ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახ. დეპარტამენტი მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს


თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ კომენტარი გააკეთა.

წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები.“

14 ნოემბერს, საქართველოში ამერიკის საელჩომ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დიპლომატიურმა მისიამ მაშინ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო დადებითად აფასებდა მმართველი პარტიის დაპირებას, რომ 2020 წელს, ქვეყანა სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. ამ ნაბიჯს შეერთებული შტატები აფასებდა, როგორც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გასაძლიერებლად.

კანონის ცვლილების ჩავარდნასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩომ მაშინ განაცხადა: „ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად წინსვლა გაგრძელდეს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG