ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ბრძოლების მასშტაბი პიკს აღწევს


შეერთებული შტატების ხელისუფლება შეშფოთებულია სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით

შეერთებულ შტატებში სირიის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრები რეგულარულად იმართება. ეს კი იმ ფონზე, როდესაც სირიაში ბრძოლები გრძელდება და მსოფლიოს ლიდერები დამასკოს ქიმიური იარაღის გამოყეენებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. რას ფიქრობენ ვაშინგტონში სირიის საკითხზე, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მერედით ბუელი არკვევდა.

სირიაში ბრძოლების მასშტაბი პიკს აღწევს. ვაშინგტონში პრეზიდენტ ასადის წასვლის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე ფიქრობენ.

„არჩევნებამდე დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნება და მთელი ჩვენი მხარდაჭერა არჩევნებისკენ უნდა იყოს მიმართული. და ასევე იქ უნდა იყოს ერთგვარი უსაფრთხოების გარემო ყველა მხარისთვის და ასევე ყველა მხარემ უნდა იზრუნოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა.

შეერთებული შტატების ხელისუფლება შეშფოთებულია სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით.

დამასკო საგარეო ინტერვენციის შემთხვევაში ქიმიური იარაღით დაიმუქრა.

„გამომდინარე იქიდან, რომ რეჟიმს ქიმიური იარაღის მარაგი გააჩნია, ჩვენ განვუმარტავთ ასადს, რომ მსოფლიო მას აკვირდება და მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ამ ტრაგიკულ შეცდომას დაუშვებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

შეერთებული შტატები უარყოფს ინფორმაციას სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. თუმცა, ვაშინგტონი მათ საკომუნიკაციო საშუალებებით ეხმარება.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, უკვე დადგა დრო, რომ თეთრმა სახლმა ამბოხებულთა საბრძოლო ეფექტურობაზე იზრუნოს.

სტივენ ჰეიდემანი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში სირიის საკითხების ექსპერტია.

„რაც უფრო გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო გაღრმავდება და გაიზრდება ექსტრემიზმის მასშტაბი. ეს შეერთებული შტატების მოქმედებისთვის დამატებითი მიზეზია,“ - ამბობს ჰეიდემანი.

სირია უკვე 100 ათასზე მეტმა დევნილმა დატოვა. ისინი შეერთებული შტატებისგან სწრაფ მოქმედებას ითხოვენ. ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტო ამბოხებულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს.

ვაშინგტონს სურს დარწმუნებული იყოს, რომ უცხოეთიდან მიწოდებული იარაღი სირიაში ალ-ყაიდას წევრების ხელში არ აღმოჩნდება. თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ვინმემ შეძლოს იქ ვითარების რეალური კონტროლი. ოპოზიცია კი შეერთებულ შტატებს სირიაში უსაფრთხო ზონების შექმნას თხოვს. რადვან ზიადეჰი სირიის ოპოზიციის ნაციონალური საბჭოს წევრია.

„სირიელებისთვის ამჟამად პრიორიტეტი უსაფრთხო ზონების შექმნაა. არავინ მოუწოდებს მათ ჯარების შემოყვანმისკენ. სამხედრო ინტერვენციას არავინ ითხოვს,“ - ამბობს ზიადეჰი.

როგორც, ამერიკელი მარალჩინოსნები ამბობენ, ამგვარი უსაფრთხო ზონები სირიელ ამბოხებულებს მთავრობასთან ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

XS
SM
MD
LG