ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ ვერ მოიპოვა რეგიონალური მხარდაჭერა


არაბული ლიგა დაჟინებით მოითხოვს საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას

გასულ კვირას დამასკოსთან მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ ბევრი შეაძრწუნა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ შეერთებული შტატების შეასაძლო საპასუხო ნაბიჯი, მარტო გადადგმული იქნება თუ პარტნიორებთან ერთად, ყველა დანარჩენსაც მსგავს საგონებელში აგდებს.

პოლიტოლოგი ჯოელ რუბინი ფონდიდან “პლაუშეარ” ამბობს, ვაშინგტონმა შეიძლება დაიცადოს, ნებისმიერი სამხედრო ხასიათის ქმედებისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის მოპოვებამდე.

„შესაძლოა ადმინისტრაციას უნდოდეს მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, შესაძლოა უნდოდეს მოიპოვოს გარკვეული დონის დასტური ამ ქმედებისთვის, რათა მიიღოს ლეგიტიმაცია საერთაშორისო ორგანიზაციისგან. ასი პროცენტით ნათელი არაა, ისინი ასე გააკეთებენ თუ არა.“

შეერთებულმა შტატებმა ვერ მოიპოვა რეგიონალური მხარდაჭერა. არაბული ლიგა, რომელმაც ორი წლის წინ თანხმობა განაცხადა ლიბიაში დასავლეთის სამხედრო ინტერვენციაზე, ახლა დაჟინებით მოითხოვს საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას.

სირიის საკითხების ანალიტიკოსი თორბიორნ სოლტველდტი, ორგანიზაციიდან „მეიფლქროფთ რისკების შეფასება“, გაესაუბრა ამერიკის ხმას სკაიპის მეშვეობით.

„აშკარაა რომ არაბული ლიგის ბევრი წევრი ამ დარტყმებს არაოფიციალურად მხარს უჭერს, მაგრამ საშინაო აუდიტორიისთვის გზავნილს რაც შეეხება, ამერიკული დარტყმები და დასავლური სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ძალზედ საკამათოა და უკმაყოფილების და არასტაბილურობის პოტენციურ წყაროს წარმოადგენს.

ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა უკვე განიცდის პოლიტიკურ მღელვარებას, ღრმად ფესვგადგმული ანტიამერიკული განწყობის თანხლებით. შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა დარტყმამ, სანამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინსპექტორები დაადგენენ, თუ ვინ განახორციელა ქიმიური იერიში, შეიძლება გამოიწვიოს მეტი ანტიამერიკული განწყობა.

ამასთან ერთად, ზოგიერთი მტკიცებულება, რის ციტირებასაც ახდენენ სირიის მთავრობის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მომდინარეობს ისრაელიდან და ეს უფრო აღვივებს ეჭვს იმ რეგიონში, სადაც ამერიკის მოკავშირის მიმართ ღრმა უნდობლობა არსებობს. ამას ემატება უახლესი ისტორიაც. მუსტაფა ლაბადი არის ქაიროში მდებარე „ალ შარქის რეგიონალურ და სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის“ დირექტორი.

„შეერთებულ შტატებში თქვენ პრობლემა გაქვთ პოლიტიკური დამაჯერებლობის საკითხში, როცა საქმე არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობას ეხება. ერაყს დაბრალდა მასობრივი განადგურების იარაღის ქონა, იქ შეჭრის შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს ტყუილი იყო.“

ის ამბობს, რომ მთელ რეგიონში ხალხი ქუჩებში უნდა გამოვიდეს როცა ისინი ხედავენ თვალთმაქცობას.

„არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სირიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ბაშარ ალ-ასადი დიქტატორია? დიახ ის არის. მაგრამ შეერთებული შტატების სხვა მოკავშირეებიც ასევე დიქტატორები არიან.“

ლაბადი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ სამხედრო დარტყმის გეგმაში ერთი დადებითი ისაა, რომ როგორც სჩანს, ის მიზნად არ ისახავს ბატონი ასადის დამხობას. მისი თქმით, ამის ალტერნატივა, რაც ისედაც არასტაბილურ რეგიონში ბევრს შიშს ჰგვრის, იქნებოდა ანარქია ან ჯიჰადისტების მოსვლა ხელისუფლებაში და ასევე უფრო მეტი სირიელი ლტოლვილი.
XS
SM
MD
LG