ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ცოცხალი კოშმარი" სირიაში 


ვითარება სირიაში "ცოცხალ კოშმარად რჩება"-ეს არის სიტყვები, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სირიაში არსებული ვითარების აღწერისთვის გამოიყენა. ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყანა და ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია.

"ასობით ათასი სირიელი დაიღუპა, მილიონობით ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია. უამრავი ადამიანი უკანონო პატიმრობაში რჩება, რა დროსაც მათი წამება ხდება. ადამიანთა დიდი ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში უჩინარდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი გაურკვევლობაში წლებია ცხოვრობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიო უყურებს, თუ როგორ მიდის სირია განადგურებისკენ და სისხლისღვრისკენ,"- ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.


გაეროს გენერალური მდივანი სირიაზე საუბრის დროს, მის ხელთ არსებულ მონაცემებსაც აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, ქვეყნიდან მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში 5 მილიონი სირიელი გაიქცა, საერთო ჯამში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი 6.7 მილიონს აღემატება. გუტერეში აქვე აღნიშნავს, რომ სირიაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილობს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი გაეროში ხელს უშლის ყველა იმ სანქციასა და ქმედებას, რომელიც სირიაში ვითარების გაუმჯობესებას დაეხმარება. გუტერეში ამბობს, რომ რუსეთმა მინიჭებული ვეტოს უფლება 10-ზე მეტჯერ გამოიყენა. გუტერეში ამბობს, რომ რუსეთმა ვეტო დაადო იმ ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებდა.


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აქვე ამბობს "ის, რომ დღეს ასადი ხელისუფლებაში რჩება რუსეთის ქმედებების შედეგია. მოსკოვი მხარს უჭერს მის მთავრობას 2015 წლიდან"

ბოლოს ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დასრულდეს და სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს. მას მიაჩნია, რომ საერთო ენის გამონახვა ქვეყანას სჭირდება, რათა გამოვიდეს მუდმივი კონფლიქტური ვითარებიდან.

"ამის შეუსრულებლობა გამოიწვევს სირიელი ხალხის უფრო დიდ სასოწარკვეთას. ამის დაშვება კი ჩვენ არ შეგვიძლია,"- ამბობს გუტერეში.

ყველაფერი 2011 წლის მარტში, ქალაქ რედააში დაიწყო. „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებულმა ახალგაზრდებმა კედლებზე ანტისამთავრობო გზავნილები დატოვეს. ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა დააკავა და აწამა.


2011 წელს საპროტესტო გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვდნენ. სირიის უსაფრთხოების ძალებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ათობით დემონსტრანტი. მალევე სამთავრობო არმიიდან გამოყოფილმა სამხედროებმა სირიის თავისუფალი არმია შექმნეს. კონფლიქტში ჩაერთო არაერთი ეთნიკური და რელიგიური დაჯგუფება, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. 2013 წლიდან დღემდე სირიაში რამდენჯერმე გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რასაც ასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლნენ. ომი უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება ქვეყანას კი უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG