ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი: ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება


თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერები სოჭში, სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გამოყვანის შემდგომი რეალობაა. კრემლსა და ანკარას ჯერ არ აქვთ საბოლოო თანხმობა იმაზე, როგორ უნდა გადაწყდეს იდლიბის მომავალი. ეს სირიელი მეამბოხების მიერ კონტროლირებული ბოლო ანკლავია. რუსეთი „გადამწყვეტ ქმედებებს“ ითხოვს, ანკარა კი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის მომხრეა, რომელიც თავის მხრივ თურქეთის საზღვართან დაცული ზონის არსებობას უზრუნველყოფს. რუსეთი და ირანი მხარს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერენ, თურქეთი კი სირიელ მეამბოხეებს. თუმცა მხარეები 7-წლიანი სამოქალაქო ომის მშვიდობიანი დასრულებისთვის მზაობას გამოთქვამენ.​

პრეზიდენტ ტრამპმა გადაწყვიტა საქართველოსთვის ჯაველინები მიეყიდა მაშინ, როდესაც მაგალითად პრეზიდენტმა ობამამ ეს არ გააკეთა. რაც შეეხება თურქეთს, ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ამ საკითხის ძლიერი ადვოკატია. თუკი ამერიკა და თურქეთი შეძლებენ რომ ამ საკითხზე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი რამ იქნება.
ლუკ კოფი, "ჰერიტიჯის ფონდი"

ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში რამდენჯერმე განსაკუთრებით დაიძაბა. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა, სწორედ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. „დიადი ერები დაუსრულებლად არ ომობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის გაერთიანებული სხდომისადმი ყოველწლიური მიმართვისას. ის ამერიკის ჯარების სირიიდან (და ავღანეთიდან) გაყვანას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთ მოკავშირეს გაურკვევლობის შეგრძნება გაუჩინა. მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკის მოკავშირე სირიელი ქურთები დაუცველნი აღმოჩნდებოდნენ თურქეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ. თურქეთი მათ ტერორისტებად მიიჩნევს. ბევრი შიშობდა, რომ სირიელი ქურთების საკითხი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩენილიყო ნატოს წვერი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

თურქი მკვლევარი „პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდიდან“ ბურჰანეტინ დურანი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პირობებში ორმხრივი პარტნიორობის პირობები უნდა გადაიხედოს, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.

ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტების უშიშროების მრჩეველების შეხვედრა ანკარაში, 8 იანვარი, 2019 წელი
ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტების უშიშროების მრჩეველების შეხვედრა ანკარაში, 8 იანვარი, 2019 წელი

"ასეთ პერიოდებში გაურკვევლობა და რყევები იზრდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი რეგიონისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ევროპის მომავლისთვის ამერიკამ და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ საერთო ინტერესები შეინარჩუნონ . ამას ორმხრივი ურთიერთობების თავიდან განსაზღვრა სჭირდება“, - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ეს ასიმეტრიულად არ უნდა მოხდეს.

„ეს ყველაფერი არ უნდა განხორციელდეს მხოლოდ თურქეთის მიერ ამერიკის ინტერესებზე მორგებით. ახლა შესაფერისი დროა ჩვენი საერთო ინტერესების გადასახედად. და თუ ეს სირიითდაიწყება, ეს შეიძლება ჩვენს მომავალ ურთიერთობასაც დაეხმაროს.“

მიუხედავად დაძაბულობისა, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა ეს ახალი ეტაპი იყოს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებში.

„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი​ ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ თუკი პროცესები მეტი ურთიერთგაგებით და თანამშრომლობით წარიმართება, სირიიდან ამერიკის ჯარების გამოყვანამ შეიძლება არა „ძალთა ვაკუუმის“, ტერორისტების გაძლიერების ან ახალი კონფლიქტის, არამედ პირიქით, ახალი პარტნიორობის და შესაძლებლობების სივრცე შექმნას. მისი თქმით, სირიული დასახლებების ბედი შესაძლოა ორი ქვეყნისთვის „შესაძლებლობების ფანჯარაც“ კი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ამერიკის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდგომ რეალობაზე შეთანხმება მოხდეს.

„ამერიკის მოკავშირეებისთვის კავკასიაში უკეთესი იქნება, თუკი ამერიკასა და თურქეთს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა ექნებათ“, - ამბობს კოფი კავკასიის ქვეყნებზე ამ მოვლენების შესაძლო შედეგების თაობაზე. „პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდი - SETA-ს ერთ-ერთ შეხვედრაზე თურქი ანალიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ სირიიდან ჯარების გაყვანა პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის გაგრძელებაა და ამის „ფუფუნება“ რეგიონს ახლა არ აქვს, ლუკ კოფი ამბობს, რომ ეს კავკასიის ქვეყნებისთვის დამატებითი შფოთვის საგანი არ არის. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში კი, ამ პოლიტიკამ ის უფრო აჩვენა, რომ ამერიკა საკუთარ და საკუთარი მოკავშირე-პარტნიორების ინტერესებს აყენებს ყველაზე წინ:

მოსკოვი, 23 იანვარი, 2019 წელი.
მოსკოვი, 23 იანვარი, 2019 წელი.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა საქართველოსთვის: პრეზიდენტ ტრამპმა გადაწყვიტა საქართველოსთვის ჯაველინები მიეყიდა მაშინ, როდესაც მაგალითად პრეზიდენტმა ობამამ ეს არ გააკეთა. რაც შეეხება თურქეთს, ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ამ საკითხის ძლიერი ადვოკატია. თუკი ამერიკა და თურქეთი შეძლებენ, რომ ამ საკითხზე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი რამ იქნება“, - ამბობს მკვლევარი.

რეგიონის ქვეყნებისა და დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილს ბოლო დროს რუსეთისა და თურქეთის დაახლოებაც აშფოთებს. საუბარია მაგალითად იმაზეც, რომ ანკარა რუსული სარაკეტო სისტემის ეს-400-ების შესყიდვას აპირებს. ეს სისტემა კი ნატოს თავდაცვის სისტემასთან შეუთავსებელია. თუ ეს-400-ების ნატოს სისტემაში ინტეგრაცია მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატომ რუსეთს სამხედრო საიდუმლოებები უნდა გაუმხილოს იმისთვის, რომ ამ იარაღის თურქეთის თავდაცვის სისტემაში გაერთიანება მოხდეს.

ასეთ პერიოდებში გაურკვევლობა და რყევები იზრდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი რეგიონისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ევროპის მომავლისთვის ამერიკამ და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ საერთო ინტერესები შეინარჩუნონ . ამას ორმხრივი ურთიერთობების თავიდან განსაზღვრა სჭირდება.
თურქი ანალიტიკოსი ბურჰანეტინ დურანი

თუმცა ლუკ კოფი ფიქრობს, რომ ამ პროცესებს საქართველოზე ძლიერი უარყოფითი გავლენა ვერ ექნება და რუსეთ-თურქეთის ისტორიული წარსული და რეალობა მათ კონკურენტების პოზიციაში უფრო აყენებს, ვიდრე - მეგობრების. გარდა ამისა, თურქეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და კრემლის მიერ ყირიმის ოკუპაციაზეც საუბრობს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დასავლეთთან კი პირიქით, დაძაბულობის გაზრდის მიუხედავად, ანკარა რუსეთი-უკრაინის კონფლიქტში მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს: ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ქერჩის სრუტეში უკრაინელ მეზღვაურებზე რუსული მხარის თავდასხმის და დაპატიმრების შემდეგ კი, თურქეთმა და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გაააქტიურეს საუბარი. იანვარში თურქეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა თურქეთისგან 6 უპილოტო საფრენ აპარატ “ბაირაქტარ TB2-ს” იყიდის. ორ ქვეყანას შორის კონტრაქტის ღირებულება 69 მილიონი დოლარია.

„რუსეთი-თურქეთის დაახლოების შესახებ საქართველოს კონტექსტში სავსებით მშვიდად ვიქნებოდი“, - განმარტავს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, „თურქეთსა და რუსეთს ყოველთვის ჰქონდათ კონკურენცია, ზოგჯერ კონფლიქტიც კი სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის ირგვლივ. ამ ორი ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობა ისაა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ძალიან ახლოს. ვფიქრობ, ეს ხანმოკლე ჩართულობაა და მომავალში ვნახავთ, რომ თურქეთი თავის ძველ, ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მისი კონკურენტია. არ მგონია ამ სიახლოვეს დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოს მომავალზე“, - ამბობს ლუკ კოფი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG