ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: უპირატესობას დიპლომატიას ვანიჭებ


9 სექტემბერს, ამერიკელმა ლიდერმა ექვს ამერიკულ ნაციონალურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში სირიის თემაზე ისაუბრა

აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ სამხედრო დარტყმასთან შედარებით დიდწილად უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიურ გზებს, რათა სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის ხელახლა გამოყენება არ დაუშვას.

ორშაბათს, 9 სექტემბერს, პრეზიდენტმა ექვს ნაციონალურ ტელეარხთან ჩაწერა ინტერვიუ, რათა სირიის ლიდერის დასასჯელად საკუთარი ხედვა დაესაბუთებინა. ტელეკომპანია პი-ბი-ესთან საუბრისას ობამამ თქვა, რომ რუსეთის წინადადება-ამერიკის სამხედრო იერიშის თავიდან ასაცილებლად სირიის ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცეს-შესაძლოა ამ სიტუაციაში გარღვევა აღმოჩნდეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანს დაავალა რუსეთთან ამ წინადადების დეტალების განხილვა.

ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას დაუგეგმავი საუბარი ამ საკითხზე ჰქონდა რუსეთის პრეიზდენტ პუტინთან, როცა ლიდერები ცოტა ხნის წინ ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ.

ობამამ თქვა, რომ იგი უპირატესობას დიპლომატიურ გზებს ანიჭებს სირიის კრიზისის მოსაგვარებლად.

თავის მხრივ, სირია მიესალმა ქიმიური იარაღის არსენალის გაუვნებლობის იდეას, რათა თავიდან აიცილოს ამერიკის სამხედრო იერიში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ეს წინადადება ასევე მოიწონა.

ამასთან, ორშაბათის ინტერვიუების დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სამხედრო იერიშის რეალურმა საფრთხემ ასადის ხელისუფლება აიძულა ქიმიური არსენალის ჩაბარების გადაწყვეტილებაზე წასულიყო.

ობამამ აღიარა ის ფაქტიც, რომ ამერიკელთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას. თუმცა თქვა, რომ ამერიკის გრძელვადიან ინტერესებში შედის ქიმიური იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესება.


XS
SM
MD
LG