ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ ოკუპაცია გრძელდება


ფოტო გადაღებულია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში
ფოტო გადაღებულია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში

25 თებერვალი საბჭოთა უკუპაციის დღეა. გლოვის ნიშნად, დღეს სახელწიფო დროშები დაშვებულია. ის, რაც რუსეთისთვის გამარჯვებაა, საქართველოსთვის ეროვნულ ტრაგედიას წარმოადგენს, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა: „დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა წაგებულ იქნა, საბოლოო ჯამში, ეს ომი, საქართველოს სუვერენიტეტისთვის, მოგებულია. ის რომ ამ შენობის თავზე დღეს საქართველოს დროშა ფრიალებს, ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, ამ ადამიანების დამსახურებაა.“

დამოუკიდებელი საქართველოს ღირსებას 1921 წლის თებერვალში იუნკერები ტაბახმელაზე იარაღით ხელში იცავდნენ. დღეს მათი საფლავები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყვავილებით შეამკო.

გასაბჭოება და კომუნიზმი, რაც 1921 წელმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა, თუმცა რუსული პოლიტიკა და გეოპოლიტიკური მიზნები არ შეცვლილა. საქართველო რუსეთის პირდაპირი ინტერესის სფეროს დღესაც წარმოადგენს და იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული გავლენა გაიზარდოს არც თუ უმნიშვნელო ფულად რესურსს ხარჯავს.

საქართველოს წინაშე არსებული პოტენციური რისკებისა და რეალობის შესახებ "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზეც ისაუბრეს, რომელსაც მოდერატორობას მისივე დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია უწევდა.

რუსული პროპაგანდისა და ჩრდილოვანი ფულის ურთიერთკავშირის შესახებ ფორუმზე თამარ კინწურაშვილმა, "მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა" ისაუბრა:

სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ხშირად, ლეგიტიმაციას უკეთებენ ასეთ პლატფორმებს. მარგინალური მედია არსებობს ყველა საზოგადოებაში. უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს მათი ლეგიტიმაცია, რადგან ასეთი პლატფორმები საშიშია თავად ხელისუფლებისთვის.
თამარ კინწურაშვილი, "მედიის განვითარების ფონდი"

„მაგალითად, თურქოფობია არის ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილი. ეს თავს იჩენს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ მესიჯ–ბოქსის მიხედვით, თუ საქართველო გაწევრიანდა ნატოში, თურქეთი შემოვა საქართველოში და სამცხე–ჯავახეთში ეს გამოწვევს კონფლიქტს ადგილობრივ სომხებსა და თურქებს შორის. ანუ, ესაა აბსოლუტურად გააზრებული საინფორმაციო პროპაგანდა, რომელსაც აქვს თავისი შედეგი: ერთის მხრივ ანტითურქული განწყობების გაღვივება და მხსნელად წარმოჩენა ამ პოლიტიკური ჯგუფისა ["პატრიოტთა ალიანსი"] და მეორეს მხრივ, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პლატფორმაში სიძულვილის ენის ტირაჟირება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ხშირად, ლეგიტიმაციას უკეთებენ ასეთ პლატფორმებს. მარგინალური მედია არსებობს ყველა საზოგადოებაში. უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს მათი ლეგიტიმაცია, რადგან ასეთი პლატფორმები საშიშია თავად ხელისუფლებისთვის. ალბათ, ღირს დაფიქრება ფინანსური გამჭვირვალობის შესახებაც. ჩვენი კანონმდებლობით მხოლოდ მაუწყებლებს აქვთ ვალდებულება ყოველკვარტალურად მოახდინონ შემოსავლების დეკლარირება. თუმცა, ვთვლი, რომ ის პრაქტიკა რომელიც დანერგილია, არასრულყოფილია, რადგან ბევრი პრორუსული მედია–პლატფორმა შემოსავლების გრაფაში უთითებს ნულოვან შემოსავალს მაშინ, როდესაც ჩართავ ტელევიზორს და ნათლად ჩანს, რომ იქ გარკვეული ხარჯი გაწეულია. ეს ნიშნავს, რომ „მეორე ჯიბე“ არსებობს, ესაა ჩრდილოვანი თანხები და ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს შესაბამისმა უწყებებმა.

პოლიტიკურ პროცესსაც თუ გადავავლებთ თვალს, იყო შემთხვევები, როდესაც აუდიტის სამსახურმა ბურჯანაძის პარტიის წინააღმდეგ გარკვეული პრეტენზიები ამ თვალსაზრისით წამოაყენა. მაშინაც იყო ჩრდილოვანი ფული და თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მოხდენენ ადექვატურ რეაგირებას, სხვა დამატებითი რეგულაციების შემოღებით, არამგონია, ჩვენ პრობლემას მოვუაროთ, რადგან შეიძლება ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ და არა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, ვინც სახელმწიფოს რეალურად საფრთხეს უქმნის.“

ლაშა ტუღუში, "ევროპული ინიციატიცა– ლიბერალური აკადემიის" ხელმძღვანელი მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრობს:

როგორ უნდა ჩავერთოთ ამ საინფორმაციო დაპირისპირებაში. ორი გზაა: ერთი აკრძალვების გზა, თითქოს იოლი და მეორე გზა, რომ პროპაგანდას დაუპირისპირდე მართალი ინფორმაციით, ობიექტური ინფორმაციით.
არჩილ ყარაულაშვილი

„კვლევაში გვყავდა რესპონდენტი, რომელიც ამბობს, რომ პროპაგანდისთვის ბევრი ფული არ დაუხარჯავს. „ათასი დოლარი მომცა ვიღაც ბიზნესმენმა, რომელმაც იცოდა, რომ მე პრო–რუსული პროპაგანდისთვის ვაკეთებდი ამას. ვიყიდე მაკარონი და სხვა პროდუქტები, წავედი კახეთის სოფლებში, დავურიგე ადგილობრივებს, რომლებიც შემდეგ გამოვარდნენ მაისურებით, დროშებით და ყვიროდნენ - რუსეთი, რუსეთი, ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეო“. ამდენად, თანხის საკითხიც პირობითია, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რა თანხა იხარჯება, არამედ იმას, რამდენად ეფექტურად იხარჯება. ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ანალიზში წერია, რომ რამდენიმე წელიწადია მედიაზე პირდაპირი გრანტების სახით დასავლეთი ფულს აღარ ხარჯავს. თქვეს, რომ ესაა ბიზნესი და ფული იხარჯება მედიის გარშემო. მე სადაც კი ხმა მიმიწვდება, ვამბობ, რომ თავისუფალ მედიას, ასეთ პროპაგანდის პირობებში, სჭირდება მხარდაჭერა“.

არჩილ ყარაულაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე საინფორმაციო ომის შესახებ ამბობს:

„ჩვენც გვესმის, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს საინფორმაციო, პრაქტიკულად ომი. მაგრამ ამავე დროს, არის სხვადასხვაგვარი მიდგომები იმის შესახებ. როგორ უნდა ჩავერთოთ ამ საინფორმაციო დაპირისპირებაში. ორი გზაა: ერთი აკრძალვების გზა, თითქოს იოლი და მეორე გზა, რომ პროპაგანდას დაუპირისპირდე მართალი ინფორმაციით, ობიექტური ინფორმაციით. თუ რეალური მოგება გინდა, მე ვფიქრობ მეორე გზა, მართლია უფრო რთულია, მაგრამ ამავე დროს, უფრო ძლიერია. შენ თუ მართალი ხარ და გაქვს რეალური არგუმენტები, უნდა შეძლო და ის ტყუილი დაამარცხო.“

მართალია, საქართველოსთვის საბჭოთა ოკუპაცია წარსულის თემაა, მაგრამ ოკუპაცია, კვლავ რუსეთის, მხოლოდ ამჯერად სუვერენული რუსეთის მიერ, საქართველოსთვის მიმდინარე და ცხელ თემას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG