ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტუდენტები პოლიციელების წინააღმდეგ


დემონსტრაცია თბილისში, 1 მაისი, 2013-როიტერი

ქართულმა პოლიციამ სტუდენტების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია, რაც მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, ძალის გამოყენებით დაშალა. დააკავეს ორი ათეული აქციის მონაწილე, დაპატიმრებულებს შორის აღმოჩნდნენ ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტი ეკა ჭითანავა და ტელეკომოპანია მეცხე არხის ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ, აცხადებენ, რომ პოლიციამ სტუდენტების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, პოლიციამ გუშინ საკმარისზე მეტი მოითმინა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ერთის მხრივ, სტუდენტების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაიზარდა არაორგანიზებულ, ქაოტურ მანიფესტაციად. მე მინდა ვთქვა, რომ მე და ზოგადად ჩვენი ხელისუფლება მიესალმება სტუდენტების აქტიურობას. ზოგადად მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. მაგრამ, ამავდროულად, მათი ვალდებულებაა მანიფესტაციის დროს თუ სხვა, დაიცვან და არ დაარღვიონ კანონი. პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მათ დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტუდენტების აქციის დაშლის თაობაზე დღეს განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზატორებს პირადად ძალიან კარგად იცნობს. მისი თქმით: „თვითონ ლაბორატორიის წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობ და პატივს ვცემ, თუმცა როდესაც არის აგრესია, პოლიციას აქვს თავისი ვალდებულება შესასრულებელი. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ პოლიცია განახორციელებს იმ ვალდებულებას, რისთვისაც ჩვენ მათ ფულს ვუხდით.“

აქციის მონაწილეები, ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918-ის“ მონაწილეები გუშინ საღამოსვე გაათავისუფლეს. ისინი ამბობენ, რომ მათი დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რადგან მშვიდობიან აქციას ატარებდნენ. სტუდენტები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ რუსთაველზე მათ მიმართ ძალადობას სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები ახორციელებდნენ. „დაგვიჭირეს, პოლიციამ დაიწყო ახალგაზრდების ხელის კვრა, გინება შეურაცხყოფა, გვეუბნებოდნენ, გადადით სავალ ნაწილზე. ბუნებრივია ჩვენ მათ არ დავემორჩილეთ, რადგან ჩვენი, მანიფესტანტების კანონიერი უფლება იყო გზის რაღაც ნაწილის გადაკეტვა. მათ კიდევ დაიწყეს ცემა. ასევე იყო პატრული, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გადაცმული, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, სახეში ურტყამდნენ. პირადად მე ვნახე, რომ მე სადაც დამიჭირეს და შემაგდეს მანქანაში, ჩასვეს ასევე მეცხრე არხის ჟურნალსიტი ზვიად ხუჯაძე, რომელსაც სანამ მოიყვანდნენ, წაართვეს მიკროფონი და შემდეგ, როდესაც ის ცდილობდა დაკავშირებოდა ტელეფონით ახლობლებს, თავში ჩაატრყეს რამდენჯერმე ხელი.“

„თუკი შსს-ში დარღვევად თვლიან, რომ ჩვენ ვითხოვდით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დაცვას, ვითხოვდით თავისუფლებას, თანასწორობას, სოლიდარობას და მათ დაცვას, მაშინ მე მათ ვერ დავეთანხმები, რადგან ზუსტად ეს ინსტიტუტი, პოლიციის ინსტიტუტი მაგათ დასაცავად იყო მობილიზებული დღეს. პოლიციის ინსტიტუტი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა ხელისუფლებაში, სისტემას ემსახურება. ემსახურება იმ კაპიტალისტებს, რომლებიც ჯიბეებს და მუცელს იხორავენ და ამ დროს, პარალელურ რეჟიმში რა ხდება? გვყავს უამრავი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ადამიანი. მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ ფაქტზე“,- ამბობენ სტუდენტები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი რუსთაველის გამზირზე სტუდენტური აქციის დაშლის ფაქტში კანონდარღვევის ნიშნებს ვერ ხედავს. იგი ამბობს, რომ პოლიციელებს არავინ დაუსახიჩრებიათ. „უზარმაზარი პროგრესია შვიდი თვის განმავლობაში პოლიციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები იგივე ადამიანები არიან, ვინც მანამდე მუშაობდა და აქ ყველაზე კარგად ჩანს პოლიტიკური ნება. როდესაც არ უნდა სცემო, არ უნდა დაასახიჩრო, კულტურულად უნდა მოკიდო ხელი. ამასობაში ჩვენ ვნახეთ განცხადება, რომ არავის დაკავება არ მოხდება,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე ჩვენთან საუბრისას, აქციის დაშლის ამსახველი ვიდეო კადრებიდან გამომდინარე აცხადებს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა სტუდენტების მიმართ არაადექვატური იყო.

„ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. სტუდენტების მხრიდან რა ხდებოდა, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა რაც არ უნდა მომდარიყო, პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებები აშკარად არაპროპორციული იყო და წარმოადგენდა ძალის გადამეტებას, რადგან, იმ მომენტში ამგვარი საჭიროება არ არსებობდა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაირღვა. რუსთვალის გამზირზე პოლიციამ გამოიყენა ძალა. ოფიცილური მიზეზი ისაა, რომ პოლიცია ერთის მხრივ, ცდილობდა გზის განთავისუფლებას, მეორეს მხრივ კი დაკავებას იმ ადამიანებისა, ვინც, მათი თქმით, პოლიციის მანქანები დააზიანა. მაგრამ ეს ასეც რომ ყოფილიყო, პოლიციას შეეძლო მსუბუქი ძალის გამოყენებით სტუდენტების გადაყვანა ავტომობილების სავალი ნაწილიდან. ეს ერთი და მეორე: კადრებიდან ჩანს, რომ ადამიანებს, ჟურნალისტებს, ისინი აკავებენ იმ დროს, როდესაც ისინი არავითარ საფრთხეს არ ქმნიან საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არაპროპორციულია. ამას ემატება ისიც, რომ დააკავეს ორ ათეულზე მეტი ადამიანი, ესეც არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს. პოლიციამ უნდა შეაფასოს ამგვარ შემთხვევებში, რა უფრო მნიშვნელოვანია: გზის გათავისუფლება, თუ მანიფესტაციის უფლების რეალიზება. შეფასება პოლიციამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გააკეთოს. რომც ყოფილიყო გზის გასუფთავების საჭიროება, ძალა, რა ძალითაც ეს პოლიციამ გააკეთა, არაპროპორციულად მიგვაჩნია,“- აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ინტერნეტგამოცემა „ნეთგაზეთი“აქვეყნებს ინტერივუებს აქციის მონაწილეებთან, სადაც ისინი აცხადებენ, რომ პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც საპატრულო მანქანებში ჩასვეს, აგრეთვე პოლიციის განყოფილებაში, მანამ, სანამ იქ ხელმძღვანელი პირი მივიდოდა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG