ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო: "გულდასაწყვეტია, რაც მოხდა"


საქართველოს პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო. 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან, კენჭისყრის პარალელურად, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა. მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ ამ წუთებშიც სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს, 7 საათზე იწყება. ამავე დროს, საპარლამენტო უმრავლესობის 7-მა დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ და სხვებმა მანდატები დატოვეს.

ჩავარდნილი კენჭისყრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც საქრთველოში: "ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის.

ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად", - ვკითხულობთ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG