ფირფიტა იცავს მხოლოდ. ნავარის ისტორია ტიპიურია იმ 20 ათასი სირიელის ისტორიისა, რომლებიც თავს ერაყს აფარებენ.

„ჩვენ დამასკოდან ვართ,” - ამბობს ნავარი. „მათ ჩვენი სახლი დაბომბეს, ყველაფერი განადგურდა. სადმე უნდა გადავსულიყავით, თუმცა, წასასვლელი არსად გვქონდა. ამიტომაც, გამოვიქეცით და აქ ჩამოვედით.”

ოჯახი რამდენიმე თვეა ბანაკში ცხოვრობს, თუმცა, მოახლოებული ზამთარი მათთვის პირველია. ნავარის ერთ-ერთი მეგობარი - რომელსაც არ სურს, რომ მისი ვინაობა გამჟღავნდეს - საკუთარი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია. „ჩემი ქმარი ბრძოლაში დაიღუპა,” - ამბობს იგი. „ხუთი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რომლებიც უკვე ცუდ მდგომარეობაში არიან და არც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, არავის არ შეუძლია ჩვენი დახმარება. არ ვიცით, რა გავაკეთოთ.”

სირიაში მიმდინარე ბრძოლების გამო, ქვეყანა, დაახლოებით, ორნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. 400,000-მდე ადამიანი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში, თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში არიან რეგისტრირებულნი ლტოლვილის სტატუსით.

თუმცა, ყველაზე დიდ შეშფოთებას იმ ადამიანების მდგომარეობა იწვევს, რომლებიც ბანაკებს მიღმა ცხოვრობენ. „ამერიკის ხმამ” გასულ ზამთარს სირიის საზღვართან ახლოს, ლიბანის მთებში განთავსებულ უფუნქციო სკოლაში შეფარებული ლტოლვილები მოინახულა. აქ გათბობის ერთადერთი წყარო ნახშირის ღუმელია, რომელიც მხუთავ ბოლს უშვებს. ლტოლვილებს ბეტონის იატაკზე სძინავთ.

სირიის საზღვრების გასწვრივ უამრავი ასეთი დროებითი თავშესაფარია მოწყობილი. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - „გადაარჩინე ბავშვები” ლიბანის რეგიონული დირექტორის, რუბა ხურის თქმით, მომდევნო თვეებში, 200,000-მდე ლტოლვილი ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება.

„უმრავლეს ამ ადგილებში ზამთარში თოვლია. [ლტოლვილთა] სახლებს არ აქვს ფანჯრები, ზოგიერთ მათგანს არ აქვს არც კარი. მათ არ აქვთ საწვავი, რაც ლიბანში ძალიან ძვირია - განსაკუთრებით სირიიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რადგან ლიბანი გაცილებით ძვირი ქვეყანაა. ბავშვების უმრავლესობა აქ ზაფხულის ტანსაცმლით ჩამოვიდა და მხოლოდ მაისურების, შორტებისა და საზაფხულო სანდლების ამარა არიან,” - ამბობს რუბა.

საერთაშორისო დახმარების სააგენტოები დამატებითი დაფინანსების მოთხოვნით გამოდიან. ხური ამბობს, რომ ლტოლვილები სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.

„ორგანიზაცია - „გადაარჩინე ბავშვები” დახმარების თხოვნით მიმართავენ ყველას - ადგილობრივი თემებიდან დაწყებული საერთაშორისო თანამეგობრობით, დონორებით დამთავრებული - რათა შესაძლებელი გახდეს სირიის გარშემო ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება. რადგან თუ ამას ახლა არ გავაკეთებთ, მერე ძალიან გვიან იქნება. ზამთარი უკვე მოახლოვდა. უკვე აცივდა და გრძელი ღამეებია,” - ამბობს რუბა.

გასული ზამთრის შემდეგ, ათობით ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლი გაურკვეველი მომავლის პერსპექტივით დატოვა. ყველაზე დაუცველთათვის კი, მომდევნო თვეები გადარჩენის ტესტი იქნება.
XS
SM
MD
LG