ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიაში საელჩო გახსნა


სირიაში გაიხსნა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, ეგრეთწოდებული, "საელჩო". ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ გვამცნობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ თანახმად, საზეიმო ღონისძიებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის „ელჩმა“ სირიაში ბაგრატ ხუტაბამ აფხაზეთისა და სირიის თანამშრომლობის მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა.

მისასალმებელ გამოსვლაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დაურ კოვემ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა სირიის არაბთა რესპუბლიკისთვის წარმოადგენს ხიდს, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს ხსნის“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, სირიაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს, რითიც კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

"დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

საელჩოს გახსნას გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტიც. „სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. აფხაზი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG