ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ძალების გაყვანის მტკიცებულება არ არსებობს - ნატო


იენს სტოლტენბერგი - ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ძალების გაყვანის მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა "უკრაინაში გაფრთხილების გარეშე, სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს".

რუსეთმა ჯერ სამშაბათს და შემდეგ ოთხშაბათს თქვა, რომ სამხედრო წვრთნების ნაწილი დასრულდა, მათ შორის ყირიმში და საჯარისო ქვედანაყოფების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება. კრემლმა ამ განცხადების დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ნატოს თავდაცვის მინისტრების ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს სტოლტენბერგმა განუმარტა, რომ რუსული ძალების აღნიშნული გადაადგილება არ ადასტურებს იმას, რომ მათ ძალები უკან დახიეს. აქამდეც ყოფილა შემთხვევები, როცა რუსეთს ჯარები კონკრეტული ტერიტორიიდან გაუყვანია, მაგრამ სამხედრო აღჭურვილობა ადგილზე დაუტოვებია, რათა ჯარები უკან იოლად დაებრუნებინა.

პირიქით, სტოლტენბერგის თქმით, ჯარების გაყვანის ნაცვლად, ნატო რუსული ძალების ზრდის გაგრძელების მოწმეა. თუმცა, ამის მიუხედავად, ალიანსი მზად არის მოსკოვთან დიალოგისთვის, თუკი კრემლი "კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს".

დღესვე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებას ემხრობა. ის დადებითად არის განწყობილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დიალოგში ჩართვისადმი მზაობის მიმართ.

ერთი დღით ადრე, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობა ჯერ მაინც მაღალია. მან რუს კოლეგას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აეცილებინა მკაცრი შედეგები, რასაც დაპირისპირება მოიტანს. "მეორე მსოფლიო ომი საჭიროებამ განაპირობა" - თქვა ბაიდენმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე. "მაგრამ, თუ რუსეთი უკრაინას შეუტევს, ეს იქნება არჩევანით განპირობებული ომი, უსაფუძვლო და უმიზეზო ომი".

ბაიდენის თქმით, ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკაფიო და თანმიმდევრულია. იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, შეერთებული შტატები მზად არის "ყველაფრისთვის რაც არ უნდა მოხდეს". პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათსაც გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ ამუშავდება. მან იქვე გაუსვა ხაზი იმასაც, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა, ნატო და უკრაინა რუსეთს და რუს ხალხს არ ემუქრება.

კრემლი უკრაინაში შეჭრის გეგმებს რამდენიმე თვეა უარყოფს, მაგრამ პარალელურად უკრაინის გარშემო, სამი მხრიდან ჯარის ნაწილების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას აგრძელებს. მოსკოვს ამ ეტაპზე უკრაინის საზღვრებთან 130 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული და გაგზავნილი ჰყავს დიდძალი სამხედრო ტექნიკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG