ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახარია პრემიერად წარადგინეს - სექტემბერი საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო


„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა" - ამ სიტყვებით დღეს, 3 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია - წარადგინა. ერთი დღით ადრე, პოსტი დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ივანიშვილის თქმით, მათ შემდეგ უმრავლესობასთან მოითათბირეს და ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით, იქ კითხვები არ გაჩენილა. "თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნეს-ომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარალელურად, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ორ თვეზე მეტია ითხოვენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, უწყვეტ საპროტესტო აქციაზე. დემონსტრანტები მინისტრს ძალის გადამეტებაში და უკანონო რეზინის ტყვიების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქცია თავიდან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაიწყო. 20 და 21 ივნისს დემონსტრაცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს, რის გამოც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა.

მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ სხვა დანარჩენ ცვლილებებზეც გააკეთა. როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდება, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

დღესვე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია. დღის წესრიგში ერთ-ერთი პირველია ახალი პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს დღესვე წარედგინა. მთავრობის ახალ წევრებს კანონმდებლები პარლამენტში კენჭს 8 სექტემბერს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე უყრიან.

მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილება გამოხატეს ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. მათ ახალი მთავრობის დაკომპლექტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის დარბაზში სასტვენებით გააპროტესტეს.

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს განიხილოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ეს იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც მთავრობამ მალევე დააკმაყოფილა. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, მოხდება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რაც დაახლოებით ერთთვიან პროცედურას გულისხმობს.

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ასევე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ამასთან, დღის წესრიგში ისევ დგას საკითხები, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწრო. მათ შორისაა: გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.

განახლებული მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი ნაწილი, რომელზეც პარლამენტი მსჯელობას 8 სექტემბერს გეგმავს, ასე გამოიყურება: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელებულია მიხეილ ბატიაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - ლევან დავითაშვილი; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე - ნათია თურნავა; იუსტიციის მინისტრის პოსტზე - თეა წულუკიანი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე - ეკატერინე ტიკარაძე; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - მაია ცქიტიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დასახელებულია ქეთევენ ციხელაშვილი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG