ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ არ ითხოვს ობამა სირიის ლიდერის გადადგომას?


რატომ არ ითხოვს ობამა სირიის ლიდერის გადადგომას?
რატომ არ ითხოვს ობამა სირიის ლიდერის გადადგომას?

სირიაში ძალადობის ესკალაციასთან ერთად, არაერთი ამერიკელი კანონმდებელი კითხულობს, თუ რატომ არ ითხოვს პრეზიდენტი ობამა სირიის ლიდერის ბაშარ ალ ასადის გადადგომას ისევე როგორც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ეს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მომხდარი მოვლენების შემდეგ გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში, დამოუკიდებელმა სენატორმა ჯო ლიბერმანმა ორპარტიული რეზოლუცია წამოაყენა, სადაც ავტორები პრეზიდენტ ობამას სირიის ლიდერის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

ლიბერმანი: „ჩემი აზრით, ბაშარ ალ ასადი მკვლელია, ტოტალიტარული ლიდერი, რომელიც კადაფის მსგავსი მოდელის გატარებას ცდილობს და ასე უნდა თავი გაიტანოს.“

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც რეზოლუციის ერთერთი თანაავტორია, ამბობს, რომ მას, რეზოლუციის მეშვეობით სამი რამის მიღწევა სურს: „ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის უფლებას უკეთესი მომავლის ასაშენებლად. მეორე, ამერიკა გმობს სირიის მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს და მესამე, ბაშარ ალ ასადი აღარ უნდა იქნას განხილული როგორც სირიის ლეგიტიური მმართველი. მისი მამის მსგავსად, იგი დამნაშავეა.“

ამერიკის სახელმიწფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაცია მაქსიმუმს აკეთებს.“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქამდე თანმიმდევრულად ვმოქმედებდით და მკაფიოდ ვგმობდით სირიის მთავრობის მიერ ჩადენილ ძალადობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. დღესდღეობით, ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის დიდია შეშფოთება, თუ რა ხდება სირიაში და ჩვენ ვაფასებთ გზებს თუ რა ოპტიმალური მეთოდებით შეგვიძლია სიტუაციასთან გამკლავება.“

მაგრამ კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ მანზულიო ამბობს, რომ სირიაში ანტი სამთავრობო დემონსტრაციების დაწყების დღიდან ხუთასზე მეტი ადამიანია მოკლული, ორი თვის თავზე კი ამერიკა საკმაოდ რბილად ექცევა სირიის ლიდერს: „რატომ არ ითხოვს ამერიკის მთავრობა რომ ასადი გადადგეს?“

ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტი ხალედ ელგინდი ამბობს, რომ სირიაში შექმნილი სიტუაცია იმდენად რთულია, რომ მას ადვილი გამოსავალი არ აქვს: „ჩემი აზრით საერთაშორისო თანამეგობრობა ჩიხშია მოქცეული. ეს საზოგადოება ერთის მხრივ ბრმაა, მან არ იცის თუ რა უნდა ქნას. არც ლიბიის სცენარის განვითარება სურს სირიაში და არს ლიბიის სიტუაციაზე გაკეთებული რეაქციის გამოწვევა. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს ნება პირდაპირ ჩაერთოს სირიაში მიმდინარე მოვლენებში.“ ალიგინდი მიანიშნებს ერთგვარი ირონიის არსებობაზეც: „მუბარაკი ამერიკასთან ძალიან დაახლოებული იყო, თუმცა ახლა ზოგს მიაჩნია, რომ იგი სწორედ ამერიკის ზეწოლის შედეგად გადადგა. ახლა სირია, რომელიც არ არის ამერიკის ახლო მოკავშირე, არამედ პირიქით ძალიან რთული ორმხრივი ურთიერთობები არსებობდა ამ ორ ქვეყანას შორს. და მაინც, ვაშინგტონი ცდილობს დამასკოსთან ფრთხილად და თავშეკავებით იმოქმედოს.“

მიუხედავად ამისა, ამეირკის საგარეო ურთიერთობების საბჭოს მკვლევარი ელიოტ აბრამსი თვლის, რომ ძალიან უცნაურია, როცა ამერიკა მოკავშირეს გადადგომას თხოვს, და ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას არამეგობრული სახელმწიფოს ლიდერიდან არ მოითხოვს: „ასადი დასავლეთში რეფორმატორის იმიჯს ავითარებს, მათ შორის იმ ამერიკელებს შორისაც, ვინც დამასკოში მოგზაურობს და ასადის ცოლით არის მოხიბლული. ფაქტი კი ჯიუტია-სირიაში ათ წელზე მეტია ტერორი ბატონობს.“

ხალედ ელგინდი დარწმუნებულია, რომ დამასკოში რეჟიმის ცვლილება რეგიონში რადიკალურად შეცვლის სიტუაციას სირიის ჩართულობისა და მისი როლის გამო ლიბანში, ისევე როგორც არაბ-ისრაელის კონფლიქტში და ბოლოს მისი მნიშვნელოვანი პოზიციის გამო ერაყის საზღვართან.

XS
SM
MD
LG